GE

ორდიპლომიანთა საქართველო – დასაქმების ახალი გზების ძიება, ცოდნის გაღრმავების სურვილი თუ „დიპლომების შემგროვებლობა“

ბოლო დროს უნივერსიტეტში მეორედ ჩაბარება და ძველის პარალელურად ახალი პროფესიის დაუფლება ერთგვარ ტენდენციად იქცა, რომელსაც რიგ შემთხვევებში საზოგადოების  ნაწილი კუდაბზიკობად და „დიპლომების შემგროვებლობად“ აღიქვამს, მეორე ნაწილი კი ამაში სახელმწიფოს ადანაშაულებს და არჩეული გზიდან გადახვევის მიზეზს სამუშაო ადგილების სიმწირეს მიაწერს. ხშირად კი,  იმისათვის, რომ პროფესიით დასაქმდე, საკმარისი არც მეორე უმაღლესის დამთავრებაა. ფრაზა „ორდიპლომიანი ტაქსისტი“ ყველასთვის ნაცნობი და არც თუ ისე სასიამოვნო განწყობის მომგვრელია, მაგრამ სამწუხარო ფაქტია, რომ ორ უმაღლესდამთავრებულთა ნაწილისთვის, ოჯახის რჩენის საუკეთესო საშუალება სწორედ ესაა.

აუდიო-ვიზუალური ხელოვნების დოქტორის გიორგი უღრელიძის აზრით, რომელსაც ასევე ორი განსხვავებული პროფესია აქვს, საქართველო ჯერ კიდევ არ გათავისუფლებულა საბჭოური მენტალიტეტისგან და კვლავ იგრძნობა შიში სიახლეების მიმართ, რაც ვლინდება იმაში, რომ ახალი კადრების მიღებას დამსაქმებელთა დიდი ნაწილი გაურბის. სწორედ ასე ხსნის ის უმაღლესდამთავრებულთა უმუშევრობის პრობლემას და აღნიშნავს, რომ დღეს დასაქმებისთვის უნივერსიტეტის დიპლომები გადამწყვეტი არ არის.

„სწრაფად პროგრესირებადი საუკუნე გვკარნახობს, ვიმოქმედოთ დროისა და გამოწვევების შესაბამისად. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც დემოკრატიის განვითარების ხარისხი, ევროპულთან შედარებით, არასახარბიელოა.

„მოქალაქემ შეიძლება, მოინდომოს და განათლება მიიღოს, მაგრამ შესაბამისი სამსახური ვერ იპოვოს. ამის ერთ-ერთ მიზეზად ქართულ საზოგადოებაზე ასახული მძიმე საბჭოთა მენტალური მემკვიდრეობა ჩავთვალოთ. მისი დიდი ნაწილი სიახლეებისთვის ღია არ არის და ახალი სახეების გამოჩენას ერთგვარი შიშით ხვდება. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, დასაქმების დროს, მხოლოდ უნივერსიტეტის დიპლომი განმსაზღვრელი არ არის.

„ვფიქრობ, დემოკრატიის განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ მკვიდრდება საქართველოში დემოკრატია და კონკურენტული გარემოს შექმნის პირობებში დასაქმებისას განათლება და პროფესიული მიღწევები იქნება გადამწყვეტი”, – ამბობს გიორგი უღრელიძე,

EDU.ARIS. GE-ს კითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა ახალი პროფესიის შესწავლა და რაში დაეხმარა ის, გიორგი პასუხობს, რომ მიზანი სხვადასხვა სფეროში ცოდნის დაგროვება იყო და არა პროფესიის შეცვალა. მისივე თქმით, უნივერსიტეტებმა იმედები გაუმართლა:

„დავამთავრე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი ტელერეჟისურის სპეციალობით (წარჩინებით) და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიკოსის, ისტორიის მასწავლებლის სპეციალობით (წარჩინებით). დოქტურანტურაში თბილისში ვსწავლობდი და სადოქტორო დისერტაცია ტელევიზიისა და კინემატოგრაფის საკითხებზე თეატრის და კინოს უნივერსიტეტში დავიცავი. ჩემი მიზანი, ცოდნის გამდიდრება იყო და არა კონკრეტულად ერთი პროფესიის მეორეთი ჩანაცვლება. უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული განათლება საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში დამეხმარა, ზოგადი ცოდნა გამიღრმავა და უნარები განმივითარა“, – აღნიშნავს უღრელიძე.

მისგან განსხვავებით, ნიკა ტყეშელაშვილი ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლის დროს მიხვდა, რომ რეალურად სულ სხვა რამ აინტერესებდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, კვლავ სტუდენტი გამხდარიყო და ამჯერად კიროვის უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ბატონი ნიკა ორი უმაღლესის დამთავრების მიუხედავად მე-18 წელია ოჯახს „ტაქსისტობით“ არჩენს:

„სკოლის დამთავრების შემდეგ მშობლების სურვილით ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და წარმატებით დავამთავრე კიდეც, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდი, რომ კაბინეტური სამუშაო არ მომწონდა და დროის ბუნებაში გატარება მერჩია. გადავწყვიტე, ჩემი ჰობი პროფესიად მექცია და 1987 წელს კიროვის ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიოლოგიის ერთ-ერთ განხრაზე – მონადირეთმცოდნეობაზე ჩავაბარე. განათლება მივიღე და პროფესიითაც დავსაქმდი, მაგრამ  საბჭოთა კავშირის დაშლის და არეულობის დაწყების შემდეგ, შემოსავლის ახალი წყაროს ძიება მომიწია. 18 წელია ტაქსის მძღოლად ვმუშაობ, კომპანიის მენეჯერიც, ბუღალტერიც  და დირექტორიც თვითონ ვარ“, – ამბობს ნიკა ტყეშელაშვილი.

არჩეული პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა “ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის” დირექტორმა გიორგი ბენაშვილმაც და ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ სწავლა სხვა მიმართულებით განაგრძო. მიიჩნევს, რომ პროფესიის შეცვლა რთული სულაც არაა, პირიქით,  შესაძლოა სხვადასხვა სფეროში მიღებული ცოდნა ერთმანეთს დაუკავშირდეს:

„პროფესიის შეცვლა რთული არ არის და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, უნივერსიტეტში სხვადასხვა პროფილით ბევრი ადამიანი აბარებს. ბაკალარიატის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ მქონდა ინტერესები, რომელიც სხვა სფეროსაც ეხებოდა, ამიტომ გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა არა პოლიტიკის და მეცნიერებების, არამედ ეკონომიკის მიმართულებით. თუმცა მაგისტრატურაზე სწავლისას  სხვა სპეციალობაში მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარა. შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა სფეროში მიღებული ცოდნა ერთმანეთს კარგად დავუკავშირე. ვთვლი, რომ რაც უფრო მეტი მიმართულებით აქვს ადამიანს ცოდნა, მეტად კონკურენტუნარიანია თანამედროვე შრომის ბაზარზე. მით უფრო, თუ პრეტენზია დასავლურ სამყაროსთან დაახლოებაზე გვაქვს“, – ამბობს ბენაშვილი.

მისივე თქმით, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა დიდი ნაწილი „დიპლომების შემგროვებელია“. მისი თქმით, ეს ის ხალხია, რომლებიც გადაწყვეტილებას სწავლის გაგრძელების შესახებ გაუაზრებლად იღებენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც სპეციალობის დაუფლების დიდი სურვილი აქვთ. ბენაშვილის აზრით, ამ შემთხვევაში ყოველგვარი ირონია  და საკითხის იუმორით განხილვა უადგილოა:

„თუკი დიპლომების აღება რაიმე შეჯიბრში მონაწილეობასთან არ არის დაკავშირებული, ორდიპლომიანობა ირონიის საგანი არ უნდა გახდეს. მართალია, ბევრი მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე გაუაზრებლად, მხოლოდ დიპლომისთვის აბარებს, მაგრამ თუ ადამიანს რომელიმე სფერო და სპეციალობა აინტერესებს, რატომ არ უნდა ჩააბაროს მეორედ? თუმცა, ვფიქრობ ეს ყველაფერი რაციონალურად და გონივრულად უნდა იყოს განსჯილი და რაც მთავარია, შრომის ბაზართან დაკავშირებული“,- ამბობს ბენაშვილი.

სხვადასვა სფეროში განათლების მიღების საწინააღმდეგო არც გამოცდების ეროვნულ ცენტრს აქვს, მაგრამ EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ერთი და იგივე პიროვნებაზე გრანტს ორჯერ არ გასცემს:

„ყველას აქვს უფლება უმაღლესი განათლება სხვადასხვა მიმართულებით რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ მიიღოს და ზოგადი ცოდნა გაიღრმავოს, მაგრამ სტუდენტს საგრანტო კონკურსში მონაწილებობის უფლება მხოლოდ ერთხელ აქვს, ეს ეხება ე.წ. უფასო ფაკულტეტებსაც. კანონით, აკრძალული არც ორ უნივერსიტეტში პარალელურად სწავლა არაა, თუმცა რეალურად თითქმის შეუძლებელია, რადგან სტუდენტმა გარკვეული რაოდენობის კრედიტები უნდა დააგროვოს, რაც ერთდროულად ორ ადგილზე სწავლის დროს არც თუ ისე მარტივია“,- აღნიშნავს მიმინოშვილი.

ამავე თემაზე:

რა არის მაგისტრატურა საქართველოში

„პოსტსაბჭოური რეალობა“- ქართული განათლების სისტემა ევროპული სტანდარტების ჭრილში

საქართველოს უნივერსიტეტებში მაღალკვალიფიციური პროფესორების დეფიციტია

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური