GE

ორიგინალური სააღდგომო გაკვეთილის მოდელი – 5 შემეცნებითი აქტივობა მასწავლებლებისთვის

დასვენებების მოახლოებისთანავე მოსწავლეებს გაკვეთილზე კონცენტრირება უჭირთ და ერთი სული აქვთ, როდის დაეწყებათ არდადეგები. ასეთ დროს, დიდ წილად მასწავლებელზეა დამოკიდებული მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართვა და ფიქრებით კლასში დაბრუნება. პედაგოგებს წინა სააღდგომოდ რამდენიმე აქტივობის ჩატარებას ვთავაზობთ, რომელიც მოსწავლეებში ამ ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ ცოდნას გაზრდის და გაკვეთილის საინტერესოდ ჩატარებაში დაეხმარებათ:

სააღდგომო ვიქტორინა

მოამზადეთ აღდგომასთან დაკავშირებული შეკითხვები. კლასი დაყავით ჯგუფებად და მოაწყვეთ ვიქტორინა.

სააღდგომო სიტყვები

ფურცელზე დაწერეთ დღესასწაულთან დაკავშირებული სიტყვები (გოლგოთა, გვირგვინი, პილატე…) და მოათავსეთ  პლასტმასის კვერცხებში. დამალეთ ისინი საკლასო ოთახში და დასვენებაზე მოსწავლეებს მათი პოვნა დაავალეთ, ოღონდ კვერცხი არ გახსნან მანამ, სანამ გაკვეთილი არ დაიწყება. შემდეგ თითოეული გამოიძახეთ, სთხოვეთ, გაჩვენონ მათი ფურცელი, რომელიც კვერცხში „ამოუვიდათ“ და გიამბონ ამ სიტყვასთან დაკავშირებული ისტორია. უმჯობესია, თუ ამ თამაშს წინა დღეს გააცნობთ და მოემზადებიან.

ამბავი ორი სიტყვისგან

ფურცელზე ჩამოწერეთ 6 რთული სიტყვა, რომელიც აღდგომას უკავშირდება (შეგიძლიათ, დაწეროთ ჩვეულებრივი სიტყვებიც). კლასი დაყავით ჯგუფებად, აარჩევინეთ ბავშვებს თითო გუნდიდან 1 მოთამაშე. გამომსვლელებს დაფაზე ჩამოუწერთ თქვენს სიტყვებს. მათ ევალებათ, აარჩიონ ორი სიტყვა და მოყვნენ აღდგომასთან დაკავშირებული ამბავი. პირველი ქულა ეწერება გუნდს, რომლის წარმომადგენელმაც დავალებას უფრო მოკლე დროში გაართვა თავი და ყველაზე საინტერესო ისტორია გიამბოთ.

კითხვები გუნდებს

ფურცელზე დაწერეთ შეკითხვა და ჩადეთ ის კვერცხში. დაყავით კლასი გუნდებად, თითოეული გუნდიდან გამოიძახეთ ბავშვი და სთხოვეთ, აირჩიოს კვერცხი და ჩუმად წაიკითხოს შეკითხვა. თუ პასუხი არ იცის, კვერცხი დააბრუნოს და აიღოს სხვა, მაგრამ ასეთ დროს ქულა დააკლდება. გამარჯვებულია, ის გუნდი, რომლიც  უფრო მეტ კითხვას გასცემს პასუხს.

ტრადიციები

დაავალეთ ბავშვებს ამ დღესასწაულის შესახებ ინფორმაციის მოძიება, სთხოვეთ მათ მოამზადონ პრეზენტაცია, როგორ აღნიშნავენ მას საქართველოში და რა უცნაური ტრადიციები არსებობს მსოფლიოს ქვეყნებში. დაეხმარეთ, გაიაზრონ ამ დღის მნიშვნელობა

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: busyteacher.org

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური