GE

„ოროსნები“ და „ათოსნები“ – მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეთა სტიგმატიზაციის შედეგები და ამის თავიდან აცილების გზები

თუ ადრე მოსწავლეები 5-ოსნებად და ოროსნებად იყოფოდნენ, დღეს 10-ოსნები და 5-ოსნები გვყავს. მიდგომა კი იგივეა იმ განსხვავებით, რომ მაშინდელი 5-ოსნობა ახლა დამამცირებელ იარლიყად იქცა, რომელსაც მოსწავლეს ისე მიაკრავს ხოლმე მასწავლებელი, წამითაც კი არ დაფიქრდება იმ შედეგებზე, რაც ამ სტიგმამ მოზარდს შეიძლება მოუტანოს.

EDU.ARIS.GE-ს მიერ სოციალურ ქსელში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ „ცუდ“ და „კარგ“ მოსწავლეებად დაყოფა სკოლის აქტუალური პრობლემაა. მოსწავლეებმა და უკვე სტუდენტებმა საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს და საკითხის სიმწვავე კიდევ ერთხელ დაგვანახეს:

„ოთხი წლის წინ დავამთავრე სკოლა და რაც მახსოვს, სულ ასეა. ჩემი პირადი გამოცდილებით „კარგი მოსწავლეების“ მიმართ ყოველთვის უფრო ლოიალურები არიან მასწავლებლები. ათოსნები ითვლებიან სამაგალითოებად, რომლებსაც უნდა დაემსგავსონ დანარჩენები. იმ მოსწავლეების მიმართ კი, რომლებიც ნაკლებად კარგად ან საერთოდ არ სწავლობენ აქვთ „შენგან მაინც არაფერი გამოვა“ დამოკიდებულება. ნაკლების მოლოდინი აქვთ მათგან, გაკვეთილი იწყებენ ამ განწყობით. მასწავლებლები მოსწავლეს, რომელიც ზოგადად კარგად არ სწავლობს, აღიქვამენ არა როგორც მათი პასუხისმგებლობის საგანს, არამედ როგორც დამნაშავეს. არ ახალისებენ და არც მოლოდინი აქვთ რომ, მაგ. უკეთ ისწავლონ, უკეთ მოიქცნენ. უბრალოდ აგრძნობინებენ და პირდაპირ ეუბნებიან რომ შენ ცუდი ხარ, შენი კლასელი კარგი, მისნაირი უნდა იყო, მაგრამ, ვერ იქნები და ა.შ.“, – იხსენებს სტუდენტი თამთა კახაბერიძე.

გამოკითხულები ღიად საუბრობენ იმ დამთრგუნველ გარემოზე, რომელსაც პედაგოგები თავიანთი ქმედებებით ქმნიან. ისინი დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების მიმართ არც ყურადღებას და არც ინტერესს არ იჩენენ. მოსწავლეების საუბრიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პედაგოგები მათ არაფრად აგდებენ და წახალისების ნაცვლად,  დანარჩენების თვალში ამცირებენ კიდეც. აღსანიშნავია, რომ პედაგოგის მხრიდან განსხვავებულ დამოკიდებულებას არამხოლოდ „ცუდი“ არამედ „კარგი“ მოსწავლეებიც გრძნობენ და როგორც ჩანს, ეს მათთვისაც გამაღიზიანებელია:

მარიამი: „ჩემს სკოლაში მოხდა წლების წინ მსგავსი შემთხვევა: მასწავლებელმა საახალწლო საჩუქრები უყიდა მთელ კლასს ერთის გარდა… და არა მარტო ეგ, კიდევ იყო რამდენიმე შემთხვევა, თუმცა ახლა არ მახსენდება…“

გიორგი: „მე აღარ ვარ სკოლის მოსწავლე, თუმცა და მყავს პატარა და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ 100-დან 95 სკოლაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ. ჩემს დროსაც განასხვავებდნენ, ახლაც და ვიდრე ფუნდამენტურად არ შეიცვლება მიდგომა მოსწავლეების მიმართ, ასე გაგრძელდება. ოქროს მედალი რომ არის მნიშვნელოვანი და არა თვითონ საგანი, რომელსაც ვსწავლობთ; ვინც ტექნიკურ საგნებშია სუსტი, მისი დაბულინგება ამის გამო და იმის წამოძახება, რომ ეს საგანი არ არის ყველასთვის და კიდევ ძალიან ბევრი მაგალითი. მოკლედ, ძალიან ცუდია და ხშირად მოსწავლისთვის დამთრგუნველი გარემოა, რაც, რეალურად, მათი ინტერესის ნაკლებობას იწვევს სწავლის პროცესის მიმართ.

„პრივილეგიად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ გაკვეთილს ახსნის დროს მასწავლებელი შესცქერის იმ ბავშვებს, რომლებიც  კარგად სწავლობენ. თითქოს სხვები არ იყვნენ საკლასო ოთახში“

ბაია: „ათოსანი ვიყავი და ამ დამოკიდებულების გამო ვსწავლობდი, მაგრამ აღარ ვაბარებდი გაკვეთილებს. ზოგადად ჩემთან ძალიან ცუდი გარჩევა იყო, თუ კარგად სწავლობდი და პლუს კარგად იქცეოდი, ვსო სამყარო შენი იყო, მაგრამ თუ კარგად სწავლობდი და თან შატალოზე დადიოდი, მასწავლებელს სიტყვას არ შეარჩენდი (როცა საქმე შეურაცხყოფას ეხებოდა) და მსგავსი რაღაცები, ძაან ჩაგვრა მიდიოდა.. მოკლედ, რა ვიცი… მე ოთხი წლის წინ დავამთავრე სკოლა და ჩვეულებრივი იდიოტების თავშესაფარი იყო“

შორენა: „მე “ხუთიანი” რომ ხუთიანობდა მაშინ ვსწავლობდი. სხვადასხვა სკოლაში მომიწია სწავლა. ხუთოსანი ვიყავი. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, რამდენიმე ხუთოსნიდან ერთი ფავორიტი ჰყავდათ ხოლმე მასწებს გამორჩეული, და ეს ფავორიტი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა რამდენიმე ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა“

თამარი:მე, როგორც “ათოსანი” მოსწავლე, ვიტყვი რომ კი. ბევრი მასწავლებელი, მაგრამ არა ყველა, მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს მეტ პრივილეგიებს ანიჭებს ხშირად. არაერთხელ მქონია დავა მასწავლებელთან იმის გამო, რომ გამოვურჩევივარ ე.წ ცუდი მოსწავლისგან და სხვების ზემოთ დავუყენებივარ.

„მაგალითად დავალების არქონის გამო მე ნაკლებად ან შეიძლება საერთოდ არ გამიბრაზდეს მასწავლებელი და ჩემთან ერთად მყოფ, დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს ზედმეტადაც კი. ჩემს ცუდ საქციელზე მეტად დახუჭავენ თვალს, ვიდრე სხვისაზე“.

როგორც აღმოჩნდა, სწავლის ხარისხი არ არის ერთადერთი, რითაც მოსწავლეების სტიგმატიზაცია ხდება. გამოკითხულების თქმით, აშკარა პრივილეგიებით მასწავლებლების შვილები  და ის ბავშვები სარგებლობენ, რომელთა მშობლებიც აქტიურობით გამოირჩევიან. ასევე, პედაგოგების მიდგომას განსაზღვრავს მოსწავლეთა სტილი, კომუნიკაბელურობა და ა.შ.:

საბა: ათოსანი კი ვარ, მაგრამ საყურის გამო ანტიქრისტესავის მიყურებენ“.

მარიამი: „ვისთანაც კარგად ჭორაობენ იმათ ექცევიან კარგად“

„მე უფრო ის მაშინებს, აქტიური და შემაწუხებელი მშობლების შვილები რომ პრივილეგიებით სარგებლობენ“

ლუკა: „განსაკუთრებით კარგად ექცეოდნენ მასწავლებლების შვილებს. ათოსნებსაც. ათოსანმა არ იცის გაკვეთილი? ნიშანს არ უფუჭებდნენ და მაინც უწერდნენ 9 ქულას ან 8-ს. ხუთოსანმა კარგად მოყვა გაკვეთილი უწერდნენ 7-ს. და ეს ხდებოდა ყოველთვის და სულ მამწარებდა მსგავსი უსამართლობები და ყოველთვის ვაპროტესტებდი. შედეგი იყო მასწავლებლის მხრიდან კლასელების წინაშე დამცირება. მერე ამას კიდევ უფრო ვაპროტესტებდი და ვიჯექი დირექტორის კაბინეტში მანამ, სანამ არ მივხვდი რომ სკოლა ყველაზე ცუდი დაწესებულებაა სადაც ჩემს შვილს არასდროს შევიყვან.“

ხატია: „ჩემთან მასწავლებლის შვილებს გაცილებით კარგად ექცეოდნენ, ვიდრე მე ან სხვა რიგით ბავშვს, განიხილავდნენ ყველა იმ თემას, რაც მათი საქმე არ იყო. ასევე, ვინც მასთან ემზადებოდა მას უფრო კარგად ექცეოდნენ და ზოგადად საშინლად დისკრიმინატორი, საძაგელი მასწავლებლები მყავდა“.

როგორც ხედავთ, EDU.ARIS.GE-ს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ სკოლა არ არის ერთნაირად კომფორტული სივრცე ყველა მოსწავლისთვის და თითოეულ ბავშვს აქ სხვადასხვანაირ გარემოს უქმნიან. სამწუხაროა, რომ ამის მიზეზი არათუ ბავშვებს შორის ურთიერთდაპირისპირება, არამედ თავად მასწავლებლები ხდებიან.

EDU.ARIS.GE -სთან საუბრისას ბავშვთა ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ ისიც აღნიშნა, რომ  ხშირად სწორედ პედაგოგების დამოკიდებულება უბიძგებს მოსწავლეებს ერთმანეთის ჩაგვრისკენ. ცირამუა საკუთარი პრაქტიკის გათვალისწინებით ადასტურებს, რომ „ფავორიტიზმი ერთ-ერთი წამყვანი პრობლემაა სკოლებში“:

„პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლე თანატოლების მხრიდან ჩაგვრის მსხვერპლი ხდება იმიტომ, რომ მასწავლებელი მას არ აღიარებს, არ ზრუნავს მის კლასთან ინტეგრაციაზე, ხაზს უსვამს მოსწავლის დაბალ აკადემიურ მოსწრებას, ეძახის დამამცირებელ სიტყვებს – “უტვინო”, ჩამორჩენილი”, “გასული” და ა. შ. რასაც თანაკლასელები აიტაცებენ ხოლმე და დამაკნინებელ მეტსახელად აქცევენ. ხშირია საჯარო შერცხვენაც – კლასის წინაშე დამცირება. ფავორიტიზმი ერთ-ერთი წამყვანი პრობლემაა სკოლებში, მასწავლებლებს ჰყავთ გამორჩეული, “ფავორიტი” მოსწავლეები. მთელი სასწავლო პროცესი მათ მხრებზე გადადის, ყველა შეკითხვა მათი მისამართითაა დასმული, ყველა გაკვეთილზე მათ იძახებენ და ა. შ. „ზოგჯერ მგონია, რომ მასწავლებელი ვერც ამჩნევს რომ კლასში ვარ” – ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის ბავშვებს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს არის ერთგვარი განხეთქილების ვაშლი საკლასო ცხოვრებაში, ბულინგის რისკის ქვეშ კი თანაბრად არიან, როგორც გამორჩეული, ასევე უგულებელყოფილი მოსწავლეები“, – ამბობს ფსიქოლოგი.

შეკითხვაზე, თუ რა ხერხს უნდა მიმართოს პედაგოგმა დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას, ცირამუა გამზადებული „იარლიყის“ მიკვრის სანაცვლოდ რამდენიმე გამოსადეგ რჩევას გვთავაზობს და აქვე აღნიშნავს, რომ ერთადერთი შედეგი, რაც მოსწავლეების დაყოფამ შეიძლება მოგვიტანოს, სწავლის ხარისხის კიდევ უფრო დაცემაა:

„ცხადია, ეს სერიოზული პრობლემაა და ხშირად იწვევს იმ მოსწავლეების აკადემიური პრობლემების კიდევ უფრო გაღრმავებას, რომლებსაც მასწავლებელი არასათანადოდ აქცევს ყურადღებას, ენერგიას არ ხარჯავს მათი რესურსების მოძიებაზე, მათ დაინტერესებაზე, თუ ამას ემატება თანაკლასელების მხრიდან ჩაგვრაც, უკვე დიდი ალბათობით, ემოციური პრობლემებისთვისაა ბავშვი განწირული. მასწავლებელს აქვს გამზადებული იარლიყი “ზარმაცია” და ხშირად, შეიძლება, ის ვერც ხედავდეს რა დგას “სიზარმაცის” უკან, ეს შეიძლება სწავლის უნარის დარღვევაც კი იყოს, რომელსაც დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი სპეციალისტის, ზოგჯერ სპეციალური პედაგოგის ჩართვა სჭირდება. ზოგჯერ ამის მიზეზი სიმორცხვე შეიძლება იყოს, ან სხვა სახის პრობლემა, რომელიც შესაძლოა თვითშეფასებას, ან სულაც სოციალურ შფოთვას უკავშირდებოდეს. ასეთი მზა იარლიყი კი მასწავლებელსაც და მოსწავლესაც ართმევს შანსს, სასწავლო პროცესი უფრო ჯანსაღი და საინტერესო გახდეს. ინდივიდუალური მიდგომა მნიშვნელოვანია, მაგრამ სამწუხაროდ, მასწავლებელს არც მოტივაცია აქვს, ზოგჯერ არც კომპეტენცია მსგავს საკითხებზე დაფიქრდეს. ცხადია ეს ყველა მასწავლებელს არ ეხება“, – ამბობს მაია ცირამუა.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური