GE

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი 1-ლ თებერვლამდე დისტანციურად გაგრძელდება

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, დღეს 18 იანვარს დიდ ქალაქებში დისტანციურად, ხოლო სხვა დანარჩენ სკოლებში საკლასო ოთახებში უნდა დაწყებულიყო. შესაბამისად, რეგიონებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესს ბავშვები საკლასო ოთახებიდან შეუდგებოდნენ. თუმცა სამინისტროს განცხადების მიუხედავად, არის რეგიონები, სადაც დღეს სწავლა არა ე.წ. დასწრებული მეთოდით, არამედ დისტანციურ რეჟიმში განახლდა, მათ შორისაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში 1-ლ თებერვლამდე გაგრძელდება.

როგორც EDU.ARIS.GE-ს ერთ-ერთმა მშობელმა განუცხადა, დამრიგებელი დაუკავშირდათ და შეატყობინათ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში სწავლა დისტანციურად განახლდებოდა.

EDU.ARIS.GE ზემო ნატანების საჯარო სკოლის დირექტორს ლაშა ბოლქვაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე განათლების სამინისტრომ მიიღო.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დისტანციური სწავლა უნდა გავაგრძელოთ 1-ლ თებერვლამდე. საერთო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის ამის მიზეზი, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, დამატებით დეტალებზე მე პასუხს ვერ გაგცემთ“, – განაცხადა ლაშა ბოლქვაძემ.

EDU.ARIS.GE დამატებითი დეტალებისთვის ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრსაც დაუკავშირდა, თუმცა მრავალგზის მცდელობის მიუხედავად მათთან კონტაქტი ვერ მოხერხდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური