GE

პანდემიის ნაკვალევი განათლებაში – გაღრმავებული უთანასწორობის ფონზე რეალობას აცდენილი საგანმანათლებლო მიზნები

EDU.ARIS.GE-ზე ახალი რუბრიკის „პოდკასტი განათლებაზე ლალი ჯელაძესთან ერთად“ პირველი თემაა – რა გავლენა მოახდინა პანდემიამ განათლებაზე, კონკრეტულად აბიტურენტებთან მიმართებაში და პირველი სტუმარი განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძეა, რომელიც გადაცემის მეორე ბლოკში ვრცლად ისაუბრებს, თუ როგორ აისახა დისტანციური სწავლება აბიტურიენტებზე, პირველი ბლოკის სტუმრები კი აბიტურიენტები არიან.

იქონია თუ არა პანდემიით შექმნილმა მდგომარეობამ გავლენა სააბიტურო პერიოდზე? – ამის შესახებ ჩვენი პოდკასტის სტუმარი განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ ონლაინ სწავლებაზე გადასვლამ არათუ ზეგავლენა იქონია, არამედ მკვეთრად გააღრმავა ისედაც არსებული უთანასწორობა, რომელიც თან ახლავს ჩვენთან არსებულ უმაღლესში მისაღებ სისტემას და რომელიც უფრო მეტად დამოკიდებულია არა სასკოლო, არამედ სარეპეტიტორო განათლებაზე.

„მიუხედავდ იმისა, რომ მისაღები გამოცდების სისტემა ეფუძნება სარეპეტიტორო სისტემას, გვყავს აბიტურიენტების ერთი ჯგუფი, რომელიც რეპეტიტორების გარეშე, სასკოლო განათლებით ცდილობს კონკურენცია გაუწიოს თანატოლებს. ამ აბიტურიენტებისთვის კი, სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობა პანდემიის პირობებში, თითქმის, განულდა ან მკვეთრად შემცირდა. შესაბამისად, ისინი კიდევ უფრო უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

აბიტურიენტების მეორე ჯგუფი (რომლებიც აგრეთვე გვყავს სისტემაში), ემზადებოდნენ რეპეტიტორებთან, თუმცა, პანდემიის პირობებში, რეპეტიტრებთან მათი მომზადება ტექნოლოგიებთან თუ ინტერნეტთან წვდომის გამო შეფერხდა.

აბიტურიენტთა მესამე ჯგუფისთვის კი, განვითარებულმა მოვლენებმა, რეპეტიტორებთან მზადების პროცესს, პირიქით, ხელი შეუწყო, რადგან სასკოლო განათლების სისტემამ მე-12 კლასელები გაათავისუფლა სკოლაში სიარულისგან. ამიტომ მთელი დრო და აქცენტი მათ რეპეტიტორებთან მზადებას დაუთმეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ, პანდემიამ გავლენა იქონია აბიტურიენტთა მომზადების ხარისხზე და არსებული უთანასწორობა უფრო მკვეთრი გახადა“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

გამოცდების წინა პერიოდში ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო უსაფრთხოების ზომების დაცვაზე, ისეთ დეტალებზეც კი, რომელიც ასეთ ხმაურიან და საყოველთაო ყურადღებას არ იმსახურებდა. ცხადია, უსაფრთხოების ზომების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, წესებს სახელმწიფო ადგენს, რომელსაც შემდეგ ემორჩილება ყველა და ყველაფერში. უმთავრესი აქცენტები კი, რომელიც გამოცდებს უკავშირდებოდა, ასეთი ხმაურიანი უსაფრთხოების წესების შემუშავებით, თითქოს გადაიფარა, ყურადღების მიღმა დარჩა. შალვა ტაბატაძის აზრით, ამის მიზეზი სწორედ მიზნის არასწორად დასახვაა.

„მთელი სისტემა დანახული იყო არასაგანმანათლებლო პარადიგმიდან, არამედ ჯანდაცვისა და ეპიდემიის გავრცელებისა და შენარჩუნების პარადგიმიდან. რაშიც, რა თქმა უნდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როლი იყო მინიმალური.

აქედან გამომდინარე, ცვლილებებისა და ინტერვენციების სამიზნე, ამ შემთხვევაში, არ ყოფილა აბიტურიენტი, რომელიც პანდემიის გამო, მძიმე და უთანასწორო პირობებში ჩავარდა, სამიზნე არ ყოფილა აბიტურიენტი/შემდგომში სტუდენტი, რომელიც ამ უსამართლო პირობებში ჩარიცხვის შემდეგ, შესაძლებელია ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს; სამიზნე არ ყოფილა არც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან, ზოგადად, უმაღლესი განათლების სისტემა. სამინისტროს ერთადერთი სამიზნე იყო მისაღები გამოცდების სისტემის შენარჩუნება“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

მეტიც, მისი აზრით, არსებული მწირი ფინანსური რესურსიც კი, მოხმარდა და ხმარდება იმას, რომ ადამიანები ერთმანეთს შევაჯიბროთ იქ, სადაც კონკურენცია არ არის.

რა შეთავაზება შეიძლება გაეკეთებინა სახელმწიფოს აბიტურიენტებისთვის ან რა ალტერნატივების განხილვა შეიძლებოდა? – ჩვენი რესპონდენტი ალტერნატივებს შორის ერთ-ერთ მოდელად განიხილავს გამოცდების სექტემბრისთვის გადატანას და ოთხი გამოცდის ნაცვლად მხოლოდ ერთის – უნარების გამოცდის ჩაბარებას, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და გრანტის განაწილებაც.

რატომ უნარების გამოცდა? – შალვა ტაბატაძე ამას ასეთ ახსნას აძლევს:

„უნარების გამოცდა ამ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან წელს პირველი წელია, როდესაც არ არის შეტანილი სავალდებულო გამოცდათა ნუსხაში. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ამ საგანში უმრავლესობა არ ემზადებოდა, იძლეოდა შესაძლებლობას, აბიტურიენტები თანაბარ პირობებში ჩაგვეყენებინა – ამით შევამოწმებდით მათ უნარიანობას და არა სხვადასხვა საგნებში მომზადების ხარისხს. შესაბამისად, შემცირდებოდა პანდემიით კიდევ უფრო გაღრმავებული უთანასწორობის ეფექტი.“

მეორე მოდელი, რომელიც, ასევე შეიძლებოდა ალტერნატივად განეხილათ, შალვა ტაბატაძის აზრით, პირობითად, ყველა აბიტურიენტის ჩარიცხვაა, რომლებსაც შემდეგ დაფინანასებისა და პროგრამების არჩევის შესაძლებლობა პირველი სემესტრის შეფასებების საფუძველზე მიეცემოდათ. თუმცა, როგორც ის ამბობს, ამ მოდელის ამუშავებისთვის უამრავი ხარვეზი და რისკ-ფაქტორი არსებობს, მაგრამ მძლავრი საუნივერსიტეტო თანამშრომლობის პირობებში, მაინც ძალიან ეფექტურად იმუშავებდა და შესაძლებელია, საფუძველიც კი გამხდარიყო მომავალი ცვლილებებისთვის გამოცდების სისტემაში. მისი მხრიდან, ორივე შეთავაზება ჯერ კიდევ მარტის თვის დასწყისში გაკეთდა, თუმცა, რეაგირება არ მოჰყოლია…

შალვა ტაბატაძე პოდკასტში საუბრობს იმაზე, რომ მთავარი ფოკუსი არსებული სიტუაციის პოზიტიურად წარმოჩენასა და ამაში საზოგადოების დარწმუნებაზე გაკეთდა, ნაკლები აქცენტები დაეთმო პანდემიის პირობებში უარყოფით საგანმანათლებლო ეფექტებსა და მასზე რეაგირებას.

„ამიტომ მიმაჩნია, რომ სექტემბრიდან სწავლის ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელების პირობებშიც კი, პანდემიის უარყოფითი გრძელვადიანი ეფექტრებიდან გამომდინარე, არსებულ ჩავარდნის აღმოფხვრა საკმაოდ გაგვიჭირდება, თუკი არ იქნება კონკრეტული გეგმა – იდენტიციფირებული ხარვეზები და მისი აღმოსაფხვრელი ინტერვენციები. სხვაგვარად, ვერ ამოვავსებთ იმ უფსკრულს, იმ ჩავარდნებს, რომელიც კონკრეტულ მოსწავლეებთან მიმართებაში გვქონდა“, – აცხადებს განათლების ექსპერტი.

და მაინც, რა აჩვენა განათლების სისტემამ პანდემიის დროს? – მოკლედ რომ შევაჯამოთ შალვა ტაბატაძის ინტერვიუ, მისი აზრით, ჩამოთვლილი ხარვეზების გარდა (რომელსაც აუდიოჩანაწერში კიდევ ბევრს მოისმენთ), რეალურად, განათლების სისტემას ამ თვალსაზრისით, ჰქონდა გარკვეული მიღწევები. ტელესკოლის, მაიკროსოფტ თიმსისა და ელექტრონული რესურსების სახით, თუმცა რამდენად ეფექტურად მოხდა ამ პროდუქტის სამიზნე ჯგუფებამდე მიტანა, აქ საკმაოდ ბერი კითხვის ნიშანია. ამბობს, რომ მართალია, სამინისტრო ცდილობს წარმოაჩინოს მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა, რეალურად კი საკმაოდ მძიმე სურათია.

ჩვენი სტუმარი პოზიტიურ ძვრებად ასახელებს, ასევე, სკოლის ხელმძღვანელთა ინდივიდუალურ და დამოუკიდებლად რეაგირების, ეფექტური მართვის მაგალითებს, რომელმაც რეალურად საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა; მასწავლებლების მხრიდან გამომჟღავნებულ პროფესიული განვითარების უპრეცენდენტო სურვილისა და თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარების მაგალითებს, როგორც სასკოლო, ისე სკოლებს შორის დონეზე.

„ეს ტენდენცია მომავალშიც ძალიან ეფექტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ. მეტიც, საგანმანათლებლო რეფორმა სწორედ ამ პოზიტიურ ძვრებს და იმ მაგალითებს უნდა დაეფუძნოს, რომელიც შექმნილ ვითარებაში დავინახეთ. სამწუხაროდ, ამის ფონზე სამინისტრომ შემოგვთავაზა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა, რომელშიც ისევ ძველ წრეზე ვტრიალებთ და ისევ უდიდეს ფინანსურ, ადამიანურ და დროის რესურსს ვხარჯავთ ან ვკარგავთ პროცესებზე, რომელსაც არავითარი ბმა და შემხებლობა არ აქვს მასწავლებელთა რეალურ პროფესიულ განვითარებასთან, შესაბამისად, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასთან. როგორც ჩანს, პანდემიის პირობებში დანახული პოზიტიური ძვრები და მაგალითები საფუძვლად არ დაედება სამომავლო ხედვებსა და რეფორმებს, რომელმაც ბუნებრივად უნდა აამუშაოს მექანიზმები საგანმანათლებლო სისტემის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა შალვა ტაბატაძემ EDU.ARIS.GE-ის აუდიოგადაცემაში „პოდკასტი განათლებაზე ლალი ჯელაძესთან ერთად“.

მოუსმინეთ სრულ აუდიოვერსიას

edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი