GE

პარლამენტი განათლების სამინისტროს სთხოვს ჟესტური ენის პროგრამის სტანდარტის განსაზღვრა დააჩქაროს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობა შეამოწმეს. საკითხებს შორის იყო განათლების სამინისტროს მიერ სურდო თარჯიმნის სტანდარტის განსაზღვრის საკითხი, რომელიც აქამდე შემუშავებული არ არის.

კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის კითხვაზე სურდო თარჯიმნის სტანდარტის განსაზღვრის ვალდებულებასთან დაკავშირებით თუ გვაქვს რაიმე წინსვლა? განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ უპასუხა, რომ სტანდარტის განსაზღვრაზე მუშაობა მიმდინარეობს. I-VI კლასის მოსწავლეებისთვის ჟესტური ენის სტანდარტის შემუშავება დასრულებულია, ხოლო საუნივერსიტეტო პროგრამის მომზადებას კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება.

„უშუალოდ სურდო თარჯიმანთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ნამდვილად არ გვაქვს სიახლე. სხვადასხვა მიმართულებით წავედით, მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში არის ორი სკოლა, სადაც ჟესტურ ენაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ესენი არიან თბილისში 203-ე და ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლები. ამ მიმართულებით ჩენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ იმ კუთხით, რომ შევიმუშავეთ სახელმძღვანელოები და ყველა ჟესტი, რომელიც არ არსებობდა ქართულ ენაზე მოხდა მათი შემუშავება. ამ ეტაპზე 1-6 კლასის ჩათვლით ეს ბანკი უკვე არსებობს, ხელმისაწვდომია ყველა დაინტერსებულ პირისთვის, მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის. ვცდილობთ სწორედ ამ ჟესტების ენის დანერგვას და გამოყენების ნაწილში გარკვეული ღონისძიების განხორციელებას. გარდა ამისა, სკოლებში გვყავს ჟესტური ენის სპეციალისტები და სწორედ მათი გამოცდილებით ჟესტური ენის სტანდარტი შევიმუშავეთ, ვართ დამტკიცების პროცესში და სავარაუდოდ თებერვალში უნდა იყოს დამტკიცებული. რაც შეეხება უნივერსიტეტის დონეზე ლიცენზირებული პროგრამას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა, რომ წელს დავიწყოთ მუშაობა. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც სხვადასხვა მხარის, საერთაშორისო გამოცდილების მქონე უნივერსიტეტების ჩართულობით უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ამოცანა, რომელსაც ჩვენ გავყვებით 2021 წლიდან“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, რომ პროცესები ვადებში გაიწელოს და მისი აზრით ერთი წელი ამისთვის ძალიან დიდი დროა.

შედეგად, სამინისტროს და კომიტეტის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ ახლო მომავალში კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მომზადებულ გეგმას გაეცნობიან და შეთანხმდებიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური