GE

პარლამენტის თავმჯდომარე: ამას თუ მიიღებს ბავშვი სკოლაში, ის ყოველთვის გახსნილი იქნება ახალი ცოდნისთვის, ეს არის მთავარი უნარი

„გვაქვს სურვილი, რომ ჩვენმა შვილებმა, უპირველეს ყოვლისა, ცოდნის მიღების პროცესში მიიღონ სიამოვნება“, – ასეთი სურვილი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში გამოთქვა, რომელსაც პარლამენტში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის – „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“ პრეზენტაციაზე შევხვდით.

პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ამ თანამდებობამდე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ მასაც ჰყავს შვილები და იცის მეტ-ნაკლებად როგორია მდგომარეობა განათლების სფეროში. ამიტომაც, მისი აზრით, ეს არის სფერო, სადაც მაქსიმალური ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, რათა გვყავდეს თაობა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება.

„სურვილი და უნარი ცოდნის მოძიებისა უნდა იყოს მთავარი, რასაც მოსწავლეები სკოლაში მიიღებენ. მე, მაგალითად, ამას ვაქცევ ხოლმე ყურადღებას, თუ როგორ უვითარდება სკოლაში ადამიანს ეს უნარები. სკოლაში, უპირველეს ყოვლისა, თვითონ სწავლების პროცესი უნდა იყოს საინტერესო და მორგებული როგორც ასაკს, ისე ინდივიდს. ვფიქრობ, მთავარი მიღწევა დღევანდელი განათლების სისტემის განვითარებისა მსოფლიოში, არის ის, რომ წამოიწიოს წინ ბავშვზე ინდივიდუალურად მორგებული სწავლება. ბავშვზე მორგებული სისტემა მოსწავლეს, ახალგაზრდას, შეაყვარებს ზოგადად ცოდნის მიღების პროცესს. ამას თუ მიიღებს ბავშვი სკოლაში, ნიშნავს, რომ ის ყოველთვის გახსნილი იქნება ახალი ცოდნისთვის, ახალი ინფორმაციისთვის და ეს არის მთავარი უნარი, რომელიც დღეს არის საჭირო“, – გვითხრა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კითხვაზე, რამდენად შესაბამისობაშია ჩვენი სკოლების მზაობა მის სურვილებთან, შალვა პაპუაშვილი პასუხობს, რომ ქვეყანაში ბევრი გამოწვევაა და მათ შორის, განათლების სფეროშიც.

„ზოგადად ქვეყანა არის ტრანსფორმაციის პროცესში. ეს ტრანსფორმაცია გულისხმობს ყველა მიმართულებას. როცა ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის თუ სხვა მიმართულების განვითარება, ეს ნიშნავს, რომ განათლებაც ზუსტად იმავე პროცესშია და მოწყვეტილი, კუნძულისებრი განვითარება ვერ ექნება. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ეს გამოწვევები ცხადად დავინახოთ და ვუპასუხოთ შესაბამისი გადაწყვეტილებებით. ტრანსფორმაცია ამას გულისხმობს, რომ ეს ყველაფერი ავტომატურად მზად არ არის. ამისთვის საჭიროა გარდაქმნა. ეს არის პროცესი, რომელიც ყველამ უნდა გაიაროს – როგორც სკოლების ადმინისტრაციამ, ისე მასწავლებლებმა, რომლებმაც ეს ახალი მეთოდები და მიდგომები თავად უნდა ისწავლონ და შემდგომ უკვე ასწავლონ თავის მოწაფეებს.

„სწავლა სწავლების პროცესი იცვლება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ყველა მშობელმა შეძლოს, ცოტა სხვა პერსპექტივით შეხედოს დღევანდელი სწავლების მეთოდებს და პრინციპებს. როგორც წესი, ჩვენ, განათლების მიღების ან სწავლების მეთოდებს ვადარებთ იმას, რა სკოლაც ჩვენ გვაქვს გამოვლილი და იქედან ვაფასებთ ამ ყველაფერს. მნიშნელოვანია, თვითკრიტიკულებიც ვიყოთ, უფრო სწორედ, კრიტიკულად შევხედოთ თანამედროვე განათლების პრინციპებს. ავწონ-დავწონოთ ის, რასაც ჩვენ, როგორც მშობელი, კრიტიკულად ვხედავთ, რამდენად ობიექტურად შეიძლება საკრიტიკო იყოს სწავლების პროცესში. ჩვენი გამოცდილება სასკოლო გარემოსი უფრო სხვაგვარია – უფრო მკაცრი, რეგულირებული… რა თქმა უნდა, შეცვლილია დღეს ეს ყველაფერი, ვინაიდან სამყაროც სხვანაირია და მათ შორის, ადამიანსაც სხვანაირი განვითარება სჭირდება, ვიდრე ეს იყო ჩვენს დროს იმ სისტემიდან გამომდინარე“, – გვითხრა პარლამენტის თავმჯდომარემ“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე განათლების კომიტეტის მიერ სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასების შესახებ თემატური მოკვლევით კმაყოფილია და ამბობს, რომ ამ პროცესს თავად შორიდან აკვირდებოდა.

„გარკვეულწილად მე მივიღე მონაწილეობა ამ კვლევაში იმ კუთხით, რომ რამდენიმე შეხვედრაზე ვიმყოფებოდი და ვფიქრობ, ერთი ეტაპი გავლილია, რასაც ჰქვია ანალიზი და კვლევის ნაწილი. ახლა მნიშვნელოვანია, რეკომენდაციების ნაწილს მიაქციოს კომიტეტმა ყურადღება. რეკომენდაციები საკმაოდ მოცულობითია და რთულია ყველაფრის მიყოლა. მთავარი სწორედ ის არის, რომ ახლა კომიტეტი მიჰყვეს ამ რეკომენდაციების შესრულებას სამინისტროსთან ერთად”, – გვითხრა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ:

მოკვლევის პრეზენტაცია და დამალული ანგარიში – რა მოამზადა განათლების კომიტეტმა საერთაშორისო დონორების დაფინანსებით?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური