GE

პარლამენტმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების დაყოფისთვის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო

საქართველოს პარლამენტში მთავრობის სტრუქტურაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო. ცვლილებების პროექტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების შედეგად, შეიქმნება ორი – განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროები. აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, ვრცელი საკანონმდებლო პაკეტი – „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და 57 თანხმლები კანონპროექტი მომზადდა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ინფორმაციით, ძირითადი ცვლილებები წარმოდგენილ კანონპროექტში აისახა, გამომდინარე კანონპროექტები კი მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებს და სახელწოდების ცვლილებებს მოიცავს. მისივე განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემდეგ, შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც სამინისტროების უფლება-მოვალეობებს დარგობრივად გამიჯნავს და სამინისტროებს შესაბამის ფუნქციებს მიანიჭებს.

კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვა დისკუსიის ფონზე წარიმართა. ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებიდან ახალგაზრდობის სააგენტოს გამოსვლის და მისი ახალ სამინისტროში გაერთიანების საკითხზე კითხვები დასვეს და მომხსენებლისგან დამატებითი განმარტებები მოითხოვეს.

ბექა დოჭვირმა კომიტეტის წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს კანონპროექტის სამივე მოსმენით განხილვებში მონაწილეობის მიღება და პროცესებში ჩართულობა შესთავაზა.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კანონპროექტთა პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური