GE

„პედაგოგები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ არა მხოლოდ მოსწავლეთა, არამედ მათი მშობლების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას“

სკოლებში გამართულ საჯარო შეხვედრებზე თუ მშობელთა კრებებზე კონკრეტული მოსწავლეების შესახებ საუბარი დიდი ხანია აკრძალულია. გარდა ამისა, პედაგოგები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ მოსწავლის მშობლების შესახებ საუბარს, რადგან პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ათეულობით საქმე აქვს შესწავლილი, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებების თუ კერძო უწყებების მხრიდან, არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების გაცემასთან დაკავშირებული დარღვევის ფაქტები გამოვლინდა, მათ შორის ერთ-ერთი საქმე არა მოსწავლეს, არამედ მოსწავლის მშობელს ეხება.

აღმოჩნდა, რომ პედაგოგმა მე-10 კლასის მოსწავლეებს, ერთ-ერთი მშობლის შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ აცნობა. დამრიგებელს ადმინისტრაციული ჯარიმა იმის გამო ვერ დააკისრეს, რომ მოკვლევის დროს, კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.

„სკოლის შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ 2018 წლის მარტში თ.დ.-ს მშობლის მიერ სკოლის დირექტორისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების სავარაუდო ფაქტზე იმსჯელა სასამართლომ, მშობელი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით შეეფარდა გაფრთხილება. სასამართლო სხდომის მომდევნო დღეს თ.დ.-სა და მის თანაკლასელს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. დამრიგებლის მითითებით, რამდენადაც მოსწავლეების დაპირისპირების მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილების განსხვავებული ინტერპრეტაცია იყო და მოსწავლეთა დიდი ნაწილი ფლობდა გარკვეულ ინფორმაციას თ.დ.-ს მშობელსა და დირექტორს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ, მან მიიჩნია, რომ მოსწავლეებს უნდა სცოდნოდათ სიმართლე და მიაწოდა დაზუსტებული ინფორმაცია. დამრიგებელმა მე-10 კლასის მოსწავლეებს განუმარტა, რომ სასამართლო სხდომის შედეგად თ.დ.-ს მშობელი სასამართლომ სცნო სამართალდამრღვევად და ნამდვილად შეუფარდა გაფრთხილება, ხოლო დირექტორს არანაირი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.

„დამრიგებლის განმარტებით, სკოლის დირექციის მხრიდან მისთვის არავის მიუწოდებია ინფორმაცია თ.დ.-ს მშობლის მიერ სკოლის დირექტორის შეურაცხყოფის შესახებ, ის უშუალოდ შეესწრო მშობლისა და დირექტორის დაპირისპირებას და დაესწრო ღია სასამართლო სხდომასაც. მან ასევე მიუთითა, რომ სკოლის მხრიდან სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაციის მოსწავლეებისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით მითითებას ადგილი არ ჰქონია და პირადად მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. თავის მხრივ, სკოლამაც უარყო დამრიგებლისთვის ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით მითითების მიცემის ფაქტი“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოკვლევაში.

სახელმწიფო ინსპექტორმა საქმის შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მონაცემთა დამმუშავებელი პირების მიერ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში, მონაცემების გამჟღავნება განსაკუთრებით სენსიტიური შეიძლება ყოფილიყო მოსწავლე  თ.დ.-სთვის, გავლენა მოეხდინა მის ფსიქიკურ/ემოციურ მდგომარეობასა და თანაკლასელებთან ურთიერთობაზე, ვინაიდან ინფორმაცია შეეხებოდა მისი მშობლის მიერ სკოლის დირექტორთან კონფლიქტს და სასამართლოს მიერ მის სამართალდამრღვევად ცნობას, ინფორმაციის ადრესატები კი იყვნენ მისი თანაკლასელები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სკოლებისთვის აქვს რეკომენდაცია, რომ ისინი განსაკუთრებული სიფრთხილით მიუდგნენ არამარტო მოსწავლეების, არამედ მათი მშობლების შესახებ ინფორმაციას.

„ბულინგისა და სტიგმატიზაციის საფრთხეების გათვალისწინებით, სკოლა და პედაგოგები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ არა მხოლოდ მოსწავლეთა, არამედ მათი მშობლების შესახებ ინფორმაციის სხვა არასრულწლოვნებისთვის გამჟღავნებას. ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მათი და მათი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან მიმართებით, შესაბამისად, გარკვეული სახის ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს მათ ემოციურ მდგომარეობაზე, ისევე როგორც თანატოლებთან ურთიერთობაზე. მიზანშეწონილია სკოლამ უზრუნველყოს მასწავლებელთა რეგულარული ინფორმირება მოსწავლეთათვის სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნების საფრთხეებისა და მათი თავიდან აცილების თაობაზე, დანერგოს კონფლიქტურ სიტუაციებში მოქმედების ისეთი მეთოდები, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მონაცემთა შემთხვევითი ან უკანონო გამჟღავნების, ასევე ბულინგის რისკების აღმოფხვრას“, – აცხადებენ უწყებაში.

მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე დირექტორმა მშობელთა კრებაზე ისაუბრა – სკოლის ვალდებულებები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური