GE

პედაგოგების მიერ დაშვებული შეცდომები საკლასო პროცესის მართვის დროს

კლასის მართვის პროცესში წარმატების მიღწევა თქვენს შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეგიძლიათ მთავარი შეცდომების თავიდან აცილება.

რა რთულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ეს ერთი შეხედვით, თქვენ უნდა გქონდეთ ძალა, კლასში წესრიგი დაამყაროთ. თუმცა კლასის მენეჯმენტი ყოველდღიურ შრომას და თავდადებას მოითხოვს.

მაშ ასე, გამოიყენეთ smartclassroommanagement-ის მიერ შეგროვილი ჩამონათვალი, რათა შეაფასოთ საკუთარი თავი და გაითვალისწინოთ, რა შეცდომების თავიდან აცილებაა აუცილებელი იმისთვის, რომ ბედნიერი, ზრდილობიანი და მოტივირებული მოსწავლეებისგან შემდგარი კლასი შექმნათ.

კლასის წესების 100 პროცენტით დაცვაზე კონტროლის არდაწესება – ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, რადგან რამდენჯერაც ყურადღებას მოადუნებთ და წესების დარღვევისათვის თუნდაც ერთ ბავშვს დატოვებთ დაუსჯელს, ყველა ჩათვლის, რომ ცუდი საქციელი მათაც შერჩებათ.

მოსწავლის ცუდი ქცევის ზედმეტად გულთან მიტანა – მოსწავლეზე შურისძიება ნამდვილად არ არის ტკბილი, ეს თვითგანადგურების საუკეთესო საშუალებაა. ემოციებზე აყოლა საკლასო პროცესის დროს მხოლოდ განსჯის უნარს დაგაკარგვინებთ და ისეთ რამეს გაგაკეთებინებთ, რასაც შემდგომ აუცილებლად ინანებთ.

ყვირილი – ხმის ამაღლება მხოლოდ და მხოლოდ დაძაბულობას ზრდის და ხელს შეუშლის ურთიერთგაგებას. გარდა ამისა, თქვენს მოსწავლეებს ამით ცუდი ქცევის მაგალითს უჩვენებთ.

ღიმილისა და შინაგანი სამყაროს დაფარვა – ურთიერთგაგებისა და მოსწავლეების მხრიდან კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ცოტა გახსნილობა აუცილებელია. რადგან სწორედ ურთიერთგაგება აადვილებს ყველაფერს, განსაკუთრებით, კლასის მართვის პროცესს.

მოსწავლის ისეთი საქციელის შექება, რაც ჩვეულებრივი და წესით, ყველასგან მოსალოდნელი საქციელია, ან შექება სხვებზე გავლენის მოსახდენად – ეს არაკეთილსინდისიერი მეთოდებია. ტყუილ-უბრალო შექება არ შეცვლის მათ ქცევას უკეთესობისაკენ. ბავშვები კი სიყალბეს ყოველთვის ამჩნევენ.

ძალიან ბევრი საუბარი – კლასის ეფექტურ მართვის პროცესში დადგენილი წესებისა და პროცედურების ნათლად გაგება გადამწყვეტია. მათი უკმარისობა კი გვაძლევს გაუთავებელ ახსნა-განმარტებებსა და მოსაწყენ, მხოლოდ მასწავლებელზე ორიენტირებულ საკლასო პროცესს. მოსწავლეებმა ზუსტად უნდა იცოდნენ მათი მოვალეობები და სასწავლო დღის ყოველი წუთი მათ შესრულებაში გაატარონ. სხვა შემთხვევაში, ისინი მალე დაიღლებიან მხოლოდ თქვენი “გამოსვლებით”. ამას კი უყურადღებობა და პრობლემები მოჰყვება.

მითითებების რამდენჯერმე გამეორება – იმისათვის, რომ მოსწავლეთა ყურადღება არ მოდუნდეს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ნათქვამს არ გაიმეორებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველად ნათქვამს ყურს არასოდეს დაუგდებენ.

ამ შეცდომების თავიდან აცილება დაგეხმარებათ, რომ კლასში ისეთ წესრიგს მიაღწიოთ, როგორიც ყოველთვის გსურდათ. დააკვირდით და გააანალიზეთ, რამდენად ხშირად უშვებთ მათ, ან რამდენად ახლოს ხართ თქვენი კლასის მართვის მიზნების მიღწევასთან.

წყარო: smartclassroommanagement

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური