GE

პედაგოგი: დიდი იმედი მაქვს, სამინისტროს პოზიცია არ შეიცვლება, რადგან ცვლილებების საჭიროებას ჩვენც ვხედავთ

მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდის ძირითადი სესიები დასასრულს უახლოვდება. EDU.ARIS.GE-მ დღეს გამოცდაზე გასულ მოქმედ მასწავლებლებს ჰკითხა, როგორია მათი სამომავლო გეგმები და რამდენად სამართლიანად თვლიან გადაწყვეტილებას, დატოვონ სკოლა გამოცდის კვლავ ვერ ჩაბარების შემთხვევაში.

„ინგლისური ენის მასწავლებელი ვარ. 8 წელია სკოლაში ვმუშაობ. მყავს აბიტურიენტები და ყოველთვის მყავდა, ამიტომ ზაფხულობით არც დრო მქონდა გამოცდებზე რომ მევლო და არც მოთხოვნა იყო, რომ აუცილებლად გავსულიყავი. თუმცა გვითხრეს, ეს ბოლო გადაწყვეტილებააო და მეც პირველად გამოვედი. რა თქმა უნდა, ჩავაბარებ. ამიტომ გეგმებს არ ვცვლი და ვფიქრობ, რომ სამინისტროს პოზიცია სამართლიანია, რადგან მასწავლებელი, რომელსაც არ აქვს კომპეტენცია ვერ შეძლებს პროფესიულ ზრდასა და განვითარებას. ასეთ დროს ბავშვის ინტერესი ყველაზე მეტად ზიანდება და კარგია, რომ ამ თემაზე იფიქრეს“, – ამბობს თბილისის 191-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის დატოვების შემდეგ ერთ-ერთი მასწავლებელი.

„4 წელია რაც სისტემაში ვარ დასაქმებული, გამოცდაზე მეორედ გავდივარ და არ მაქვს პროტესტი, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლო შანსი არ იქნება, რადგან გასულ წელსაც ამას ამბობდნენ. მთავარი ისაა, რომ მათ პოზიციას აქვს ლოგიკა და სამართლიანიც არის, ბევრს ავიწყდება, რომ ჩვენ ხელფასებს სახელმწიფო გვიხდის და შესაბამისად მოთხოვნებსაც ის უნდა გვიწესებდეს. ამიტომ საპრეტენზიო არაფერია. ვიცით რაც ხდება სისტემაში, არ მინდა კოლეგების კრიტიკა, მაგრამ მეც ბევრჯერ შევსწრებივარ უცოდინრობის ფაქტებს. დიდი იმედი მაქვს, რომ სამინისტროს პოზიცია არ შეიცვლება, რადგან ცვლილებების საჭიროებას ჩვენც ვხედავთ”.

EDU.ARIS.GE ასევე, ესაუბრა მასწავლებლობის მსურველს გოგონას, რომელსაც ვკითხეთ, რა შეიცვლება მისთვის თუ სამინისტრო გამოცდაზე ჩაჭრილ პრაქტიკოს მასწავლებლებს სკოლის დატოვებას მოსთხოვს. მომავალი მასწავლებელი ამბობს, რომ თუ სისტემაში კორუფციის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ მნიშვნელოვანი ცვლილებები ვერ მოხდება.

„ახალგაზრდებს განსაკუთრებით გვიჭირს დასაქმება, რადგან გვეუბნებიან – გამოცდილება არ გაქვთო. ვერ ვსაქმდებით ასევე კორუფციის გამოც და კიდევ იმიტომაც, რომ სკოლები ღია არაა ყველასთვის. დირექტორები ცდილობენ ნაცნობობით აიყვანონ თანამშრომელი, ან სხვის მითითებებს მიყვნენ. სიმართლე გითხრათ, არ მგონია ამით (სამინისტროს გადაწყვეტილება ავტ.) ეს საკითხები მოგვარდეს, პირიქით. მაგრამ გამოცდაჩაბარებული კადრები მაინც იქნებიან დასაქმებული, რომლებსაც ცოდნა აქვთ. პირადად ჩემთვის რა შეიცვლება არ ვიცი, ამ სფეროში არავინ არ მყავს რომ დამეხმაროს, ან შანსი მომცეს, დამოკიდებული ვარ იმაზე თუ როგორ ჩაატარებენ გასაუბრებას და რამდენად ღია იქნება ეს პროცესები, იმედს ვიტოვებ, რომ ამ გადაწყვეტილებას მოყვება სხვა გადაწყვეტილებებიც, რა თქმა უნდა, კორუფციის საწინააღდეგო“, – აცხადებს მომავალი მასწავლებელი.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამიცდის ძირითადი სესიები ხვალ სრულდება. იმ აპლიკანტებისთვი კი, რომლებმაც გამოცდაზე გასვლა COVID ინფექციის გამო ვერ შეძლეს დამატებითი სესიები მოეწყობა, რომლის განრიგიც ჯერჯერობით უცნობია.

მოამზადა მზეო შველიძემ

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური