GE

პედაგოგი: როგორც მშობელი, გეკითხებით – რა დაგიშავათ ჩემმა მეორე კლასელმა შვილმა, ეს სახელმძღვანელო ტანჯვაა!

ფილოლოგი და პედაგოგი ნესტან ღამბაშიძე, მეორე კლასის მშობლიური ლიტერატურის სახელმძღვანელოზე წერს, რომელსაც გრიფი წელს მიენიჭა და სკოლაში შეიტანეს. ამბობს, რომ მოსწავლისთვის წარმოუდგენელია ასეთი წიგნის „გაძლება“ და სახელმძღვანელოდან კონკრეტული მაგალითები მოჰყავს.

„ჩემო  მეგობრებო, მეორე კლასის მშობლიური ლიტერატურის წიგნზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება, გთხოვთ, ვისაც ხელი მიგიწვდებათ ნახოთ 2018 წლის მეორ კლასის მშობლიური ლიტერატურა, ავტორები: ირინე იაშვილი, ლელა ქისტაური, ნინო მესხორაძე, ხათუნა რაზმაძე.

ეს არის სახელმძღვანელო, საიდანაც საეჭვოა რამე ისწავლო, მთავარია გაუძლო და გადაიტანო მრისხანების გარეშე, მშვიდად, იქ ჩაწერილი აბდაუბდა. იფიქრო იმაზე, როგორ რა ფორმით მიაწოდო და გაუადვილო ბავშვს მოცემული მასალა.

მაგ: „ველოსიპედის ბორბალი“ რომელიც წყობიდან გამოვიდა, გაფუჭდა და გდია ღობის ძირში, ფიქრობს, განიცდის და ხვდება, როგორი კარგია მარტოობა. კითხვა, რომელიც მეორე კლასელ ბავშვს დაუსვეს: „რას განიცდის მარტო მყოფი, გაფუჭებული ბორბალი?“. რაღაცნაირად  ვაგრძნობინეთ ბავშვს, თუმცა  დამეთანხმებით, ძნელია, ბორბალი, რაიმე ფორმით რომელიმე სულიერ არსებას დაუკავშირო, ცხოველს, ფრინველს, რომ მარტოობის განცდა, არაფრის მაქნისობის სიმძიმე დაანახო.

გაჭირვებულ უბორბლებო ველოსიპედს მოჰყვება საოცარი ლექსი: „ღამურა, დღემურასა და  შემოდგომა, მოდგომის შესახებ“. ღამურა ღამით, რომ ფრინავს?\ დღისით რომ ფრინავს ბეღურა\ბეღურას რატომ ვეძახით?\რატომ არ ჰქვია დღემურა?\  გაზაფხული რომ მთავრდება\ზაფხული თუკი იწყება\შემოდგომას რომ მოჰყვება\მოდგომა ერქვას იქნება?\“.

ეს უცნაური კითხვები რაა? სახალისოა? თუ რაიმე ამოსახსნელი, დამაფიქრებელი? რატომ ეკითხებით მეორე კლასელ ბავშვს? რა გონებრივ საზრდოს აწვდის ეს, რას ავარჯიშებს, რისთვისაა?

გადავდივარ ახალ და ძალიან საინტერესო პატარა მოთხრობაზე: „სასწავლო კანფეტები“. მოთხრობა უცხო პლანეტაზეა და იქ მცხოვრებ ადამიანებზე, სადაც არ არის სკოლა და განათლებას ბავშვები წამლებით ღებულობენ. ბუნება- წითელი სითხეა, მათემატიკა-მწვანე, სპორტი- უფერო ყოფილა, წყალს ჰგავსო. შემდეგ გვეუბნება ავტორი როგორ არ უნდათ ბავშვებს ამ წამლების დალევა, თუმცა ოჯახში ჰყავთ დამხმარე რობოტი, რომელიც გაბედულად სვამს „წამალ ბუნებას“ და იწყებს საუბარს.

ეს არაა ვინმეს გასალანძღი წერილი, მე, როგორც მასწავლებელი, რომელიც მომხრე ვარ ყველა სასიკეთო სიახლის და მესმის, რომ აუცილებელია გადახალისდეს და მრავალფეროვანი გახდეს სასწავლო მასალა, ვნახულობ ყველა სასკოლო სახელმძღვანელოს, ვინტერესდები რა სიახლეს გვთავაზობენ, რა ფორმით, როგორ, როგორაა დასმული კითხვები და.ა.შ. მე ვიღებ ამ გამოწვევას, მაგრამ ეს ხომ ჩემთვის არაა…

მე, როგორც მშობელი, გეკითხებით: რა დაგიშავათ ჩემმა მეორე კლასელმა შვილმა? ეს ტანჯვაა მისთვის! როგორც მასწავლებელმა ფანტაზიის უნარის გაღვიძებას მივაწერე „სასწავლო საგანი წამლები“ მაგრამ ჩემი თავის შემრცხვა ნუთუ ვერაფერი მოვიძიეთ სხვა უფრო ლამაზი და საინტერესო? რატომ ჩავაფიქრეთ გაფუჭებულ ბორბალზე ბავშვები? რატომ მივახვედრეთ მეორე კლასელი ბავშვი და ვათქმევინეთ ლექსზე: „ეს რა სისულელეა?“.

ისინი ხომ ჯერ ახლა იწყებენ, რატომ არ ვაწყებინებთ ლამაზად და საინტერესოდ?                         ეს გულისტკივილით  დავწერე. ვისაც ხელეწიფება ეს საქმე, მივმართავ მათ: გაულამაზეთ ბავშვებს წიგნები საინტერესო და ლამაზი ამბებით, სიყვარულზე ვასწავლოთ, გაჭირვებულის დახმარებაზე. მშობლიური ლიტერატურა ჰქვია წიგნს –მშობლიური ამბები დავუწეროთ, თბილი და სასიკეთო! მეორე კლასელები არიან შვიდი  წლის ბავშვები, პატარები…

edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი