GE

„პედაგოგის საბაზო ხელფასი ყოველწლიურად გაიზრდება, წარმატებულები კი სკოლის განვითარების ფონდიდან დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ“

პედაგოგთა ხელფასებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განმარტა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მასწავლებლის ხელფასი შემდეგი კომპონენტისგან შედგება: ჩატარებული საათების რაოდენობა, განათლება, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სტატუსის დანამატი.

მისი თქმით, აღნიშნული სისტემა შემდეგ პრობლემებს იწვევს – არ არის წახალისებული თანამშრომლობა მოსწავლისა და სკოლის განვითარების მიმართულებით, არ ხდება მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობა და სხვა. მასწავლებელი ორიენტირებულია მხოლოდ საგაკვეთილო საათების ჩატარებაზე, რაც განაპირობებს ნაკლებად საინტერესო საგაკვეთილო პროცესებს, სკოლის აღმზრდელობითი ფუნქციის შესუსტებას, სწავლების ხარისხის ვარდნას და ნეგატიურად აისახება ერთიან სასკოლო განათლებაზე.

„განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, გაზრდილი დაფინანსების პირობებში, სამინისტრო მიიჩნევს, რომ მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა უნდა მოიცავდეს  შემდეგ კომპონენტებს: მასწავლებლის საბაზო ხელფასი, რომელიც შედგება მასწავლებლის განათლების, კომპეტენციის, სტაჟის და საგაკვეთილო დატვირთვისგან; მიღწევებზე დაფუძნებული კომპონენტი, –  რა საქმიანობას ეწევა მასწავლებელი საკუთარი მოსწავლეების და სკოლის განვითარებისთვის, რა წვლილი შეაქვს მოსწავლის აღზრდასა და პიროვნულ განვითარებაში. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ვალდებულებასა და სამუშაოს, რომლებშიც მასწავლებლები, მათი სტატუსიდან გამომდინარე, ჩაერთვებიან.

მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინსების მიღმა მიიღებს დამატებით ანაზღაურებას იმ სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სკოლის განვითარებაზეა ორიენტირებული და დაფინანსდება სკოლის განვითარების ფონდიდან. მასწავლებლის სახელფასო სქემა დაუკავშირდება სკოლების განვითარების ფონდის სისტემას“ – განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, „სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომა – ეს არის გამოსავალი სკოლების მართვის ეფექტიანობის გასაძლიერებლად და ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის და გარემოს მართვა დემოკრატიული და განვითარებაზე ორიენტირებული პრინციპით და შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმებით მოხდეს“.

ამ კონტექსტში მინისტრმა განმარტა, რომ სკოლებს ვაუჩერული საბაზისო დაფინანსება გაეზრდებათ.

მინისტრის აზრით, სკოლების მართვის მოდელი უნდა იყოს დიფერენცირებული, რომელიც ძირითადად ორ კომპონენტში განსხვავდება მოსწავლეთა კონტიგენტის და სკოლების განვითარების გეგმის შესაბამისად მაგალითად, გაძლიერებული მიმართულების სახელოვნებო, მეცნიერების, ტექნოლოგიების თუ სწავლების განსხვავებული ინოვაციური მეთოდიკის.  თუმცა, ამ მიმართულებით გრძელდება კონსულტაციები სასკოლო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, განათლების ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.

„დღეისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი წლიური ვაუჩერის საშუალო ოდენობა განისაზღვრება 960 ლარით. ვაუჩერი შედგება საბაზო დაფინანსებისგან, რომელიც სტანდარტულად მოსწავლეზე 300 ლარია და შესაბამისი კოეფიციენტებისგან (მოსწავლეთა რაოდენობა, ინფრასტრუქტურა, სკოლის სწავლების ენა, სსსმ საჭიროება და მდებარეობა, კომუნალური ხარჯები და სხვა) სკოლა ასევე დამატებით იღებს მასწავლებლის სტატუსის დანამატს.

სამინისტროს ხედვით, სკოლას გაეზრდება საბაზისო დაფინანსება. იმისათვის, რომ სკოლები ჩავაყენოთ თანაბარ პირობებში და ამავდროულად ვიყოთ ორიენტირებული ინდივიდუალური სკოლის საჭიროებაზე დაფუძნებულ განვითარებაზე, საჭიროა შემუშავდეს დამატებითი წახალისების ეფექტური და მხარდამჭერი მექნიზმი.

შესაბამისად, სკოლის დაფინანსება უნდა შედგებოდეს შემდეგი ძირითადი კომპონენტების საფუძველზე: 1.საბაზო ვაუჩერული დაფინანსება;  2. სკოლის განვითარების ფონდი. განათლების გაზრდილი ყოველწლიური ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს სკოლების დაფინანსების ორივე კომპონენტის ზრდას როგორც საბაზისო, ისე განვითარების ფონდის ნაწილში. ეს პირდაპირ უკავშირდება  მასწავლებლის ხელფასების ზრდას მათი სტატუსის და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესაბამისად.

ასევე, მუშავდება სპეციალიზირებული პროგრამები სკოლის განვითარებისთვის. კერძოდ იმისათვის, რომ სკოლებმა მოახდინონ საჭიროების დადგენა თვითშეფასებაზე დაფუძნებით, ხოლო სამინისტრო ექსპერტთა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით პროგრამულად დააფინანსებს ასეთ ინიციატივებს. მაგალითად “სასკოლო ინიციატივების” პროგრამის ფარგლებში მუშავდება ელექტრონული პორტალი, სადაც სკოლები შეძლებენ პროექტების ინიცირებას“ – განმარტა მინისტრმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური