GE

პედაგოგთა ანაზღაურებაში მოსალოდნელი ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები

მასწავლებლებს საგაკვეთილო საათებისთვის ბრძოლა შესაძლოა, აღარ მოუხდეთ. ამის მიზეზი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივაა, რომელიც პედაგოგების ანაზღაურებასა და დანამატების საკითხს ეხება.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პედაგოგების ანაზღაურების სისტემა შესაძლოა, შეიცვალოს. იგეგმება მასწავლებელთა ანაზღაურებისა და დანამატების საკითხის გადახედვა. რის შემდგომაც შესაძლებელია, დანამატები პედაგოგების საგაკვეთილო საათებზე აღარ იყოს დამოკიდებული.

განათლების სფეროს ექსპერტები მინისტრს უფრო მეტი სიცხადისა და დეტალების გაცხადებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, იმ დადებით თუ უარყოფით საკითხებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა ამ ცვლილებებმა გამოიწვიოს.

სამოქალაქო განმანათლებელთა საქართველოს ასოციაციის დამფუძნებელი გიორგი გახელაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ინიციატივა ძალიან ზოგადია, თუმცა ადეკვატური; თავად ეს იდეა კი დიდი ხანია პროფესიულ წრეებში მწიფდება. ოპოზიციაც, ბოლო წლებია მოუწოდებს განათლების სამინისტროს, რომ მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურება სერტიფიცირებით განისაზღვრებოდეს და მას საათობრივ დატვირთვასთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდეს.

„სიცხადისთვის რომ ვთქვათ, პედაგოგთა ახლანდელი, მოქმედი ანაზღაურების სისტემა ფორმალურად დღესაც არ არის მხოლოდ საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე დამოკიდებული. მასში ისეთი ცვლადები მონაწილეობს, როგორიც არის მასწავლებლის კვალიფიკაცია, განათლების ხარისხი და სტაჟი, თუმცა ძირითადი წონა პედაგოგის ხელფასში ნამდვილად აქვს გაკვეთილების რაოდენობას.

„თუ ეს ფორმულა შეიცვლება და უფრო ადეკვატური გახდება, გაითვალისწინებს მასწავლების სტატუსს, მის შესაბამის სამუშაო დატვირთვას, რომელიც საგაკვეთილო საათების მიღმაა და ასეთი სამუშაო მართლაც ბევრი აქვს კარგ მასწავლებელს – ეს ადეკვატური ინიციატივა იქნება. მაგრამ კითხვის ნიშანი მაინც დარჩება, რადგან გააჩნია რა გახდება საგაკვეთილო საათების დატვირთვის თანაფარდი კომპონენტი ხელფასის დაანგარიშებაში, რის შესახებაც ჯერჯერობით მინისტრს არ განუცხადებია. როგორ წარმოუდეგნია მას ეს ფორმულა, ჩემთვის უცნობია.

„ყველას კარგად ესმის, რომ კარგი მასწავლებლის შრომა უფრო მეტად ფასობს საგაკვეთილო პერიოდის მიღმა, ანუ მოსამზადებელ და პოსტსაგაკვეთილო სამუშაოში და ამაში უნდა ხარჯავდეს ის დროს, ვიდრე კონვეირივით საგაკვეთილო საათების ჩატარებში მხოლოდ იმისთვის, რომ შემდგომ ანაზღაურება მიიღოს. კონვეირული მასწავლებელი ვერ იქნება კარგი პედაგოგი“, – განაცხადა გიორგი გახელაძემ.

მიხეილ ჩხენკელის მიერ დაანონსებული ცვლილების საპილოტე რეჟიმში განხორციელებაზე საუბრობს განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია. ის ამბობს, რომ აუცილებელია, სამინისტრომ რამდენიმე სკოლაში პილოტირების რეჟიმში  დანერგოს სიახლე და ნახოს, თუ რა შედეგის მომცემი იქნება ის.

„არის სკოლები, სადაც შესაძლებელია, რომ მასწავლებლების სამუშაო დატვირთვა იყოს ისეთივე, როგორიც ნებისმიერ სხვა სამუშაო სფეროშია. შესაძლებელია, ადამიანები მთელი კვირის მანძილზე სრული დატვირთვით, 36-დან 40–საათამდე მუშაობდნენ და ეს  არა მხოლოდ გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობდეს, არამედ სკოლაში დარჩენას, ბავშვებთან დამატებით მუშაობას და ეს კარგი იქნება. მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საათებისთვის ბრძოლა.

„ცხადია, არსებობს სკოლები, სადაც უფრო რთული იქნება ამის გაკეთება, რადგან ფინანსურად უფრო ძვირი ჯდება, როდესაც მასწავლებლები საათებზე არ არიან  მიბმულნი. თუმცა, პატარა სკოლებში საათებისთვის ბრძოლა ისედაც იშვიათია, რადგან შეიძლება საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლიდეს და არა რამდენიმე.

„ამასთან, მნიშვნელოვანია პოლიტიკის დიფერენცირება. აუცილებელია, ამ ცვლილების გამოცდა, ანუ რამდენიმე სკოლაში დაიტესტოს პილოტირების რეჟიმში და ვნახოთ, მასწავლებლებს რა დამოკიდებულება ექნებათ ასეთი სისტემის მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ პედაგოგების ნაწილს ურჩევნია, გაკვეთილების შემდეგ სახლში წავიდს, ზოგსაც ნაკლები საათი უნდა სკოლაში და ა.შ. ასევე, საჭირო იქნება იმის დადგენა, მინიმუმ რამდენი საათი უნდა ატარებდეს მასწავლებელი გაკვეთილებს, რათა ამან უკუეფექტი არ გამოიწვიოს და მათ ხელფასი მინიმალური გაკვეთილების ჩატარებაში არ აიღონ“, – აცხადებს სიმონ ჯანაშია და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ასეთი ინიციატივისთვის აუცილებელია, სკოლები მათი შესაძლებელობების და ინტერესების მიხედით განვასხვავოთ.

„ვცადოთ ეს სისტემა სხვადასხვა ტიპის სკოლებში და ვნახოთ, როგორ მიიღებენ ამას. ცხადია, რომ პილოტირება ასეთ პირობებში უნდა გულისხმობდეს სკოლების თანხმობას და არა სამინისტროსგან თავსმოხვეულ რეგულაციებს“, – გვითხრა განათლების ექსპერტმა.

ჯანაშიამ EDU.ARIS.GE-სთან მინისტრის მიერ განხორციელებულ იმ ცვლილებაზეც ისაუბრა, რომელიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის სახელფასო დანამატის გაზრდას ეხებოდა.

ამბობს, რომ ცვლილება არაერთ რისკთან არის დაკავშირებული, მათ შორის უმთავრესი პედაგოგთა შეფასების კრიტერიუების დაწევაა. მისივე თქმით, ფაქტია ისიც, რომ სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟულობის გასაზრდელად რეალურ ნაბიჯებს არ დგამს.

„თუ დავფიქრდებით რატომ აკეთებს სამინისტრო ამას, მივხვდებით, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ზედა საფეხურის მასწავლებლების მცირე რაოდენობაა. აქ უფრო მარტივია ხელფასის მომატება ისე, რომ ამან ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდა არ გამოიწვიოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჯერ ისევ არ დგამს სერიოზულ ნაბიჯს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟულობისთვის.

„ზოგადად, ხელფასების გაზრდა არის მნიშვნელოვანი, რადგან განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, დღეს ყველა სხვა სფეროსთან შედარებით დაბალი ანაზღაურება აქვთ. ეს შეგვიძლია სტატისტიკის დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციითაც დავადასტუროთ. თუმცა, იმ ხალხს, ვინც გაცნობიერებული არ იყო სასკოლო პოლიტიკასა და სისტემებში, სახელმწიფო ეუბნებოდა, რომ მათ განათლებაში საშუალო ხელფასი გაზარდეს. ამას არა რეალურ შემოსავალზე დაყრდნობით აცხადებდნენ, არამედ სახელფასო სქემის მიხედვით.

„ანუ, თუ მენტორის საფეხურზე მყოფ მასწავლებლებს ხელფასს მოუმატებ და შემდგომ უბრალოდ საშუალო ხელფასს გამოთვლი, მაშინ მიიღება მაღალი ანაზღაურება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მასწავლებლების 90% სხვა ხელფასს იღებს, მაშინ ცხადია სისტემაში ხელფასი არ იზრდება“, – აცხადებს სიმონ ჯანაშია და აღნიშნავს, რომ თუ ქვედა საფეხურის მასწავლებლების საწყისი ხელფასი არ გაიზრდება, მაშინ ახალგაზრდებისთვის ეს პროფესია აღარ იქნება მიმზიდველი, რადგან შესაძლოა, მუშაობის დაწყებიდან 15 წლის შემდგომ ჰქონდეს ის ხელფასი, რაც ყველაზე ზედა საფეხურზე მყოფ მასწავლებელს აქვს.

„ასე ხელფასების მომატების კიდევ ერთი რისკი ის არის, რომ სკოლები დაინტერესებულნი გახდებიან, რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანონ მასწავლებლები ზედა საფეხურზე, რათა მათ პედაგოგებს ჰქონდეთ უფრო მაღალი ხელფასი და უფრო კმაყოფილები იყვნენ. ეს კი, თავის მხრვ, შეფასების კრიტერიუმების დაწევას გამოიწვევს იმისთვის, რომ მასწავლებლები რაც შეიძლება მარტივად გადავიდნენ ერთი საფეხურიდან მეორეზე. ასე რომ, ვფიქრობ, ნებისმიერი ასეთი ქმედება გააზრებული უნდა იყოს ამ სისტემის შიგნით სხვადასხვა ადამიანებისა და რგოლების ინტერესების გათვალისწინებით“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

ამავე თემაზე:

როდიდან მიიღებენ წამყვანი და მენტორი მასწავლებლები გაზრდილ დანამატს – თანხის ოდენობები

პედაგოგების ანაზღაურების სისტემა შესაძლოა შეიცვალოს – როგორია მინისტრის ხედვა

მაღალსტატუსიანი დაბალხელფასიანი მასწავლებლები

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური