GE

„პედაგოგთა დღევანდელი რაოდენობა (67 000) გადაჭარბებულია“ – სპეციალისტები მასწავლებელთა შესაძლო შემცირების თემაზე

საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მართალია, წინა წლებთან შედარებით, განათლების დაფინანსება გაიზარდა, თუმცა მასწავლებლების ხელფასების ზრდა ბიუჯეტის პროექტში იმთავითვე არ იყო გათვალისწინებული.

როგორც  EDU.ARIS.GE – სთვის გახდა ცნობილი,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრო მასწავლებელთა მკვეთრ შემცირებას გეგმავს და შესაძლოა, სწორედ ამგვარად გახდეს შესაძლებელი მასწავლებელთა საბაზო ხელფასის ზრდა, რაც დღეს 405 ლარს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროში ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ, EDU.ARIS.GE აღნიშნული მოცემულობის შეფასების მიზნით განათლების დარგის სპეციალისტებს და პრაქტიკოს მასწავლებელს ესაუბრა.

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, განათლების ექსპერტი  რევაზ აფხაზავა ამბობს, მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა განათლების სისტემისთვის პრინციპული საკითხია, მაგრამ რა ფორმით მოახერხებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამას, ეს ფართო განხილვის და მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, რადგან  „ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ მიუხედავად მასწავლებელთა ჭარბი რაოდენობისა, კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა დგას ქვეყნის წინაშე“.

„სანამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება რთული იქნება. მაგალითად, რას ნიშნავს შემცირება, რა ფორმით აპირებენ ამას, ვინმე თავისით მიდის, ვთქვათ საპენსიო ასაკის გამო და ა.შ. ბევრი ბერკეტი შეიძლება არსებობდეს რაოდენობის შესამცირებლად, თუმცა კონკრეტულად სანამ არ გვეცოდინება, რთულია საუბარი. ჩვენ  საკმაო რაოდენობის მასწავლებელი გვყავს, თუმცა კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტი მაინც დგას ქვეყნის წინაშე. ამ მიმართულებით სამუშაო არის და პროფესიას გაძლიერება სჭირდება. კონკრეტულად რა პოლიტიკას შეიმუშავებენ და რა ბერკეტებს გამოიყენებენ ამისთვის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი: თუ ეს იქნება თანმიმდევრული პროცესი, რომელიც გარკვეულწილად არაპროფესიონალი მასწავლებლებისგან და უბრალოდ  შეკედლებული ადამიანებისგან დაცლის სისტემას, ეს ცალკე თემაა თუ ეს მექანიკური პროცესი იქნება, ეს ცალკე საკითხია“, – ამბობს აფხაზავა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძე კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მასწავლებლების დღევანდელი რაოდენობა გადაჭარბებულია.

„ჩემთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, კონკრეტულად, რა ტიპის ინიციატივაზეა საუბარი, მაგრამ ხედვა, რომ სისტემა გახდეს მოქნილი და ოპტიმალური, უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ სისტემას ჰყავდეს იმდენი მასწავლებელი, რამდენიც საჭიროა. დღევანდელი რაოდენობა არის გადაჭარბებული, რასაც გეოგრაფიული მდებარეობა და დემოგრაფიული სიტუაციაც უწყობს ხელს“, – აცხადებს ტაბატაძე.

მისი თქმით, დღეს განათლების სისტემაში გვაქვს 30 წლის წინანდელი და უფრო ძველი მიდგომაც, როდესაც გვყავს რაოდენობრივად საჭიროზე მეტი და ამასთან ნაკლები კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი და როდესაც დღეს ვსაუბრობთ მასწავლებლების შემცირებაზე, რეალურად ორ მოცემულობას შორის უნდა მოხდეს არჩევანი. პირველი, რომ დავრჩეთ, ძველ სისტემაზე, დავტოვოთ მასწავლებლების იგივე რაოდენობა და მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად დავხარჯოთ თანხა, რაც გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე ის რომ, გვყავდეს შედარებით ნაკლები, მაგრამ მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლები, რომელთაც ექნებათ შესაბამისი ანაზღაურება და რომელთა პროფესიულ განვითარებაზეც იზრუნებს სახელმწიფო.

„მნიშვნელოვანია ზოგადი მიდგომა – გვყავს ბევრი მასწავლებელი, რომელთაგან ბევრი არის დაბალკვალიფიციური და რომელთა პროფესიული განათლება სახელმწიფოს დაუჯდება ძვირი და მათი ანაზღაურებაც შესაბამისად დაბალია, თუ სისტემაში გვყავს შედარებით დაბალი რაოდენობის მასწავლებელი, სისტემაში მოხვედრა ხდება მაღალი კონკურენციის პირობებში და შესაბამისად, ანაზღაურებაც არის მაღალი. მასწავლებლები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე და სახელმწიფოც უწყობს ხელს. წლების განმავლობაში ჩვენ ვირჩევდით რომ გვყოლოდა და შეგვენახა  სისტემაში 67 ათასამდე მასწავლებელი, რაც ნამდვილად არ გვჭირდება, მათი კვალიფიკაციის და საგნობრივი ცოდნის მიუხედავად. დღემდე მოვდივართ მე–20 საუკუნის სისტემით და თუ ამის შეცვლაზეა საუბარი, მისასალმებელია, თუმცა სანამ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ამ გადაწყვეტილებამდე მივა, ბევრი საკითხია გასავლელი“, – აღნიშნავს EDU.ARIS.GE–სთან შალვა ტაბატაძე.

განათლების მეცნიერებების მაგისტრი, თბილისის #192 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი ქართულ ენაში თამარ ლომიტაშვილი, ამბობს, რომ კარგი პედაგოგების შენარჩუნებას სახელმწიფო ნაკლებად უწყობს ხელს და ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია სხვისი შემცირების ხარჯზე მიღებული გაზრდილი ხელფასი.

„საქართველოს ხელისუფლებამ, ალბათ, არ იცის, რომ დღეს მრავალი პედაგოგი თავისი მცირე ხელფასით მრავალსულიან ოჯახს ინახავს. ზოგმა მიატოვა სკოლა, საყვარელი საქმე და ემიგრანტთა მძიმე ხვედრი იტვირთა. პირადად ვიცნობ საუკეთესო მასწავლებლებს, რომელთა წასვლა დიდი დანაკლისია სისტემისათვის, მაგრამ, ვინმემ იზრუნა მათ შენარჩუნებაზე?

სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, ხელი როგორ უნდა ვახლო და მოვიხმარო ფული, რომელსაც ჩემი კოლეგის შემცირების შედეგად დამიმატებენ. არანაირ ანაზღაურებად არ მიღირს, თუნდაც ერთი ადამიანის ფსიქოლოგიური ტრამვა, მატერიალურს რომ თავი დავანებოთ.

რაც შეეხება პედაგოგის კომპეტენციას – რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ ის უმაღლესი უნდა იყოს. კარგი პედაგოგი არა მარტო შესაბამისი ცოდნით, არამედ მრავალი საჭირო უნარით უნდა წარსდგეს მოსწავლის წინაშე. დღეს რომელ მასწავლებელს შეუძლია თქვას, რომ ის ყოველმხრივ განათლებული და საჭირო უნარებით შეიარაღებულია თანამედროვე გამოწვევებთან მებრძოლი ადამიანის ჩამოსაყალიბებლად, გასავითარებლად? – ჩემი აზრით, ძალიან ცოტას, რადგან სამყარო ყოველდღიურად ვითარდება და, შესაბამისად, მასწავლებლის განვითარებაც ვალიდური უნდა იყოს.

ნუ ვიქნებით ცინიკოსები და ნუ ვიტყვით, რომ ამისათვის ,,გუგლი“ კმარა. მრავალი წელია პედაგოგები საფუძვლიანად არ გადამზადებულან. დიახ, იყო ,,ვითომ ტრენინგები, ,,ვითომ სერტიფიკატები“, ,,ვითომ კარიერული წინსვლა; მაგრამ სინამდვილეში, ამ ყველაფერში ნამდვილი, მხოლოდ დიდი რაოდენობით ფულის ფლანგვა იყო, რაც არც მოსწავლესა და არც მასწავლებელზე დადებითად არ ასახულა.

რასაკვირველია, სისტემაში იქნება საგანმანათლებლო პროცესისათვის შეუსაბამო პედაგოგები და ისინი აუცილებლად უნდა ჩამოაშორონ სკოლას, მაგრამ ახლა რა ინსტრუმენტებით აპირებენ მათი ავკარგიანობის გაზომვასა და შეფასებას? ოღონდ სერტიფიკატ-დასწრებებით არა! ვერც ასაკით განვსაზღვრავთ, რადგან ხშირად გვინახავს შედეგზე გასული ასაკიანი პედაგოგი და უშედეგო – ახალგაზრდა, ან პირიქით…

საბოლოოდ, ჩემი აზრით, ჯერ უნდა გადაამზადონ თითოეული მასწავლებელი კარგად დარეგულირებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასონ და ამის შედეგად განსაზღვრონ ვინ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს და ვინ არა“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს თამარ ლომიტაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც პრემიერ–მინისტრმა, ისე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მასწავლებლის ხელფასი 2020 წლიდან 1500 ლარამდე გაიზრდება, თუმცა კონკრეტიკა, ეს იქნება საბაზო ხელფასის მატების თუ პედაგოგთა სხვა დანამატების ხარჯზე, ამ დრომდე არ მოგვისმენია. გარდა ამისა, განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც ასევე დაანონსებულია, ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია.

განათლების სამინისტრო მასწავლებელთა მკვეთრ შემცირებას გეგმავს

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური