GE

პენსიონერ სკოლის დირექტორებს, ჯილდოს აღების შემთხვევაში, სკოლაში დარჩენაც შეეძლებათ

განათლების სამინისტროს ინიციატივა, პენსიონერი პედაგოგებისთვის ჯილდოს გადაცემის შესახებ, სკოლის დირექტორებსაც ეხებათ.

ეს ინფორმაცია  EDU.ARIS.GE-ს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანმა დაუდასტურა.

ჩვენს კითხვაზე, – თუ სკოლის დირექტორი ასწავლის საგანს და უნდა ჯილდოს აღება და საგნის სწავლების დატოვება, შეუძლია თუ არა ჯილდოც აიღოს და დარჩეს სკოლის დირექტორად, მანანა რატიანი გვპასუხობს, რომ ეს შესაძლებელია.

„სკოლის დირექტორი, რომელსაც აქვს სწავლებაში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ეს შეთავაზება მასზეც ვრცელდება. თუ არის პრაქტიკოსი და ამავდროულად შეთავსებული აქვს საქმის მწარმოებლის, ან დირექტორის ფუნქცია, ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ ფუნქციას ასრულებს სკოლაში, ჯილდოზე განცხადების დაწერა ეხება მისი საქმიანობის შეჩერებას სწავლა/სწავლების მიმართულებით და არა მის ადმინისტრაციულ საქმიანობას.

პრაქტიკოსი მასწავლებელი ჯილდოთი სარგებლობს იმის მიუხედავად, გამოცდაზე გასულია თუ არა. თუკი ივლისში დაწერენ განცხადებას, სექტემბერში მიიღებენ ჯილდოს. ჯილდოს დაანგარიშება ხდება არა მხოლოდ საათობრივი დატვირთით, არამედ სხვა დანამატების მიხედვითაც. უბრალოდ შემდეგ 2 წლის განმავლობაში მათ არ ექნებათ საშუალება იგივე საქმიანობით დაკავდნენ სკოლაში, ანუ ასწავლონ საგანი“, -განაცხადა მანანა რატიანმა.

ცნობილია, რომ სკოლიდან წასულ მასწავლებლებს პედაგოგიური საქმიანობა არ შეეზღუდებათ, თუ ისინი გამოცდას ჩააბარებენ,  თავიანთ საგანში სერტიფიცირებულები გახდებიან და შემდეგ მოუნდებათ ისევ სკოლაში მუშაობა.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით პენსიონერ პედაგოგებს, რომლებსაც არ სურთ საგანში გამოცდის ჩაბარება და სტატუსის ამაღლება, შეუძლიათ 2 წლის ხელფასი ჯილდოს სახით აიღონ და სკოლა დატოვონ.

ამ დროისთვის ჯილდოს აღების სურვილი, დაახლოებით, 6-ათასამდე პედაგოგმა გამოთქვა. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, სისტემაში 13-ათასამდე პენსიონერი პედაგოგია, რომლებსაც საგანში კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ.

როდის და როგორ უნდა მიიღოს საპენსიო ასაკის მასწავლებელმა სახელმწიფო ჯილდო და გავიდეს პროფესიიდან – ვადები და პროცედურა

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური