GE

„პირველ სემესტრში მშობლების დაჟინებული მოთხოვნის შედეგად გაიხსნა სკოლები და იცით რა მოხდა?“ – მასწავლებლის პასუხი მშობლებს

დედაქალაქში მცხოვრები მოსწავლეთა მშობლების ერთი ნაწილის მოთხოვნას რომ საგაკვეთილო პროცესი სკოლებში განახლდეს, მასწავლებლებიც ეხმაურებიან და მათი ნაწილის შეფასებით, საკლასო ოთახში სწავლის განახლება კონკრეტულ პრობლემებს გამოიწვევს სასწავლო პროცესში.

განათლების მეცნიერებების მაგისტრი, თბილისის #192 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი ქართულ ენაში თამუნა ლომიტაშვილი წერს:

“პირველ სემესტრში, მშობლების დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, გაიხსნა სკოლები და იცით რა მოხდა? გაკვეთილზე 6-10 მოსწავლე იჯდა. დანარჩენი არ გამოუშვეს, საფრთხიდან გამომდინარე. შინდარჩენილებს დისტანციურად ჩავუტაროთო, დააჯგუფეს კლასების მიხედვით და ეს ჯგუფები სხვადასხვა მასწავლებლებთან გადანაწილდნენ… აი, იქ იყო დიდი გაუგებრობა თუ იყო…

სკოლაში სიარული რომ ჰაერივით საჭიროა ბავშვის განვითარებისათვის, ეს ჩვენზე, სპეციალისტებზე უკეთ ცოტამ თუ იცის… მაგრამ – ვერ გვპირდება ხელისუფლება, მოცემულ ვითარებაში, კლასში 30 მოსწავლის უსაფრთხოებას უზრუნველვყოფო!…

დაარიგეს სადეზინფექციო ხსნარები, ტილოები, დაიკიდა სასაპნეები, მაგრამ ხომ ვიცით, რისკები გაცილებით დიდია და ამის პრევენცია ვერ ხდება??? ან ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში, ან დარჩეს დისტანციური სწავლება! ღმერთმა სულ ქორფა და ჯანმრთელი ოჯახები მოგცეთ, მაგრამ არსებობენ მაღალი რისკის მქონე ოჯახისწევრებიანი მოსწვლეები და მათ ისევ არ გამოუშვებენ სკოლაში, ისინი გაცილებით მეტნი არიან და როგორ მოვიქცეთ? თქვენ მიერ ისედაც დაწუნებულმა პედაგოგებმა, ცალი ფეხით კლასში ატარონ გაკვეთილი – ცალით დისტანციურად?”, – წერს თამუნა ლომიტაშვილი.

მისივე თქმით, მას აქვს საკუთარი ახსნა, თუ რატომ ვერ გამოდის სკოლების გახსნის მოთხოვნით:

“ორმაგი სწავლება იყო ჯოჯოხეთი და სკოლის გახსნას რომ ითხოვენ ეგ მახსენდება. ამაზე საშინელი რა უნდა მოეფიქრებინა მინისტრს! ყველა მშობელს ასიამოვნა, ზოგმა სკოლაში იარეთ, ზოგიც შინ დარჩითო! შინდარჩენილები სხვა მასწავლებლებთან გადაანაწილეს და მშობლები მწერდნენ, ტირიან ჩვენი მასწ. გვინდაო… იგივე განმეორდება, თუ სასწრაფოდ მიდგომა არ შეიცვლება. მინისტრი ხომ არ ეღირსა ამ სისტემას!

“მე გამქრალ ბავშვებს ვეძახი, ვინც აღარც სკოლაში და დადის და არც ონლაინ ესწრება… აი, სულ გაქრნენ (ინფორმირებულია მშობელი, აქვს ტექნიკა და ინტერნეტი…) ასეთი მოსწავლეების ძალით ჩართვა ვერ ხერხდება… მე შემიძლია ვისაუბრო რას გამოიწვევს სკოლის არგახსნა, მაგრამ არ ვიცი რას გამოიწვევს სკოლის გახსნა, მოცემულ ვითარებაში, ამიტომ ვერ გამოვდივარ შესაბამისი მოთხოვნით… იყო შემთხვევები, როდესაც კორონით დაინფიცირებული ოჯახები შვილებს უშვებდნენ სკოლაში და ამის შესახებ მოგვიანებით გავიგეთ… საზოგადოებრივი თვითშეგნების პრობლემაც რომ ერთვის ამ ყველაფერს… თუმცა ამასაც განათლების მოშლილ სისტემამდე მივყავართ…”, – ამბობს მასწავლებელი.

მშობლების ერთმა ნაწილმა განათლების სამინისტროს 48 საათი მისცა საკითხის გადასაწყვეტად და სკოლაში 1-ლი თებერვლიდან სურთ დაბრუნება.

როგორც ცნობილია, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ქალაქებში სკოლების გახსნის ამჟამინდელი გეგმა ასეთია და ის 15 თებერვალს კიდევ გადაიხედება:

სკოლები ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ლი თებერვლიდან გაიხსნება, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი, 1-ლი მარტიდან არის დაგეგმილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

ამ პერიოდებიდანვეა დაგეგმილი ქალაქების მიხედვით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენაც:

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება 1-ლი თებერვლიდან.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ტრანსპორტის აღდგენა დაგეგმილია 1-ლი მარტიდან ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

„კარანტინში, მოსწავლეებზე დაკვირვებით, საოცარი რამ აღმოვაჩინე“ – თამუნა ლომიტაშვილი დისტანციური სწავლების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური