GE

პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის საქართველოს მასშტაბით 74  606 ვაკანტური ადგილია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის განცხადებით, 2018-2019 სასწავლო წელს პირველკლასელთა რეგისტარაციისთვის სულ 74 606 ვაკანტური ადგილია გამოყოფილი.

„2018-2019 სასწავლო წლისთვის თბილისში გამოყოფილი ლიმიტების რაოდენობა გახლავთ 18 330 ადგილი და ეს 3 000-ით მეტია თბილისში რეგისტრირებულ მოსწავლეებზე.

საქართველოს მასშტაბით გამოყოფილი ლიმიტების რაოდენობა გახლავთ 74 606. ჩვენ ველოდებით 55–ათასამდე მოსწავლეს, ასე რომ, არც ერთი მოსწავლე არ იქნება სკოლის გარეშე. მშობლებს ვთხოვთ, რომ სახლთან ახლოს შეარჩიონ სკოლა“, – განაცხადა ლია გიგაურმა პირველკლასელთა რეგისტრაციის დაწყებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე.

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო და 27 აპრილის ჩათვლით გასტანს. ამ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრაცია ეხებათ მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მოსწავლეებს და არა ყველას.

I ეტაპი – რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 10 აპრილს და 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველ ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, სადაც  რეგისტრირდებიან მხოლოდ ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რაც შეეხება დოკუმენტების სკოლაში წარდგენას, I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 2018 წლის  30 აპრილიდან 208 წლის 7 მაისის ჩათვლით.

ინფორმაცია რეგისტრაციის მომდევნო ეტაპების შესახებ

შეგახსენებთ, რომ „2018-2019 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლას 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ“ – აღნიშნული ინფორმაცია EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ექსკლუზიურად დაუდასტურეს. როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, ახალი სასწავლო წელი 2018 წლის 17 სექტემბერს იწყება, რადგან მინისტრის ბრძანებით სწავლის დაწყების მუდმივ თარიღად განსაზღვრული 15 სექტემბერი დასვენების დღეს (შაბათს) ემთხვევა და სასწავლო პროცესი კანონში არსებული ჩანაწერის თანახმად, ორშაბათს, 17 სექტემბერს უნდა დაიწყოს. კანონით კი განსაზღვრულია, რომ სკოლაში შესვლის ასაკი არის 6 წელი.

გთავაზობთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  • სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური