GE

PISA: მოსწავლეებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ რას შეიძლება ნიშნავდეს კარიერა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს საქართველოს ანგარიშის მიხედვით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ახალი თაობის მეცნიერების, ინჟინრებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მომზადება განათლების სისტემების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში სულ უფრო მცირდება უმაღლეს სასწავლებლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებულ სფეროებში ჩარიცხვისა და სწავლის დასრულების მაჩვენებლები, ასევე შეინიშნება შრომის ბაზარზე ამ სფეროს კურსდამთავრებულთა დეფიციტი.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში განათლების სპეციალისტები და პოლიტიკის განმსაზღვრელები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ტექნოლოგიების დახვეწას.

კვლევები აჩვენებს, რომ მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციისა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაზრდა იმ ასაკში, როდესაც მოსწავლე თავის მომავალ კარიერაზე იწყებს ფიქრს, ზრდის საბუნებისმეტყველო სფეროში დასაქმების მსურველი მოსწავლეების რაოდენობას“, – ვკითხულობთ მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს საქართველოს ანგარიშში.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი მოსწავლეთა დამოკიდებულებების დასადგენად PISA-ში სამი ასპექტი იზომება – მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია და თვითეფექტურობა.

PISA-ს მიხედვით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა ჩართულობის საზომს წარმოადგენს მოსწავლეთა კარიერული მოლოდინები, რომლებიც, თავის მხრივ, ეფუძნება მოსწავლეთა პასუხებს შეკითხვაზე – რა პროფესია ექნებათ, მათი ვარაუდით, 30 წლის ასაკში.

რაც შეეხება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის მოტივაციის გაზომვას, საქართველოსთვის, არსებული მონაცემების მიხედვით, მოტივაცია იზომება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლით მიღებული სიამოვნებისა და ინსტრუმენტული მოტივაციის საფუძველზე (ანუ რამდენად საჭიროდ და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მომავალი კარიერისათვის სკოლაში შესწავლილი საბუნებისმეტყველო საგნები მოსწავლეებს).

საქართველოში, ისევე როგორც ზოგადად OECD-ის ქვეყნებში, საბუნებისმეტყველო სფეროში კარიერას უფრო ხშირად ირჩევენ სოციო- ეკონომიკურად დაწინაურებული ოჯახებიდან. კერძოდ, საქართველოში მეცნიერებასთან დაკავშირებული კარიერის არჩევის ალბათობა დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეებში (მაღალი სოციო- ეკონომიკური სტატუსის მოსწავლეებთან შედარებით) 27%-ით უფრო დაბალია.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თუ კარიერულ მოლოდინებს მიღწევის დონეების ჭრილში განვიხილავთ, ვნახავთ, რომ საქართველოში, ისევე როგორც თითქმის ყველა ქვეყანაში, მიღწევის ყოველ მომდევნო დონეზე იზრდება იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც მომავალ პროფესიას საბუნებისმეტყველო სფეროს უკავშირებენ – დაბალი მიღწევების მქონე (მიღწევის მეორე საფეხურის ქვემოთ) მოსწავლეებიდან მხოლოდ 14,5%-ს წარმოუდგენია საკუთარი თავი საბუნებისმეტყველო სფეროში დასაქმებულად 30 წლის ასაკში. საშუალო მიღწევების შემთხვევაში ასეთ მოსწავლეთა რაოდენობა 18,6%-ია, ხოლო მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა 25,9%-ს აქვს გადაწყვეტილი, მომავალი პროფესია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს დაუკავშიროს.

„კარიერული მოლოდინების სქესის მიხედვით გაანალიზებისას სხვაობა ძალიან მცირეა, გოგონებიც და ბიჭებიც დაახლოებით ერთნაირად ირჩევენ საბუნებისმეტყველო სფეროს პროფესიებს, თუმცა, თუ მოსწავლეთა არჩევანს კონკრეტული პროფესიების მიხედვით შევადარებთ, მათ შორის განსხვავება აშკარა და თვალშისაცემი იქნება – ბიჭები მეტად ინტერესდებიან სამეცნიერო-საინჟინრო და საინფორმაციო კომუნიკაციური ტექნოლოგიებით, მაშინ როდესაც გოგონების უმეტესობა სამედიცინო სფეროში ხედავს მომავალ პროფესიას“, – აღნიშნული ანგარიშში.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ ინტერესი OECD-ის ქვეყნებში უფრო მაღალია და, საქართველოს მონაცემებისგან განსხვავებით, ბიჭები გოგონებზე მეტად ფიქრობენ ამ სფეროში დასაქმებას. რაც შეეხება პროფესიების არჩევანს შორის განსხვავებას სქესის მიხედვით, ტენდენცია OECD-ის ქვეყნებსა და საქართველოში მსგავსია.

საქართველოში მოსწავლეებს უფრო „სიამოვნებთ“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლა და მუშაობა შესაბამის საკითხებზე, ვიდრე საშუალოდ OECD-ის ქვეყნების მოსწავლეებს.

OECD-ის ქვეყნებში მოსწავლეთა მეოთხედი (24%) მომავალი პროფესიის არჩევას საბუნებისმეტყველო სფეროდან აპირებს, 57% – სხვა სფეროში ხედავს თავის მომავალ პროფესიას, ხოლო მოსწავლეთა 19% პასუხგაუცემელს ტოვებს ამ შეკითხვას.

საქართველოში კვლევაში მონაწილე მოსწავლეებიდან დაახლოებით 17% ფიქრობს, რომ 30 წლის ასაკში საბუნებისმეტყველო სფეროში იქნება დასაქმებული (ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია ვიდრე OECD-ის ქვეყნებში). ასევე, გამოკითხული მოსწავლეების დიდი ნაწილი (27%) უპასუხოდ ტოვებს ამ შეკითხვას. სხვა სფეროში დასაქმებას ფიქრობს 56% (ეს მაჩვენებელი OECD-ის ქვეყნების მაჩვენებლის მსგავსია).

რაც შეეხება თავად პროფესიების გადანაწილებას, კვლევაში მონაწილე ქართველი მოსწავლეების 4% სამეცნიერო-საინჟინრო სფეროს პროფესიებს ასახელებს, 10% სამედიცინო სფეროში აპირებს დასაქმებას, საინფორმაციო კომუნიკაციური ტექნოლოგიები აინტერესებს 3%-ს, ხოლო საბუნებისმეტყველო სფეროს ტექნიკოსად და ასოცირებულ სპეციალისტებად მუშაობას მხოლოდ 0,1% ფიქრობს.

PISA-  რეკომენდაციები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებით:

PISA-ს საერთაშორისო ანგარიშის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას წარმოადგენს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებული კარიერის პოპულარიზაციის მექანიზმების გაძლიერება. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში, რადგან იმ მოსწავლეთა წილი, რომლებიც თავის მომავალ კარიერას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს უკავშირებენ, ჩამორჩება ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.

გარდა ამისა, ჩანს გენდერული განსხვავებები კარიერის არჩევის სპეციფიკაში. კვლევები ადასტურებს, რომ გენდერული სტერეოტიპები ამცირებს გოგონების ინტერესს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში.  მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მეორეკლასელმა გოგონებმა უკვე იციან საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპის შესახებ, რომ ბიჭები მათემატიკაში უფრო „ძლიერები“ არიან.

მეცნიერების და მეცნიერებასთან დაკავშირებული პროფესიების შესახებ სტერეოტიპები (კომპიუტერული მეცნიერებები „მამაკაცების სფეროა“, ბიოლოგია „ქალების“ სფეროა; მეცნიერები აღწევენ წარმატებას ნიჭისა და არა ძალისხმევის შედეგად, მეცნიერები „უცნაურები“არიან) ხშირად უარყოფითად მოქმედებს მოსწავლეთა მოტივაციაზე მეცნიერებების სწავლის და შესაბამისი კარიერის არჩევისთვის.

PISA-ს მკვლევრები ამბობენ, რომ სკოლებს შეუძლიათ ამ სტერეოტიპული დამოკიდებულებების დაძლევა კარიერული არჩევანის შესახებ ობიექტური და სანდო ინფორმაციის მიწოდებით. PISA-ს შედეგები აჩვენებს, რომ მოსწავლეებს ხშირად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს კარიერა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ამ მხრივ ეფექტურ სტრატეგიად შეიძლება ჩაითვალოს პროფესიონალთა ვიზიტები სკოლაში.

კვლევები, აგრეთვე, აჩვენებს, რომ მოსწავლეთა კარიერულ არჩევანზე გავლენას ახდენს სასკოლო კონტექსტიც. კერძოდ, ლონგიტიდური კვლევა, რომლებშიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 280 სკოლის მოსწავლეს ადევნებდნენ თვალს მერვე კლასიდან სკოლის დამთავრებამდე, აჩვენებს, რომ გენდერულ სტერეოტიპებზე დაფუძნებული კარიერული არჩევანი ხშირია იმ სკოლებში, რომლებშიც ბიჭები და გოგონები განსხვავებულ ექსტრაკურიკულარულ (მაგალითად, სპორტულ) აქტივობებში მონაწილეობენ.

აგრეთვე, მნიშვნელოვანია მეცნიერების პოზიტიური, ინკლუზიური იმიჯის ფორმირების ხელშეწყობა. სასკოლო პროგრამა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში ხშირად აღიქმება, როგორც პირდაპირი და შეუქცევადი გზა სამეცნიერო კარიერისაკენ. ეს შეხედულება უგულებელყოფს იმ მაგალითებს, რომლებიც ადასტურებს ამ საგნების სწავლის შედეგად შეძენილი კომპეტენციების მნიშვნელოვნებას პროფესიების გაცილებით უფრო ფართო სპექტრისთვის.

მოსწავლეთა ინფორმირება საბუნებისმეტყველო საგნებისა და მათემატიკის სწავლისას შეძენილი კომპეტენციების გამოყენებადობის შესახებ პროფესიების, ისევე როგორც ცხოვრებისეული ამოცანების ფართო სპექტრთან მიმართებაში ხელს უწყობს მეცნიერების უფრო ინკლუზიური იმიჯის ფორმირებას და უფრო მეტი მოსწავლის დაინტერესებას ამ სასკოლო საგნებითა და მათთან დაკავშირებული პროფესიებით.

PISA-ს  ერთ-ერთ საინტერესო მიგნებას კვლევის ფარგლებში წარმოადგენს ის, რომ სასწავლო რესურსების – კვლევითი ლაბორატორიების, სამეცნიერო კლუბების არსებობა სკოლაში მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს მოსწავლეების შედეგებზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ეს მიგნება მიგვანიშნებს, რომ მხოლოდ რესურსების არსებობა მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებისათვის საკმარის პირობას არ წარმოადგენს.

პირველ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ამ რესურსების გამოყენებისათვის მასწავლებელთა და, ზოგადად, სკოლის შესაძლებლობების განვითარება. კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს:  სასკოლო საზოგადოებისა და განსაკუთრებით მასწავლებლების უკეთ გათვითცნობიერებას კლუბური მუშაობის დაგეგმვის სპეციფიკაში სასკოლო სასწავლო გეგმის მიზნების მიღწევისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი მოზარდების ინტერესის გაღვივებისათვის, რადგან იმ სკოლებში, სადაც მოქმედებს კლუბები, მოსწავლეები ვერ აჩვენებენ უკეთეს შედეგებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ტესტში, ასევე, არ ჩანს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები მოსწავლეთა ეპისტემიურ წარმოდგენებსა და დამოკიდებულებებში;

მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერებას სწავლების პროცესში ძიებაზე დაფუძნებული სწავლების მიდგომების, მათ შორის, ექსპერიმენტების უფრო ეფექტურად გამოყენებისათვის, რადგან ამ ეტაპზე ის მოსწავლეები, რომელთა გაკვეთილებზე უფრო ინტენსიურად იყენებენ ექსპერიმენტებს, ვერ აჩვენებენ უკეთეს შედეგებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ტესტში;

თვალსაჩინოებების, დამხმარე რესურსების შექმნასა და არსებული რესურსების გამოყენებას, რადგან სხვა ქვეყნებში გამოვლენილი ტენდენციის საპირისპიროდ საქართველოში მასწავლებლები ნაკლებად იყენებენ სამეცნიერო კონცეფციების დემონსტრირების მეთოდს და ამ მეთოდის გამოყენებას არა აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი მოსწავლეთა მიღწევებზე.

დამატებით პოპულარიზაციასა და უფრო ეფექტურ გავრცელებას საჭიროებს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული წარმატებული შემთხვევების შესახებ.

Piza-ს რეკომენდაციით, ასევე, მნიშვნელოვანია პროფესიული ასოციაციებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის როლის გაძლიერება ამგვარი წარმატებული შემთხვევების, ისევე როგორც საზღვარგარეთ არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და გავრცელებაში, ამ მიმართულებებით მასწავლებლებისათვის დამატებითი სასწავლო რესურსების შექმნაში.

ამავე თემაზე:

PISA-ს მაჩვენებლით მათემატიკაში ქართველ მოსწავლეებს წინსვლა აქვთ, თუმცა სხვებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან

საქართველოში გოგონები ბიჭებთან შედარებით კითხვაში 58 ქულით მაღალ შედეგს აჩვენებენ – PISA-ს ნაციონალური ანგარიში

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური