GE

PISA-ს მაჩვენებლით მათემატიკაში ქართველ მოსწავლეებს წინსვლა აქვთ, თუმცა სხვებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA 2015) ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მათემატიკაში, ისევე როგორც კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, წინა ციკლთან შედარებით მოსწავლეთა მიღწევებში თვალსაჩინო გაუმჯობესება შეიმჩნევა.

ამის შესახებ ნათქვამია PISA-ს უახლესი კვლევის ნაციონალურ ანგარიშში, რომლის მომზადებაზეც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობდა.

სამწლიანი ტრენდის მაჩვენებლის მიხედვით, PISA-ში მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველოში მათემატიკაშიც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნახტომი აღინიშნება – ყოველი სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მაჩვენებელი საშუალოდ 14.6 ქულით უმჯობესდება.

PISA 2015-ის ძირითად სფეროს წარმოადგენდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, თუმცა ასევე შეფასდა მოსწავლეთა მიღწევები კითხვასა და მათემატიკაში. მათემატიკის სფეროში ფასდება ინდივიდის შესაძლებლობა, აღიქვას და გაიგოს მათემატიკის როლი თანამედროვე მსოფლიოში, შეძლოს კარგად დასაბუთებული მსჯელობა და გამოიყენოს მათემატიკა იმ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც აქვს, როგორც კონსტრუქციულ, მზრუნველსა და მოაზროვნე მოქალაქეს.

2015 წლის ციკლში საქართველოდან მონაწილეობა მიიღო 5808 მოსწავლემ, 5198-მა მშობელმა და 261-მა დირექტორმა.  საერთო ჯამში 2015 წლის ციკლში მონაწილეობდა დაახლოებით 540 000-მა მოსწავლე 72 ქვეყნიდან.

2015 წელს მათემატიკაში მოსწავლეთა საშუალო ქულამ OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნებისთვის 490 შეადგინა. სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეთა საშუალო ქულა სწორედ ამ ნიშნულს ედრება.

საქართველოს მაჩვენებელი, PISA-ში მონაწილე სხვა 36 ქვეყანასთან ერთად, მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის საშუალოს (404 ქულა, სტ. შეცდ.=2.8). ვინაიდან მიღწევის მაჩვენებლები PISA-ს კითხვის ტესტში ეყრდნობა მოსწავლეთა შერჩევაზე ჩატარებულ ტესტირებას და საშუალო მაჩვენებლებს გარკვეული ცდომილება აქვს, ქვეყნის ზუსტი სარეიტინგო ადგილის განსაზღვრა PISA-ს მიღწევის რეიტინგში შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია დავადგინოთ ქვეყნის სარეიტინგო ადგილის დიაპაზონი 95%-იანი ცდომილებით. საქართველოს რეიტინგული ადგილი (შედეგების ცდომილების გათვალისწინებით) 56-59 ადგილებს შორის დიაპაზონშია მოქცეული (70 ქვეყნიდან).

მაღალ შედეგს PISA-ს მათემატიკის ტესტში 22 ქვეყანა აჩვენებს. ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი (564 ქულა) აქვს სინგაპურს, რაც OECD-ის საშუალოზე 70 ქულით მაღალია.

მათემატიკის ტესტში მოსწავლეთა მიღწევის სკალა დაყოფილია მიღწევის 6 დონედ. საბაზო დონედ ითვლება დონე 2. საშუალოდ, OECD-ის ქვეყნებში ე.წ. დაბალი მიღწევის ჯგუფში (მიღწევის მეორე დონის ქვემოთ) მოსწავლთა 23% იმყოფება. ე.წ. მაღალი მიღწევის ჯგუფში (მეხუთე და მეექვსე დონე) კი მოსწავლეთა 10.7%-ია.

საქართველოში PISA-ს ტესტში მონაწილე მოსწავლეთა ნახევარზე მეტი (57.1%) დაბალი მიღწევის ჯგუფშია. ხოლო მაღალი მიღწევის ჯგუფში მოსწავლეთა მხოლოდ 1.6% მოექცა.

2009+ ციკლთან შედარებით საქართველოში მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება უკავშირდება როგორც დაბალი მიღწევის ჯგუფში მოსწავლეთა წილის შემცირებას ისე მაღალი მიღწევის ჯგუფში მოსწავლეთა წილის მცირე, თუმცა სტატისტიკურად მნიშვნელოვან ზრდას.

2015 წლის ციკლში საქართველო გენდერული განსხვავებების მიხედვით გამორჩეულ შემთხვევას წარმოადგენს, რადგან გოგონების საშუალო ქულა მათემატიკაში სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღემატება ბიჭებისას (სხვაობა=13; სტ. შეცდ.=3.7). ანალოგიური სურათია კიდევ რვა ქვეყანაში, რომელთა შორის მაღალი საშუალო მიღწევის მქონე ქვეყნებიც შედის (მაგალითად, ფინეთი).

საშუალოდ, 2015 წლის ციკლში OECD-ის ქვეყნებში ბიჭები გოგონებზე 8 ქულით უკეთეს შედეგს აჩვენებენ. ბიჭების უპირატესობა მათემატიკის მიღწევის საშუალო ქულაში სტატისტიკურად მნიშვნელოვანია 28 ქვეყანაში და ყველაზე დიდია ავსტრიაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, ჩილესა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, სადაც ბიჭების უპირატესობა მიღწევის საშუალოს მიხედვით 15 ქულაზე მეტს შეადგენს. საინტერესოა, რომ აზიური ქვეყნებიდან არც ერთი არ შედის ამ ჩამონათვალში.

საქართველოს მაგალითი საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ის გენდერულ ჭრილში OECD-ის ტენდენციისაგან განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს მათემატიკაში მოსწავლეთა მიღწევების სხვადასხვა ჯგუფებში. კერძოდ, თუ საშუალოდ OECD-ის ქვეყნებში რეიტინგის ბოლო 10%-ში მყოფი მოსწავლეების მიღწევაში არ არის განსხვავებები გენდერული თვალსაზრისით, საქართველოში ამ ჯგუფში გოგონებსა და ბიჭებს შორის განსხვავება (გოგონების სასარგებლოდ) არა მხოლოდ სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, არამედ ძალიან დიდიც (სხვაობა= -23; სტ. შეცდ.= 6.1).

ასევე, თუ საშუალოდ, OECD-ის ქვეყნებში ბიჭების საშუალო მიღწევა 16 ქულით მაღალია ზედა 10%-ში მყოფი მოსწავლეების ჯგუფში, საქართველოში ამ ჯგუფში გენდერულ ჭრილში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ არის.

მათემატიკაში მოსწავლეთა მიღწევა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლების ენის (ქართული, აზერბაიჯანული, რუსული), სკოლის მდებარეობის (თბილისი, სხვა ქალაქი, დაბა, სოფელი) და სტატუსის (კერძო, საჯარო) მიხედვით. განსაკუთრებით დაბალია იმ მოსწავლეების მაჩვენებლები, რომლებმაც ტესტი აზერბაიჯანულ ენაზე (283.)) შეასრულეს. მიღწევის საშუალო, ასევე, უფრო მაღალია კერძო სკოლებში.

მოცემული ცვლადების (ტესტის შესრულების ენა, დასახლების ურბანულობა და სკოლის სტატუსი) ურთიერთეფექტურობისა და მოსწავლეთა და სკოლის სოციო-ეკონომიკური სტატუსის გათვალისწინების შედეგად სკოლის მდებარეობისა და ტესტის შესრულების ენის ეფექტი ქრება, თუმცა კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება სკოლის სტატუსის გავლენა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2015 წელს PISA-ს კვლევის ძირითად ინსტრუმენტად ე. წ. „ქაღალდისა და ფანქრის ტესტის“ მეთოდი გამოიყენებოდა. ტესტირება 2 საათს გრძელდებოდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნების უმეტესობა 2015 წელს 9 შეფასებას უკვე ელექტრონულ ფორმატში ატარებდა. საქართველო ელექტრონული ფორმატით შეფასებაში 2018 წლიდან ჩაერთვება.

ტესტის დავალებები წარმოადგენს ე. წ. არჩევითი პასუხების მქონე და ღია დავალებების ნაზავს. დავალებები იმგვარ ტექსტებს ეფუძნება, რომლებშიც რაიმე რეალური სიტუაციაა აღწერილი. ქართველი მოსწავლეები მუშაობდნენ ტესტის ბუკლეტებში, სადაც ტესტური დავალებების სხვადასხვა კომბინაცია იყო მოცემული.

ტესტთან ერთად PISA-ს კვლევაში გამოიყენებოდა ე.წ. კონტექსტუალური კითხვარები: მოსწავლეები ავსებდნენ 35-წუთიან კითხვარს, რომელიც აგროვებდა ინფორმაციას როგორც მოსწავლის, ასევე მისი ოჯახის შესახებაც;  სკოლის დირექტორები ავსებდნენ 20-წუთიან კითხვარს სკოლის შესახებ; კითხვარები შეავსეს მონაწილე მოსწავლეთა მშობლებმაც.

კითხვარების მეშვეობით PISA აგროვებს მონაცემებს გარემოს შესახებ, კერძოდ:  ინფორმაციას მოსწავლეების ოჯახური პირობების შესახებ, მათი ეკონომიკური და სოციალური კაპიტალის ჩათვლით; მოსწავლეთა ცხოვრების შესახებ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა: სწავლისადმი დამოკიდებულება, მათი ჩვევები და ცხოვრების წესი სკოლასა თუ სკოლის გარეთ, მოსწავლეთა ოჯახური გარემო;  ინფორმაციას სწავლის პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტთან მიმართებაში, მაგალითად მოსწავლეთა ინტერესების, მოტივაციისა და სწავლის პროცესში ჩართულობის შესახებ; ისეთ ინფორმაციას სკოლის შესახებ, როგორიცაა ადამიანური და მატერიალური რესურსი, გადაწყვეტილების მიღების პროცესები, თანამშრომლების გადამზადება, სასკოლო სასწავლო გეგმის თავისებურებები და ექსტრაკურიკულარული აქტივობები.

საქართველოში გოგონები ბიჭებთან შედარებით კითხვაში 58 ქულით მაღალ შედეგს აჩვენებენ – PISA-ს ნაციონალური ანგარიში

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური