GE

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა სკოლებისა და ბაღების ხელმძღვანელებზე – რა კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს ISFED

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირების საქმესთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური მოტივები იკვეთება. არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ იმასაც, რომ 2018 წლის წინასაარჩევნო   პერიოდში,  საჯარო და საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული პირების მიმართ,   პოლიტიკური  ნიშნით ზეწოლის ზრდადი ტენდენცია დაფიქსირდა.

„სამართლიანი  არჩევნების“  მიერ გავრცელებულ დოკუმენტში საუბარია კონკრეტულ ფაქტებზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, თუ როგორ ახდენდა მმართველი პარტია ზეწოლას საგანმანათლებლო სექტორში დასაქმებულ პირებზე.

კვლევის თანახმად, წინასაარჩევნო   პერიოდში    სხვადასხვა   რეგიონში, მათ    შორის   ზუგდიდშიც,  საჯარო    სამსახურებში   და   მუნიციპალიტეტების   ა ( ა ) იპ – ებში   დასაქმებულ   პირებს    ხელმძღვანელი   თანამდებობის   პირები   ავალებდნენ   ე . წ. „მხარდამჭერთა  სიების“ შეგროვებას. ასეთ  სიებში  მითითებული იყო   დასაქმებულთა   ნათესავების   და  ახლობლების    სახელი, გვარი, პირადი   ნომერი, რეგისტრაციის   მისამართი,  საარჩევნო   უბნის   ნომერი.  სიის    შემდგენ   პირს   ევალებოდა   უზრუნველეყო, რომ    სიაში   ჩამოთვლილი   პირები    ხმას   „ქართული   ოცნების“ მიერ   მხარდაჭერილ   კანდიდატს,  სალომე   ზურაბიშვილს   მისცემდნენ.

წინასაარჩევნო   პერიოდში,  სხვა    საბიუჯეტო   ორგანიზაციების   მსგავსად, პოლიტიკური   ნიშნით   განხორციელებული   ზეწოლის   და   მუქარის   ფაქტებს   ადგილი   ჰქონდა   ზოგადსაგანმანათლებლო   დაწესებულებებშიც.   მაგალითად, „სამართლიან   არჩევნებს“ ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის   სოფელ   კორცხელის    სკოლის   ერთ – ერთმა   თანამშრომელმა   მიაწოდა   ინფორმაცია, რომ    სკოლის   პედაგოგებს   მერის   წარმომადგენლისგან მიღებული   ჰქონდათ   დავალება, რომ   არჩევნების   დღეს,  ხმის   მიცემის    შემდეგ,  სალომე   ზურაბიშვილის    სასარგებლოდ   გაკეთებული   არჩევანის   გასწვრივ, ბიულეტენში   მიეწერათ   საკუთარი   გვარის   პირველი   ასო.

აგრეთვე, სიღნაღის   მუნიციპალიტეტის    სოფლების   ტერიტორიულ   ორგანოებში   „ქართული   ოცნების“ წარმომადგენლების    შეხვედრები   იმართებოდა   საჯარო   სკოლების   დირექტორებთან, რომლებსაც   კონკრეტულ   დავალებებს   აძლევდნენ   წინასაარჩევნოდ. სავარაუდოდ,   პოლიტიკური   ნიშნით,    სამსახურიდან   გაათავისუფლეს   ვეჯინის   საბავშვო   ბაღის   მენეჯერი – თამარ    სიბაშვილი. მის   გათავისუფლებას   წინ   უძღოდა აუდიტის სამსახურის   დასკვნა, რომელიც   ბაღში    შესამოწმებლად   წინა   დღეს  შევიდა. გათავისუფლების   მიზეზად   დასახელდა   ბაღში   უსაფრთხოებისა   და    სანიტარულ-ჰიგიენური   პრობლემების   არსებობა. თავად   თამარ    სიბაშვილი   გათავისუფლებას   უკავშირებს   იმ   გარემოებას, რომ   მან   უარი   განაცხადა    სალომე   ზურაბიშვილის    სასარგებლოდ   აგიტაციაში   მონაწილეობაზე.

2019 წლის  3 თებერვალს, ზუგდიდის  #7  საჯარო    სკოლის   დირექტორის   მოვალეობის    შემსრულებელმა, რომელიც   ამ   უფლებამოსილებას  2017 წლის   თებერვლიდან  2018 წლის  12 დეკემბრამდე   ასრულებდა, განაცხადა, რომ    საპრეზიდენტო   არჩევნების   პირველი   ტურის   დასრულების    შემდეგ, 10 ნოემბერს   დაიბარეს   ზუგდიდის   საგანმანათლებლო   რესურსცენტრში,    სადაც   მას   დახვდნენ   რესურსცენტრის    ხელმძღვანელი   კახაბერ   ფარცვანია   და   რესურსცენტრის   თანამშრომელი, მიხეილ   ჭკადუა. იქ   იყვნენ   ასევე   ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის    სოფლის    სკოლების   დირექტორები, რომლებიც   რიგ-რიგობით    შედიოდნენ   ფარცვანიას   კაბინეტში. როდესაც  #7  სკოლის   დირექტორი  მ / შ   კაბინეტში    შევიდა, ფარცვანიას   ხელთ   ჰქონდა მე-7 საჯარო   სკოლის   ყველა   თანამშრომლის   სია, დამლაგებლის   და   დარაჯის   ჩათვლით, და   მოითხოვა   ინფორმაცია, თუ   რომელი   თანამშრომელი   რომელ   საპრეზიდენტო   კანდიდატს   უჭერდა   მხარს.

ფარცვანიამ   დირექტორ  მ / შ –  ს   დაავალა  ამ   პირებს დალაპარაკებოდა  და  სალომე   ზურაბიშვილის   მხარდაჭერისკენ   მოეწოდებინა. გარდა   ამისა, ფარცვანიას   დავალება   იყო   „ქართული   ოცნების“ მიერ   დაგეგმილ   აქციაზე   არანაკლებ  7 პედაგოგის   მიყვანა. დირექტორმა   ეს   დავალება   არ    შეასრულა, რის   გამოც   მას   რესურსცენტრის   იურისტი, თეა   ეხვაია   დაუკავშირდა   და   დავალების    შეუსრულებლობის   გამო   უსაყვედურა. მოგვიანებით, კახაბერ   ფარცვანია   დაინტერესდა   თუ   რამდენი   პედაგოგი   იყო   მისული   არჩევნებზე  #7  საჯარო    სკოლიდან   და   აღნიშნა, რომ   ეს   ინფორმაცია   უკვე   მიღებული   ჰქონდა   ერთ-ერთი    საარჩევნო   კომისიის   წევრის, ლორიტა   მიქავასგან, რომელიც   მოგვიანებით  #7  საჯარო    სკოლის   დირექტორის   მოადგილედ   დაინიშნა.

#7  სკოლის   დირექტორის   მ / შ –  ს   თქმით, მან   არ    შეასრულა   ფარცვანიას   მითითებები, კერძოდ   არ   გასწია   აგიტაცია   თანამშრომლებთან   და   არ   მიიყვანა   ისინი   „ქართული   ოცნების“ შეკრებაზე, რამაც   გამოიწვია   ის, რომ  2018 წლის  12 დეკემბერს, გაფრთხილების   გარეშე    სკოლაში   მოვიდნენ   კახა   ფარცვანია, რესურსცენტრის   თანამშრომელი, მამუკა   ბულია   და   კიდევ   ერთი   პირი. მათ   იქვე   განუცხადეს, რომ  12 დეკემბრიდან    სკოლის   დირექტორის   მოვალეობას    შეასრულებდა   ლორიტა   მიქავა, რომელსაც   დოკუმენტბრუნვის   ელექტრონულ    სისტემაში   წვდომა   არ   ჰქონდა, რის   გამოც, ფარცვანია   დაუკავშირდა   მინისტრის   მოადგილეს, ირინა   აბულაძეს   და   ტექნიკური    საკითხების   მოგვარება   და   დირექტორის   მ / შ-  ს   თანამდებობიდან   გათავისუფლების    შესახებ   ბრძანების    შედგენა    სთხოვა.

„სამართლიან არჩევნებში“ აღნიშნავენ, რომ ზოგადად, გასული   წლების   განმავლობაში,  საჯარო    სკოლის   პედაგოგების   პოლიტიკური   გამოხატვის    შეზღუდვის   თუ   ამ   ნიშნით   თანამდებობიდან   გათავისუფლების    საკითხი   მნიშვნელოვან   გამოწვევას   წარმოადგენდა, რაც   წარსულში    ხშირად   ემთხვეოდა   აქტიურ    საარჩევნო   პერიოდს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში „სამართლიანმა   არჩევნებმა“  ჯამში, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა  და  მუქარის  54 ფაქტი დააფიქსირა.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური