GE

პოტენციური უატესტატოები – რა გამოიკვეთა 2017  წლის მე-11 კლასის გამოცდებით

წინა წლებისგან არაფრით გამორჩეული – ასე აფასებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2017 წლის მეთერთმეტე კლასის საატესტატო გამოცდებს და ამბობენ, რომ წელს ჩაჭრილთა დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, მომავალ წელსაც ჩაიჭრება.

მოგეხსენებათ, მეთერთმეტე კლასელთა გამოცდები დასრულდა. მათ გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა და ქიმია ჩააბარეს. ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძე EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში გამოკვეთილ ტენდეციებზე საუბრობს.

ივა მინდაძე: მოგეხსენებათ, ქიმიას მხოლოდ ქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები აბარებდნენ, რადგან არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის ქიმია მეთორმეტე კლასში მთავრდება და არა მეთერთმეტეში. შესაბამისად, ქიმიის  გამოცდაში მონაწილეობას შედარებით ნაკლები მოსწავლე იღებდა.

ტენდენციებს რაც შეეხება, ისევე როგორც წინა წლებში, მოსწავლეებს ყველაზე მეტად გეოგრაფიის გამოცდის ჩაბარება გაუიოლდათ.  ეს გამოცდა წარმატებით დაახლოებით  98 %-ზე მეტმა ჩააბარა. ფიზიკა კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტად გაუჭირდათ. აქ ზღვარი 85 %-მა დაძლია.

უნდა ვივარაუდოთ, რომ წელს ჩაჭრილი ბავშვები პოტენციურად არიან ისინი, ვინც მომავალ წელს ატესტატს ვერ აიღებს?

ი.მ: ამ მოსწავლეებს ხელმეორედ გამოცდაზე გამოსვლამდე წინ ერთი წელი აქვთ. როგორც იცით, სკოლას ე.წ. აბიტურის საათი აქვს. ანუ, ამ მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ რომ აღნიშნულ საგნებში უკეთ მოემზადონ, ცოდნა გააღრმავონ, ან ზოგ შემთხვევაში საერთოდაც შეიძინონ. მომავალი წლის მაისში კი გამოცდაზე ხელმეორედ გამოვიდნენ.

როგორც ამ წლების პრაქტიკა გვაჩვენებს, სამწუხაროდ ბევრია ისეთი მოსწავლე, ვინც ბარიერს ვერც მეორედ ლახავს. ამიტომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ მოსწავლეების გარკვეული ნაწილი ბარიერს კვლავ ვერ დაძლევს. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა მაინც შეძლებს ამას. თუმცა, ეს იმედია.

რით განსხვავდებოდა ეს გამოცდები წინა წლებისაგან? თუ იყო რამე უჩვეულო, რაც წელს გამოიკვეთა?

ი.მ: უჩვეულო არა. პირიქით, რაღაც ძალიან მშვიდად წარიმართა. ბევრი სკოლა მონაწილეობდა, მაგრამ მაინც ყველაფერი ძალიან მშვიდი იყო. ჩაჭრილთა რაოდენობაც დაახლოებით იმდენივე იყო, რამდენიც წინა წლებში. რაიმეთი გამორჩეული ეს წელი არ არის.

პრინციპში, ჩემთვის მოსალოდნელი იყო რომ ასე იქნებოდა, რადგან განათლების სისტემაში ცვლილებები ასე რადიკალურად არ ხდება. სასკოლო ცხოვრებაში შარშანდელთან შედარებით დიდი ცვლილება არ მომხდარა და ცხადია, ასე სწრაფად და ერთბაშად არაფერი შეიცვლებოდა. ასე რომ, გამოცდიდან გამოცდამდე დიდ ცვლილებებს არ მოველით ხოლმე.

როდის გაირკვევა ყველაფერი საბოლოოდ? როდის დაიდება სტატისტიკა, ანალიზი?

ი.მ: ანალიზი ცალკე საკითხია, რადგან ეს მრავალფაქტორიანი სამუშაოა და ცალკე დაკვირვებას  მოითხოვს. რაც შეეხება სტატისტიკას, ალბათ უახლოეს დღეებში, მომავალი კვირის დასაწყისში გამოვაქვეყნებთ.

ქიმიის საატესტატო გამოცდაზე მე–11 კლასელთა 5% ჩაიჭრა – გამოსაშვები გამოცდები დასრულდა

მე–11 კლასის ფიზიკის საატესტატო გამოცდაში მოსწავლეთა 15% ჩაიჭრა

საატესტატო გამოცდებზე 11 000–მდე მოსწავლე ჩაიჭრა – ალექსანდრე ჯეჯელავა

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური