GE

პრაქტიკოს მასწავლებელს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას 1 კრედიტქულის დაგროვების შესაძლებლობა აღარ ექნება

მას შემდეგ, რაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილება დამტკიცდება და ძალაში შევა, პრაქტიკოს მასწავლებელს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას 1 კრედიტქულის დაგროვების შესაძლებლობა, როგორც ეს აქამდე იყო, აღარ ექნებათ. საუბარია იმ მასწავლებლებზე, რომლებიც გამოცდას 2019 წელს  ჩააბარებენ.

„საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას ბარიერი აიწევა 31%-დან 41%-მდე, ამით 1 კრედიტქულის დაგროვების შესაძლებლობა აღარ იქნება. რა თქმა უნდა, აღნიშნული არ შეეხება მათ, ვინც შარშან უკვე მიიღო, ან წელს მიიღებს 1 კრედიტქულას“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი.

მისი თქმით, მომზადებული ცვლილებები მრავალმხრივია.

„მომზადებული ცვლილებები არაერთ კომპონენტს შეეხება და მიმართული იქნება პროცედურების გამარტივებისკენ, როგორც მასწავლებლებისთვის, ისე შეფასების ჯგუფებისთვის. აქტივობებში მინიჭებული კრედიტქულები, ასევე საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში;

სკოლებს მიენიჭებათ მეტი ავტონომია შეფასების ჯგუფის დაკომპლექტებისას  (თვითაცილებისას და არასრული კომპლექტაციისას), მათ აღარ ექნებათ ვალდებულება ცენტრთან ათანხმონ გადაწყვეტილებები. ასევე შეფასების ჯგუფი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი მასწავლებლების სტატუსის შენარჩუნებაზე საგაკვეთილო დაკვირვებით. ჩამოქვეითების შესაძლებლობა მოიხსნება;

ასევე ცვლილებები განხორციელდება ხარისხის მართვის მიმართულებით. კერძოდ, მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრის მიერ ელექტრონულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტაცია შემოწმდება; ასევე შემუშავდება სტანდარტიზებული კითხვარი, თუ რამდენად აკმაყოფილებს წამყვანი და მენტორის სტატუსზე წარდგენილი მასწავლებელი ეთიკის კოდექსს, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აღნიშნული კითხვარის შევსება მასწავლებლის სტატუსზე წარდგენის წინაპირობა გახდება“, – განმარტავს ცენტრის წარმომადგენელი.

რაც შეეხება დღეს არსებულ მოცემულობას კრედიტების მოპოვებასთან დაკავშირებით: პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, სქემის მიხედვით, აუცილებელია საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურება. აღნიშნული დადასტურებულად ჩაითვლება, თუკი მასწავლებელი მოაგროვებს 1, 4, 7, 10 კრედიტქულას, რაც პროცენტულად ტესტის ჯამური ქულებიდან იანგარიშება:

ცნობილია, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლის წინსვლისთვის საჭიროა 19 კრედიტქულის დაგროვება. მასწავლებელი, თუკი სრულად მოიპოვებს 10-10 კრედიტქულას კომპეტენციების დადასტურებისას (ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი), მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს. თუკი რომელიმე, ან ორივე ნაწილში არასრულ კრედიტქულებს მიიღებს, მისთვის სავალდებულო ხდება ორჯერ შიდა საგაკვეთილო დაკვირვების გავლა, ამ აქტივობაში მასწავლებელი 4 კრედიტქულას აგროვებს. თუკი დაკვირვებიდან და კომპეტენციების დადასტურებიდან კრედიტქულები საკმარისი არაა სტატუსის ცვლილებისთვის, იგი დამატებითი აქტივობებით ივსებს დარჩენილ კრედიტქულებს 19-მდე.

ცხრილში მოცემულია ის საქმიანობები და აქტივობები, რომლებიც მასწავლებელს დაეხმარება კრედიტქულების დაგროვებაში:

ამავე თემაზე:

პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის ქულები სქემით გათვალისწინებული პროცენტების მიხედვით – 2018

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური