GE

პრემიერი და განათლების მინისტრი ქართული ენის დღეს ეხმაურებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქართული ენის დღეს ეხმაურებიან.

„1978 წლის 14 აპრილს საქართველოს ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანის მიერ მისი დაცვა ამავდროულად ქვეყნის თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებად იქცა.

ქართველი ხალხი წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების განზრახვას ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, გაუქმების შესახებ. ეს იყო პირველი მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის ისტორიაში, და, ამავე დროს, პირველი შემთხვევა, როდესაც ავტორიტარული რეჟიმი იძულებული გახდა, ხალხისათვის დაეთმო. სახალხო ძალისხმევის ამ გამარჯვებამ არა მხოლოდ ქართულს შეუნარჩუნა კონსტიტუციური სტატუსი, არამედ მძლავრი სტიმული მისცა ეროვნული მოძრაობის აღმავლობასაც.

დღეს მადლიერებას გამოვხატავთ ამ უპრეცედენტო სამოქალაქო გმირობის ყველა მონაწილისადმი და, ამასთან, ვაცნობიერებთ ჩვენი, დღევანდელი თაობების პასუხისმგებლობასაც – ხელი შევუწყოთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ქართულის სწავლაში და ამით განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, დავუმკვიდროთ ერთ-ერთ უძველეს და უნიკალურ ენას და ამ ენაზე შექმნილ კულტურას მისი კუთვნილი ადგილი თანამედროვე მსოფლიოში“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

საზოგადოებას დედაენის დღეს ულოცავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელიც.

„დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს – დედაენის დღეს აღვნიშნავთ.

42 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს მოსახლეობა წინ აღუდგა ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევის განზრახვას საბჭოთა კავშირის მხრიდან. მოსახლეობის მასობრივმა მშვიდობიანმა საპროტესტო დემონსტრაციამ შეგვინარჩუნა სახელმწიფო ენა, რაც მართლაც უდიდესი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენაა.

გამოვხატავ დიდ პატივისცემას და მადლიერებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც ოთხი ათეული წლის წინ, უდიდესი რისკის ფასად, დაიცვა და მომავალ თაობებს შეუნარჩუნა მშობლიური ენა – მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე, უნიკალური ქართული ენა.

ქართულ ენაზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ვინაიდან მშობლიური ენა არის არა მხოლოდ ენა, რომელზეც ვმეტყველებთ და ვურთიერთობთ, არამედ მშობლიური ენა ქვეყნის თვითმყოფადობის, ერთიანობისა და მშვიდობიანი განვითარების საწინდარია“, – ნათქვამია მიხეილ ჩხენკელის განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური