GE

პრემიერი: „გვექნება კლასები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება 13-15 მოსწავლით“

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საკლასო ოთახებში მოსწავლეთა სიჭარბის პრობლემა ახალი სკოლების აგების შემდეგ უნდა მოგვარდეს.

„სკოლების კუთხით ჩვენ საკმაოდ მძიმე გამოწვევები გვაქვს და დაახლოებით შვიდი მილიარდი ლარი გვჭირდება, რომ საქართველოს ყველა სოფელში, რაიონში, ქალაქში, იყოს თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკოლა, სადაც საშუალება იქნება, გაკვეთილები ევროპული სტანდარტით ჩატარდეს. ჩვენი მიზანია 7 მილიარდი შემდეგი წლების განმავლობაში გამოიყოს სკოლებისთვის და აშენდეს ახალი სკოლები, მოხდეს არსებულების რეაბილიტაცია, რათა ჩვენ ეს პრობლემა გადავჭრათ. შესაბამისად, გვექნება კლასები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება 13-15 მოსწავლით, ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება იყოს ოდნავ მეტი. ეს არის ის სტანდარტი, რომელიც ითვლება საუკეთესოდ და შემდეგი 5-6 წლის განმავლობაში ამ პრობლემას საქართველოს მასშტაბით გადავჭრით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაციაა.

„ჩვენი ამოცანაა, საქართველოს პროფესიული სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომი თუ სერტიფიკატი აღიარებული იყოს ევროზონაში და თუ ჩვენი მოქალაქე საჭიროდ ჩათვლის, იმუშაოს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, ის ამას უპრობლემოდ შეძლებს, ვინაიდან ექნება ევროზონაში აღიარებული დიპლომი. ეს მიიღწევა მხოლოდ ხარისხის ზრდით და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ფოკუსირებული ვიქნებით იმ პროფესიებზე, რომელთა დეფიციტი არსებობს ეროვნულ ეკონომიკაში. ჩვენ გვაქვს რამდენიმე წარმატებული პროფესიული სასწავლებელი და მათი კურსდამთავრებული ყველა ახალგაზრდა ფაქტობრივად მყისიერად უზრუნველყოფილია სამსახურით”, – განაცხადა პრემიერმა.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური