GE

პრემიერის პირველი დავალება მიხეილ ჩხენკელს და განმარტება მისი მეორედ გამინისტრების შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ის არგუმენტები დაასახელა, რომლის თანახმადაც, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელის მეორედ დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

პრემიერის განცხადებით, მიხეილ ჩხენკელი განათლების სისტემური რეფორმის მიმართულებით, ჩართული იყო როგორც რეფორმის მომზადების, ისე განხორციელების ყველა ეტაპზე.

„მან ზედმიწევნით ზუსტად იცის, რა ხდებოდა განათლების სამინისტროში ბოლო წლების განმავლობაში, როგორ მზადდებოდა ეს რეფორმა, როგორ ხდებოდა მისი აღსრულება, რაც არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, სხვა ღირსებებთან ერთად, ბატონი მიხეილი შეძლებს, სწრაფად, დროის დაუკარგავად განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს დღეს უაღრესად წარმატებულად განათლების სამინისტროში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა მიხეილ ჩხენკელს პირველი დავალებაც მისცა და სთხოვა  განსაკუთრებული ყურადღება  პროფესიულ განათლებას მიაქციოს.

გაიხსენეთ ერთი რეფორმა მიხეილ ჩხენკელის წინა მინისტრობიდან – კითხვა დეპუტატებს

„მინდა, დავავალო ბატონ მიხეილს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ პროფესიულ განათლებას. პროფესიული განათლება დღეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რათა შევძლოთ უახლოესი წლების განმავლობაში, აღმოვფხვრათ ის დისბალანსი, რომელიც გვაქვს შრომის ბაზარზე და, ბატონო მიხეილ, მინდა, გთხოვოთ, ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ“ , – განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი გუშინ დაინიშნა, აღნიშნულ თანამდებობას წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, ის მეორედ დაუბრუნდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ისევ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

მოვლენები და ფაქტები მიხეილ ჩხენკელის 8-თვიანი განათლების მინისტრობიდან – მოკლე ქრონოლოგიური მიმოხილვა

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური