GE

პრემიერის თქმით, არასწორად იქნა გაგებული, თითქოს სკოლებში საგალობლების სწავლება სავალდებულო იქნება

“უკვე 20 სკოლაა გახსნილი, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ქართულ პოლიფონიას და საგალობლებს და კიდევ 6-ის გახსნას ვაპირებთ“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შეკითხვაზე პასუხად, რომელიც სკოლებში საგალობლების სავალდებულო  სწავლების შემოღებას ეხებოდა.

„ეს საკითხი ეხება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, პირველი შემთხვევა არ არის სხვათა შორის, როცა ჩემი ან მთავრობის წვერების ინიციატივის, ან სიტყვების ასეთი არასწორი ინტერპრეტაცია ხდება და ეძლევა მას სრულიად  არაჯანსაღი ფორმა. მე ამ საკითხს ვუდგები სახელმწიფოებრივად და, რა თქმა უნდა, ამავე დროს, ემოციური დატვირთვითაც, ვფიქრობ ეს არის სწორი და გამართლებული ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მე გავიზარდე ტრადიციულ ქართულ, ქრისტიანულ ოჯახში და მაქვს ჩემი ფასეულობების სისტემა, ყოველთვის ვხელმძღვანელობდი მთავარი პრინციპით, რომელიც ყველაზე კარგად ჩამოყალიბებული აქვს ილია ჭავჭავაძეს „აწმყო შობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლისა“,ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ ქვეყანა, ერი, რომელიც დაივიწყებს თავის ტრადიციებს, ღირებულებებს, თავის ეროვნულ საგანძურს, მას ვერ ექნება მომავალი.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ფოლკლორის განვითარებაზე პოლიფონია და საგალობლები ამის ნაწილია. რა თქმა უნდა, აქ შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვენლოვანი – ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესში. უკვე 20 სკოლაა გახსნილი, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ქართულ პოლიფონიას და საგალობლებს და კიდევ 6-ის გახსნას ვაპირებთ. დიახ, ეს იყო ჩვენი ეკლესიის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ და უფრო მეტიც, კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ ყველგან, სადაც იქნება საზოგადოების თხოვნა, საქართველოში,  ყველგან ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნით ქართული ფოლკლორისა და კულტურის ცენტრებს.  ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესში. რაც შეეხება ბიუჯეტს, მე ვთქვი, რომ  ეტაპობრივად გავზრდით ბიუჯეტს განათლების სექტორში, რომელიც 2022 წლისთვის იქნება 3 მილიარდ 422 მილიონი ლარი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

თამთა არის© ვირსალაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი