GE

პრემიერი: საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მიღების შანსი 2019 წლის ბოლომდე აქვთ – მეორე ეტაპი დღეს იწყება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან ღირსეულად გაცილების პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო და აღნიშნულისთვის შესაბამისი დაფინანსებაც გამოყოფილია. ამის შესახებ მან დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, პროექტის პირველი ეტაპი იყო წარმატებული და მასში 6 450-მა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა, მეორე ეტაპი კი 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

„პროექტის მეორე ეტაპი დასრულდება 2019 წლის ბოლომდე. რამაც, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოს განათლების სისტემაში როგორც ახალგაზრდა პედაგოგების გამოჩენას, ასევე ჩვენი ღირსეული და ღვაწლმოსილი მასწავლებლების შემდგომ პენსიაზე ღირსეულად გაცილებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც დაწყებული იყო, ასევე იმ ძალზედ ეფექტურ, ღირსეულ და  წარმატებულ გუნდთან ერთად, გაგრძელდება უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პენსიონერი პედაგოგების სისტემიდან გასვლის ინიციატივა, რამდენიმე თვის წინ, ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გააჟღერა. მან საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს, სკოლიდან გასვლის სანაცვლოდ ორი წლის ჯამური ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევის შენარჩუნება შესთავაზა.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს, სისტემიდან წასვლამდე, სამინისტრომ  საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდებში მონაწილეობის მიღების და სტატუსის ამაღლების ორი შანსი მისცა, 2019 წლის ზაფხულზე და შემდეგ შემოდგომაზე. პროექტის მეორე ეტაპზე, 2-წლიანი ჯამური ანაზღაურების მიღების შანსი, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს მიმდინარე წლის ბოლომდე აქვთ.

რაც შეეხება მეორე ეტაპის ზუსტ ვადებს, როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში განუმარტეს, უახლოეს დროში გამოქვეყნდება. მონაწილეობის წესები კი უცვლელი დარჩება.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი:

1. ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს.

2. პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე განცხადებით საჯარო სკოლის დირექტორს უნდა მიმართოს.

3. იმ შემთხვევაში, თუკი პრაქტიკოსი მასწავლებელი ერთზე მეტ საჯარო სკოლაში ასწავლის, ფულადი ჯილდოს აღების მიზნით ვალდებულია შრომითი ურთიერთობა შეწყვიტოს ყველა საჯარო სკოლასთან. ამ შემთხვევაში ფულადი ჯილდო გამოითვლება თითოეულ საჯარო სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

4. ფულადი ჯილდოს ოდენობა შეადგენს ბოლო 3 თვის განმავლობაში პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ ყოველთვიური შრომის ანაზღაურების (საშემოსავლო გადასახდელის გარეშე) საშუალო არითმეტიკულის 24-ჯერ ნამრავლს.

5. იმ მასწავლებელს, რომელსაც 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებამდე შეჩერებული აქვს შრომითი ურთიერთობა, ფულადი ჯილდო მიეცემა ნამუშევარი ბოლო 3 თვის განმავლობაში ყოველთვიური შრომის ანაზღაურების (საშემოსავლო გადასახდელის გარეშე) საშუალო არითმეტიკულის 24-ჯერ ნამრავლის ოდენობით.

6. ფულადი ჯილდოს ოდენობა დაანგარიშდება პრაქტიკოსი მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოსა და მასზე გათვალისწინებული დანამატების მიხედვით.

7. თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს მიღების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლის განმავლობაში კვლავ გადაწყვეტს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას, ვალდებულია დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები) და დააბრუნოს ფულადი ჯილდო სრული ოდენობით.

8. ხოლო თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს მიღების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლის შემდეგ გადაწყვეტს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას, ასევე, ვალდებულია დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები).

9. ფულადი ჯილდოს გაცემა 2019 წლის განმავლობაში განხორციელდება.

10. 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საჯარო სკოლებიდან შემოსული ინფორმაციის თანახმად, ჯილდოს მიღების სურვილი 1594 სკოლის 5600-ზე მეტმა მასწავლებელმა გამოხატა.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური