GE

პრემიერმა განათლების რეფორმის თემაზე ღია პლატფორმის შექმნა დააანონსა – ვინ მიიღებს მონაწილეობას პროცესში

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, არსებული და მომდევნო მთავრობები ვალდებულები გახდებიან განათლების სფეროს დაფინანსება გაზარდონ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა და ერთგვარი ღია პლატფორმის შექმნაც დააანონსა, რომლის მუშაობაში პედაგოგებიც ჩაერთვებიან.

„ჩვენ ვამუშავებთ საქართველოს მთავრობაში საკანონმდებლო ინიციატივას, რითაც წარვსდგებით საქართველოს პარლამენტის წინაშე. ეს ინიციატივა უზრუნველყოფს ამ ვალდებულების ჩაწერას კანონში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ მაქსიმალური ჩართულობა ამ ეროვნული იდეის შექმნის პროცესში. მინდა დავაანონსო ერთგვარი ღია პლატფორმის შექმნა, რომელიც გააერთიანებს, როგორც ონლაინ, ასევე პირდაპირი შეხვედრების ფორმატებს და რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დარგის ექსპერტები, პედაგოგები, დირექტორები, ლექტორები, ჩვენი სტუდენტები, მეცნიერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება და ზოგადად ყველა დაინტერესებული მხარე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, რომელიც მართლაც ცდება  რეფორმის ჩარჩოებს და ჩემი ღრმა რწმენით, გახლავთ ეროვნული იდეა“, – თქვა მამუკა ბახტაძემ

პრემიერ- მინისტრის განმარტებით, რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა პროფესიულ განათლებას და მოკლევადიანი პროგრამების გავლის შემდეგ, მოქალაქეებს დასაქმების შანსები გაეზრდებათ.

„ჩვენ ამ იდეის ფარგლებში ვიწყებთ ზრდასრულთა პროფესიული გადამზადების პროგრამებს, რომელიც გახლავთ ჩვენი კომპლექსური რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ჩვენს მოქალაქეებს  ვთავაზობთ  ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების მიხედვით პროფესიულ გადამზადებას და სწრაფ დასაქმებას. ეს მართლაც არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის სამუშაო ადგილების რაოდენობას ჩვენს ეკონომიკაში, ამავე დროს, ჩვენ დავაფინანსებთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებიც იდენტიფიცირებულია. მოკლევადიანი მომზადება გადამზადების კურსები ხელმისაწვდომი იქნება სამშენებლო, მომსახურების, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და ეტაპობრივად მას სხვა სფეროებიც დაემატება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან სწრაფი და ეფექტიანი საშუალება და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სიღარიბის დაძლევისკენ,“ – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური