GE

პრემიერმა პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნის შესახებ კანონში ცვლილებებზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროფესიულ განათლებაში საშუალო საფეხურის ინტერგრაცია ხდება. ამას ითვალისწინებს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პაკეტი, რომელიც მთავრობას წარედგინა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ცვლილებები გულისხმობს პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს ევროპაში არსებული თანამედროვე მოდელების გათვალისწინებით. ეს გახლავთ ძირითადად ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში აპრობირებული მოდელები.

პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტერგრაცია ხდება, ჩნდება ატესტატის მიღებისა და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა. ცვლილებები ასევე ქმნის პროფესიული განთლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩათვლის შესაძლებლობას.

მოხდება სამუშაოზე დაფუძნებული ანუ ე.წ. დუალური სწავლების ფორმის განსაზღვრა და მისი პრიორიტეტიზაცია. ცვლილებები ასევე აჩენს ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას. ჩამოყალიბდება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემა არამხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვის. განხორიცელდება მრავალფეროვანი საგანამანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვალიფიკაციის მინიჭება, მეორე შემთხვევაში ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება გადამზადება და ა.შ.

დაინერგება ინკლუზიური განათლების სისტემური მოდელები. სახელმწიფო პროფესიულ დაწესებულებებს ეკონომიკური საქმიანობის  განხორციელების, მათ შორის სწავლის პროცესში შემქნილი პროდუქციის რეალიზაციის  მომსახურების გაწევის უფლება მიენიჭებათ“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ჩამოყალიბდება ასევე, მასწავლებლების მომზადებისა და კარიერული წინსვლის სისტემა. იქმნება ფორმალური და არაფორმალური განათლების აღიარების  შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, დღეს პრემიერმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, მედისთვის ამ თემაზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და სხდომის დასრულების შემდეგ მედიისთვის განკუთვნილ ოთახში ჩასვლა სთხოვა.

რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სკოლის ატესტატის ექვივალენტი დოკუმენტის აღება

როდის შეძლებენ პროფსასწავლებლის კურსდამთავრებულები უმაღლესში სწავლის გაგრძელებას

პროფესიული განათლება

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური