GE

პრეზიდენტი ქართველოლოგიური და კავკასიური კვლევების ცენტრი აღდგენის ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქვს ინიციატივა, რომ საქართველოში ქართველოლოგიური და კავკასიური კვლევების ცენტრი აღდგეს. ამის შესახებ მან პარლამენტში პრეზიდენტის რანგში პირველად სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ მას აქვს ექვსი სხვადასხვა ინიციატივა და განათლებისა თუ ახალგაზრდების ჩართულობის მიმართულებით მისი ინიციატივა სწორედ ეს არის:

„წლების განმავლობაში ჩვენთან არსებობდა ქართველოლოგიური და კავკასიოლოგიური კვლევების ცენტრი, სადაც ჩამოდიოდნენ ქართველოლოგიის პროფესიის დაუფლების მსურველები და აქ ვზრდიდით ჩვენს მეცნიერებს. ეს არის დარგი, რომელშიც ჩვენს ქვეყანას კონკურენტი ვერ ეყოლება და არ უნდა ჰყავდეს. ეს ადგილი უნდა დავიბრუნოთ. ენათმეცნიერებისა დაც ქართველოლოგიის გარდა, ეს ცენტრი უნდა აწარმოებდეს ინტერდისციპლინარულ კვლევებს, საქართველოსა და კავკასიის შესახებ, ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენ მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოსა და რეგიონის შესახებ და არა სხვებმა. ასეთი ცენტრის არსებობა საქართველოს მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. იგი ვერ აღდგება და ვერ იარსებებს ძლიერი სახელმწიფო ნებისა და  მხარდაჭერის გარეშე, ამ იდეის მხარდაჭერა პატრიარქის მხრიდან გადამწყვეტია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, არქეოლოგიის დარგის გაძლიერების მიზნით, მან  მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ-პოლონურ არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც ქუთაისში ძველი კოლხეთის კულტურის კვლევას ისახავს მიზნად, ასევე გერმანულ მხარეს შესთავაზა საქართველოში  გერმანული არქეოლოგიური ინსტიტუტის ფილიალის დაფუძნება.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური