GE

პროექტი პროექტისთვის? – სკოლებში „ნაეკის“ შეფასებითი გამოცდების კონკრეტული შედეგები სამინისტროსთვის ცნობილი არ იქნება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დააანონსა, რომ მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს მე-4 და მე-6 კლასებში საპილოტე შეფასებას განახორციელებს. ტესტირება ჩატარდება ქართულ ენასა და მათემატიკაში. ცენტრის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ გამოცდის კონკრეტული  შედეგები განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთვის ცნობილი არ იქნება და მას მხოლოდ ზოგადი მონაცემები მიეწოდება.

ასეთი შეფასება უნდა ჩატარდეს მომდევნო სასწავლო წლიდან მე-10 კლასის მოსწავლეებისთვისაც.

რას გულისხმობს პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“, რომლის ფარგლებშიც მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტარდებათ

„ჩვენ ამას არ ვარქმევთ გამოცდას, ეს არის შეფასება განვითარებისთვის და პროექტსაც ასე ჰქვია. მიზანი არის ის, რომ დაწყებით კლასებში მასწავლებელს, მშობელს და ბავშვს ჰქონდეს ინფორმაცია სად არის და როგორ ვითარდება. ეს ინფორმაცია არის მხოლოდ სკოლისთვის და მხოლოდ მასწავლებლისთვის. ჩვენ ინფორმაციას მივაწოდებთ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსაც, მაგრამ სამინისიტროს არ ეცოდინება მაგალითად კონკრეტულ სკოლაში კონკრეტული მოსწავლეების მიღწევები. ეს კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ეს პროექტი მართლაც სკოლის განვითარებისთვის არის. სამინისტროს ეცოდინება ზოგადი სურათი, შეგვიძლია მივაწოდოთ მონაცემები კატეგორიების მიხედვით, ვთქვათ რა ხდება ქალაქებში, სოფლებში, მაღალმთიან რეგიონებში და ა.შ.“,- ამბობს სოფო გორგოძე, გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი.

საგამოცდო ცენტრის მტკიცებით, აღნიშნული შეფასება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ განვითარებას, თუმცა საინტერესოა, თუ სამინისტროს არ ექნება მიღწევების შესახებ კონკრეტული სკოლის მონაცემები, როგორ შეძლებს ის სასწავლო დაწესებულებებს განვითარებაში დაეხმაროს? ამ შეკითხვით EDU.ARIS.GE-მ, განათლების სპეციალისტებს მიმართა.

განათლების ყოფილი მინისტრი და განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის (EPPM) პრეზიდენტი თამარ სანიკიძე ამბობს, რომ საჯარო სკოლების ნაწილს აქვს გამოცდილება, თუ როგორ უნდა ჩაატარონ მოსწავლეთა შეფასება, ამიტომ გაუგებარია, ამ პროცესს „ნაეკი“ ცენტრალიზებულად რატომ ახორციელებს.

სანიკიძე მიიჩნევს, რომ მოსწავლის შეფასება განათლების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, ანუ გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ხარისხის დინამიკის კონტროლი. განმსაზღვრელი შეფასება  ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში და იწერება ქულა, ხოლო განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის  გაუმჯობესებას, მოტივაციის ამაღლებას, რჩევა-დარიგება და ა.შ.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2014 წლიდან, განვითარებაზე ორიენტირებულ სკოლებს სთავაზობდა მოსწავლეთა (მე-6 და  მე-9 კლასი) მიღწევების შეფასებას  სასწავლო პროცესის მხარდაჭერის მიზნით. სკოლები ნებაყოფლობით ერთვებოდნენ. მოსწავლეთა შეფასების საფუძველზე სკოლებს მიეწოდებოდათ ინფორმაცია კონკრეტული მოსწავლის და სკოლის მიღწევების შესახებ. რაც ეფექტურად შეიძლება იყოს გამოყენებული მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაში. პროექტი კომერციული იყო და დიდი მასშტაბი არ ჰქონია, თუმცა ამ პროცესში სკოლებმა შეიძინეს გამოცდილება, როგორ ჩაატარონ დამოუკიდებლად შიდა შეფასებები და როგორ გამოიყენონ ინფორმაცია მოსწავლის გაძლიერებისა და ეფექტური მხარდაჭერისა თუ მთლიანად, სასწავლო პროცესის მოდიფიკაციის მიმართულებით.

„დღეს,  იმ გაცხადებული რეფორმის  ფონზე, როდესაც მიზნად ვისახავთ სკოლების უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის გაზრდას, სკოლებს ნდობას ვუცხადებთ და ვანდობთ დამამთავრებელ გამოცდებს და დამოუკიდებლად ტესტების მომზადებას, მაშინ როცა 10 წელზე მეტია სკოლის პედაგოგებს პერმანენტულად ვუტარებთ შეფასებასთან დაკავშირებულ ტრენინგებს, ყველა სკოლის დირექტორმა დაასრულა ლიდერობის აკადემია, სადაც სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სკოლის საქმიანობის შეფასება იყო, გასაკვირია, რამ გამოიწვია ის უნდობლობა, რომელიც  მე-4 და მე-6 კლასების მასწავლებლებს გამოვუცხადეთ, რომ  ტესტირება გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატაროს ქართულ ენასა და მათემატიკაში. მით უფრო, რომ  გამოცდის კონკრეტული  შედეგები არათუ სკოლისთვის, არამედ  სამინისტროსთვის ცნობილი არ იქნება და მას მხოლოდ ზოგადი მონაცემები მიეწოდება- რაც ეროვნული შეფასების ფუნქციაა და პერიოდულად ისედაც ტარდება ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საგნებში“, – აცხადებს თამარ სანიკიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

მისივე თქმით, ეროვნული გამოცდების ცენტრის ინიციატივა ჰგავს პროექტს პროექტისთვის, რადგან ცნობილი არ არის რა ახალი ინფორმაციის მიღებას გულისხმობს მსგავსი შეფასება.

„ეს ინიციატივა უფრო ჰგავს პროექტს პროექტისთვის, რადგან მე-4 კლასში მხოლოდ განმავითარებელი შეფასებაა დაშვებული და შეფასების არსიდან და მიზნებიდან გამომდინარე, საინტერესოა ამ ტესტირების შედეგი როგორ აისახება ინდივიდუალურად თითოეულ ბავშვზე და სკოლაზე განვითარებისა და გაძლიერების კუთხით. მასწავლებლების და სკოლის ფუნქცია რა არის ამ დროს? ისიც გასათვალისწინებელია, რომ კითხვითი და მათემატიკური უნარების შემოწმება ხდება საერთაშორისო კვლევის ფარგლებში და საინტერესოა, ეროვნულ დონეზე რა ახალი ინფორმაციის მიღებას გულისხმობს მსგავსი შეფასება და რა ინსტრუმენტებით. შეფასების მასშტაბი და სანდოობა ასევე მნიშვნელოვანი პარამეტრებია“, – ამბობს განათლების ყოფილი მინისტრი.

განათლების კოალიციის პოლიტიკის ანალიზის ოფიცერი რევაზ აფხაზავა მიიჩნევს, რომ სამინისტროს სკოლების შეფასების შესახებ რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება, პოლიტიკის ინსტრუმენტების შემუშავებას უფრო ეფექტურად შეძლებს, ამ პირობებში კი ეს გაუჭირდება.

„ზოგადად, შეფასებას თავის აზრი აქვს, რა თქმა უნდა, რაც მეტის მიმცემია შეფასება, მით უფრო კარგია, თუმცა მთავარია, რომ ის არ იქნას გამოყენებული სადამსჯელო მიზნებისთვის. პირიქით, მეტი მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ იმ სკოლებს, რომლებსაც გარკვეული გაჭირვება აქვთ ობიექტური თუ შიდა პრობლემების გამო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასება კომპლექსური იყოს და მათ შორის მეტ ინფორმაციას გვაძლევდეს სკოლების შესახებაც. სკოლისთვისაც მნიშვნელოვანია იცოდეს თვითონ რა პრობლემა აქვს. თუ არ ექნა კონკრეტული მონაცემები სამინისტროს, მაშინ ზოგადი ფონის შესახებ ექნება ინფორმაცია და შესაბამისად, პოლიტიკის ინსტრუმენტების შემუშავება ამაზე საპასუხოდ, უფრო გაუჭირდება.

„განათლების სამინისტრომ უფრო დეტალურად უნდა იცოდეს რისგანაა ესა თუ ის პრობლემა გამოწვეული და რომ გაიგოს, სკოლების ერთმანეთთან შედარება უნდა შეეძლოს. შესაბამისად, რაც უფრო კომპლექსური იქნება უკეთესია, მაგ პერიოდში შეფასების გაკეთება არის სწორი. რეალურად, ეს განვითარებაზე ორიენტირებული უნდა იყოს და არა რაღაც ბოლოში რომ ვაფასებდით და მერე ვეუბნებოდით მოსწავლეს – ან გაძლევ ატესტატს, ან არ გაძლევ. მაღალი რისკის გამოცდები არ უნდა არსებობდეს, ეს  უნდა იყოს განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეების შეფასება“, – ამბობს რევაზ აფხაზავა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

ამ ეტაპზე საკითხზე საუბარი და შეფასება უჭირთ თავად პედაგოგებს, ჩვენ კომენტარის გაკეთება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულსაც ვთხოვეთ.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური