GE

პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა

3 დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა გამართეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა.

ღონისძიება გახსნეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ, ილიაუნის ბავშვის განვითარების დირექტორმა ნინო ცინცაძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ.

პროექტი მიზნად ისახავდა აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისების უზრუნველყოფას, ასევე სფეროს სპეციალისტების პროფესიულ გაძლიერებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

შემაჯამებელ შეხვედრაზე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერმა, რუსუდან ჩხუბიანიშვილმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის ფარგლებში 2015-2021 წლებში მიღწეული შედეგები და მუშაობის პროცესის გამოწვევები გააცნო. ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ნინო ცინცაძემ კი ექვსწლიანი პარტნიორობის შედეგად სფეროს მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობაზე, სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და გამრავალფეროვნებაზე ისაუბრა.

შეხვედრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის „აუტიზმის სპექტრის აშლილობების პრევალენტობა, კლინიკური თავისებურებები და რისკ-ფაქტორები საქართველოში“ წინასწარი შედეგების წარდგენა იყო. კვლევისას გამოკვეთილ ტენდენციებზე ისაუბრა ბავშვთა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების აკადემიის თავმჯდომარემ და პროექტის ექსპერტმა, მაია გაბუნიამ, ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის მოქმედმა თავმჯდომარემ, გვანცა ჩვამანიამ კი წარადგინა ანგარიში ქცევის გამოყენებითი ანალიზის კუთხით და საზოგადოებას ასოციაციის საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობის შესახებ უამბო. დამტკიცების შემთხვევაში ინიციატივა დაარეგულირებს ქცევის ანალიტიკოსთა საქმიანობას.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ახორციელებს ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კვლევით და საგანმანათლებლო პროექტებს. განსაკუთრებულად გამოვყოფდი ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობით ნაკარნახევ პროექტებს. ეს სტრატეგიაშიც საგანგებოდ არის აღნიშნული და გულისხმობს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას, ამ მიმართულებით კვლევას, სწავლებას. ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი უნიკალურია მთელი რეგიონის მასშტაბით, ეს მართლაც გამორჩეული სივრცეა, რომელიც ერთი სამეცნიერო გუნდის ხელმძღვანელობით სთავაზობს როგორც სასწავლო-საგანმანათლებლო, ისე კვლევით და სერვისის ნაწილს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, რომელიც სამივე მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს ქმნის. ასეთი ფართო ფუნქციის შეძენა, ინსტიტუტის დაარსება, რომელიც სრულფასოვნად ახერხებს მუშაობას, წარმოუდგენელია დიდი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე. ასეთი მხარდამჭერი იყო ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი.“ ნინო დობორჯგინიძე, ილიაუნის ვიცე-რექტორი.

„პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის, რადგან მათი მომსახურების სერვისი ქვეყნის მასშტაბით საგრძნობლად გაუმჯობესდა. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვთანამშრომლობდით ბევრ დაინტერესებულ მხარესთან – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან რეგიონში სხვადასხვა სერვისის მიწოდების შეთავაზების კუთხით. ეროვნულ დონეზე მხარი დავუჭირეთ აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტებს, შეიქმნა ზოგადი ჩარჩო სერვისის ყველა მიმწოდებლისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ხარისხიანი მომსახურება აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის, ასევე მუნიციპალურ დონეზე.“ იან ბლინკა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი.

„პროექტის მიზანია საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება, ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პროფესიული განვითარება, რათა მათ ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ ბენეფიციარებს. ჩვენი მიზანია აგრეთვე სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა საქართველოს საბავშვო ბაღებში. პროექტი დაიწყო 2015 წელს. იმ დროს სერვისი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც არსებობდა სერვისები, თუმცა არ იყო ხარისხიანი. ჩვენ მიზნად დავისახეთ რეგიონების გაძლიერება ამ მიმართულებით, რისთვისაც აქტიურად გამოვიყენეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტიზა. მისი სპეციალისტების მეშვეობით რეგულარული სუპერვიზია ხორციელდებოდა ადგილზე, ადგილობრივი აუტიზმის ცენტრებისთვის. ხარისხის უზრუნველყოფისათვის ჩვენი ხელშეწყობით დამტკიცდა აუტიზმის გამოვლენისა და მართვის პროტოკოლი, რომელსაც სპეციალისტები და პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ, ჯანდაცვის სამინისტრომ კი დაამტკიცა მომსახურების მინიმალური სტანდარტი, სახელმძღვანელო მუნიციპალიტეტებისათვის, იციან რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს მათ მიერ მიწოდებული სერვისი ბავშვებისათვის, მაგრამ ღიად რჩება მოზარდებისა და მოზრდილი აუტიზმის სპექტრის მქონე პირების მდგომარეობა, ვინაიდან მათთვის სერვისი არ არსებობს, რაც ძალიან გვაწუხებს. გვინდა, რომ პროექტი გაგრძელდეს ამ მიმართულებით – ვეძებთ სახელმწიფოს მხარდაჭერასა და ახალ დონორებს, რომლებიც შეიძლება დაინტერესდნენ ამ საკითხით.“ რუსუდან ჩხუბიანიშვილი, პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერი.

„ჩეხეთის კარიტასის პროექტში მონაწილეობამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტს მისცა საშუალება, ორი ახალი, თანამედროვე და ძალიან მნიშვნელოვანი, მოდელი დაენერგა აუტიზმის მქონე ბავშებისათვის. ერთი დენვერის ადრეული დასაწყისის მოდელია, მეორე – სერცმოდელი. პირველი 2-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის არის, მეორე – 2-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილია მდგრადობა იმ თვალსაზრისით, რომ სერვისი უკვე მიმდინარეობს, მალე კვლევა დაიწყება დენვერთან დაკავშირებით, ხოლო სერცი სასწავლო პროგრამის ნაწილი გახდა.“ ნინო ცინცაძე, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ხელმძღვანელი.

ღონისძიების დასასრულს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თინათინ ჭინჭარაულმა ქცევის გამოყენებით ანალიზში უნივერსიტეტის საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა აუტიზმის სპექტრის მქონე პირების სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას, ასევე სფეროს სპეციალისტების პროფესიულ გაძლიერებას.

ჩეხეთის კარიტასმა პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (255 000 ევრო) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა. პროექტი შემუშავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, აღნიშნულ სფეროში მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით.

პროექტის ძირითადი მიღწევები:

ქვეყნის მასშტაბით ოჯახის ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები მომზადნენ აუტიზმის სპექტრის რისკის გამოვლენაში;

საქართველოს ხუთ რეგიონს აუტიზმის სპექტრის გამოვლენისათვის საჭირო, დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“ მიჩნეული, ე.წ. ADOS ინსტრუმენტი გადაეცა და შესაბამისი სპეციალისტები მის გამოყენებაში გადამზადნენ;

ABA სპეციალისტებმა გაიარეს ტრენინგები ბავშვთა შეფასების ინსტრუმენტების (ABLLS-R and EFL) გამოყენებაში, რომლებიც აუცილებელია ABA თერაპიის სრულფასოვანი განხორციელებისათვის;

დაფინანსდა 15 სპეციალისტი, რომლებმაც ქცევის თერაპიის სუპერვიზორის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად საჭირო საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი გაიარეს;

ABA-ის პარალელურად აუტიზმის ჩარევის ორი ალტერნატიული მიდგომა – დენვერის ადრეული ჩარევის მოდელი და SCERTS-ის (სოციალური კომუნიკაცია, ემოციური რეგულაცია, ტრანსაქციული მხარდაჭერა) მოდელი დაინერგა, გადამზადნენ სპეციალისტები;

საქართველოს სამ საპილოტე საბავშვო ბაღს წარედგინა ინკლუზიური განათლების მოდელი, გადამზადნენ სპეციალური მასწავლებლები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები;

სხვადასხვა მუნიციპალიტეტს წარედგინა აუტიზმის პროგრამის განფასების მოდელი, შესაბამისად, ზოგიერთმა მათგანმა ამ პროგრამისთვის საჭირო ბიუეჯეტი გამოყო, ზოგმა კი გაზარდა როგორც პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების, ისე თერაპიისთვის საჭირო საათების რაოდენობა;

2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „აუტიზმის გამოვლენის, დიაგნოსტიკის და მართვის“ ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა;

2020 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები“ დაამტკიცა;

ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციამ შეიმუშავა და პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, თუ დამტკიცდა, დაარეგულირებს ქცევის ანალიტიკოსთა საქმიანობას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური