GE

პროექტზე მომუშავე ჯგუფის ანგარიში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების“ ფარგლებში, მეცნიერთა ჯგუფი ახორციელებს ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს ,,შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიული რეპრეზენტაცია (პატარა ლიახვის ხეობა) (#OTG-I-21-593). (პროექტის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, კოორდინატორი – ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, მკვლევარები: ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი და ეთნოლოგიის დოქტორი თამილა კოშორიძე).

პროექტზე მომუშავე ჯგუფი 2022 წლის 14 ივლისს ანგარიშით წარსდგა დაინტერესებული საზოგადოების, მეცნიერებისა და სტუდენტების წინაშე.

პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტის ფარგლებში მომზადებული მონოგრაფიის არქიტექტონიკა, მოკლე ანალიზი და სიახლეები.

პროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს, მის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, უცხოეთისა და საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში მოქმედმა პროფესორებმა: იბრაჰიმ თელლიოღლუმ (19 მაისის უნივერსიტეტი, სამსუნი, თურქეთი), მარიამ ჩხარტიშვილმა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), სერგო ვარდოსანიძემ (საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი), ვასილ მოსიაშვილმა (სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი), კახა კვაშილავამ (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი), როლანდ თოფჩიშვილმა (ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების გამგე), თამარ მესხმა (ილიას უნივერსიტეტის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი), ვლადიმერ წვერავამ (ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ელდარ მამისთვალიშვილი (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი), სოფიკო სეხნიაშვილმა (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი).

გამოითქვა არაერთი საყურადღებო მოსაზრება, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიის სახელმძღვანელოს სახით მომზადებისა და უმაღლეს დაწესებულებებში სავალდებულო კურსის სახით განხორციელების თაობაზე, მონოგრაფიის სამენოვანი სახით გამოცემის აუცილებლობასა და ა. შ.

გიორგი სოსიაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ინტერესისა და სურვილებისათვის, პასუხი გასცა კითხვებსა და უნივერსიტეტში დაგეგმილ სამომავლო აქტივობებზე.

შეხვედრა გაიმართა ონლაინ რეჟიმში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური