GE

პროფესია უმუშევრობის გარანტიით

კრიმინალისტის პროგრამა საზოგადოებრივ კოლეჯებში 2011 წლიდან ისწავლება. სწავლება ფასიანია და კურსის ღირებულება 1500 ლარს შეადგენს. გამომძიებლის თანაშემწის, დეტექტივის და შემთხვევის ადგილზე ნივთმტკიცების მომგროვებლის სპეციალობებს ყოველწლიურად 900-დან 1000-მდე სტუდენტი ითვისებს და შესაბამის სერტიფიკატსაც იღებს. თუმცა შრომის ბაზარი მათთვის დაკეტილია. სახელმწიფოს ძალოვანი უწყებები კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ შესაბამის ვაკანსიებზე   მხოლოდ უმაღლესდამთავრებული კადრები სჭირდებათ.

რატომ დაამტკიცა განათლების სამინისტრომ პროფესიული პროგრამა, რომლის კურსდამთავრებულსაც დასაქმების შანსი არ აქვს, ამის გარკვევას გაერთიანებული პროფესიული კავშირის თავმჯდომარე 6 თვეა ცდილობს.

„ერთი სახელმწიფო უწყება განათლების სამინისტრო იძლევა აკრედიტაციას, ნებართვას რომ კრიმინალისტის პროფესია ისწავლებოდეს პროფესიულ სასწავლებლებში. დანარჩენი სახელმწიფო უწყებები, რომლებიც რეალურად დამსაქმებლები უნდა იყვნენ,  ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ კადრი უმაღლესი განათლებით. მაშინ ისმის კითხვა, რატომ გადაიხადა ამ ხალხმა თანხა, რატომ გაიხარჯა ეს თანხა ტყუილად თუ ამ დამსაქმებლებს: პროკურატურას, შსს-სა და სხვა შესაბამის უწყებებს სჭირდება მხოლოდ უმაღლესდამთავრებული კადრი? იქნებ ერთმანეთში გარკვეულიყვნენ და ისე შეეთავაზებინათ საზოგადოებისთვის პროგრამები. მანტერესებს, რას ვეუბნებით, იმ ადამიანებს ვინც დაასრულა ან ახლაც სწავლობს პროფესიულ კოლეჯში კრიმინალისტის პროგრამაზე, იმიტომ სწავლობ რომ ვერასოდეს ამ პროფესიით ვერ დასაქმდე? დეკემბერში დავაყენეთ პროფკავშირებმა ეს საკითხი, მივწერეთ ყველა შესაბამის უწყებას, მაგრამ პრობლემის აღიარების გარდა, ჯერ შედეგი არ მიგვიღია. ხომ უნდა შეეცადონ მაინც რომ აღმოფხვრან ეს ხვრელი?!“ – ამბობს გაერთიანებული პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

კრიმინალისტის სასწავლო პროგრამა სამწლიან კურსს მოიცავს. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისგან განსხვავებით, სიღრმისეულად ისწავლება საგამოძიებო მეთოდები, ნივთმტკიცებათა შეგროვება, დანაშაულის ადგილზე ნახაზების შედგენა და სხვა ტექნიკური საკითხები. კურსდამთავრებულებს რომ დასაქმების პრობლემები აქვთ, მთავრობას საზოგადოებრივმა კოლეჯებმაც აცნობეს.

„სპეციალისტთა აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმა საკვალიფიკაციო ჩარჩოში კრიმინალისტ-დეტექტივის, კრიმინალისტ-სპეციალისტის პროფესიული  კვალიფიკაციის შეტანას. დღეს კი, როგორც ცნობილი გახდა ამ პროგრამის ბედი გაურკვეველია…

„დასავლური გამოცდილება ადასტურებს, რომ „კრიმინალისტიკის“ ზოგიერთი მიმართულების სწავლება სწორედ პროფესიული პროგრამების პრეროგატივაა (ინგლისი, აშშ, გერმანია…) ამ ქვეყნებში პროგრამის კურსდამთავრებულები მუშაობენ სასამართლო ფოტოგრაფად, დანაშაულის ადგილზე ნახაზებისა და გეგმების შემდგენლად, მტკიცებულებათა შემგროვებლად, შემფუთველად და შემნახველად, დეტექტივის თანაშემწედ, პოლიციის ინსპექტორად, კერძო დეტექტივებად. წარმოუდგენელია, რომ  საქართველოს საგამოძიებო სისტემამ უარი თქვას ასეთ კადრებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოძიებას დავტოვებდით ვიდეო კამერების გამშიფვრელის პროფესიად. როგორც მოგეხსენებათ, განსხვავებით განვითარებული ქვეყნებისგან, საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირთა რაოდენობა ბევრად აღემატება პროფესიული განათლების მქონეთა რიცხვს. აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს სწორედ ის, რომ, მათ შორის, სხვადასხვა  სახელმწიფო უწყებებს ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული პროფესიული განათლების მნიშვნელობა და სარგებელი, რომელიც როგორც დამსაქმებლებმა, ამით შეიძლება მიიღონ“, – ნათქვამია საზოგადოებრივი კოლეჯების ერთობლივ განცხადებაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად დიალოგი დაწყებულია.

„დიალოგი დაწყებულია, ჩვენ აუცილებლად გადავხედავთ, ჩავერთვებით და სწორედ დამსაქმებლის მოთხოვნების მიხედვით განვსაზღრავთ ესა თუ ის პროფესია რომელი კვალიფიკაციის საფეხურზე უნდა იჯდეს. შედგება საგანმანათლებლო  პროგრამებიც, რომლებიც უპასუხებს დამსაქმებლის მოთხოვნას. თუკი საგანმანათლებლო პროგრამა პასუხობს დამსაქმებლის მოთხოვნას და ყველა სამუშაო სწორად არის ჩატარებული, დარწმუნებული ვარ რომ ეს პროგრამა და მისი კურსდამთავრებულები დასაქმებას ჰპოვებენ შრომის ბაზარზე“, – აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი.

ვიდრე ორი სახელმწიფო უწყება ერთმანეთში შეთანხმდება – კრიმინალისტიკის სწავლება უმაღლესი სასწავლებლების კომპეტენციაა თუ პროფესიულის, ასობით კურსდამთავრებული სამსახურს უშედეგოდ ეძებს. ამდენივე ადამიანი შრომის ბაზარზე წარუმატებელ სასწავლო კურსს ამჟამადაც გადის.

პროფესიები დასაქმების გარანტიით

პროფსასწავლებლის სტუდენტები უმაღლესში სწავლის გაგრძელებას შეძლებენ 

რატომ ვერ გახდა მიმზიდველი პროფესიული განათლება?

პროფსასწავლებელი – „ცუდი“ მოსწავლეების თავშესაფარი თუ გარანტირებული კარიერის საწყისი?

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური