GE

პროფესიულ კოლეჯებში სწავლა 8 ნოემბრიდან დაიწყება

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობაში სწავლა 8 ნოემბერს დაიწყება. კოლეჯებში ჩასარიცხ აპლიკანტთა შერჩევის მეორე ეტაპი 15 ოქტომბერს დასრულდა.

როგორი ფორმატით აპირებენ კოლეჯები სწავლის განახლებას, ამის შესახებ, EDU.ARIS.GE  ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს“, სამშენებლო კოლეჯ ,,კონსტრუქტ2“-ს, ,,ახალ ტალღასა“ და ,,მერმისს“ ესაუბრა.

სამ კოლეჯში განგვიცხადეს, რომ 8 ნოემბერს, სწავლის დაწყებას დასწრებულ ფორმატში გეგმავენ. სამშენებლო კოლეჯ ,,კონსტრუქტ2“- ის თქმით კი, მოკლევადიან პროგრამებზე სწავლება აუდიტორიებში უკვე დაწყებულია, გრძელვადიან პროგრამებზე კი, 8 ნოემბერს განახლდება.

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“: „ჯერჯერობით, რეგულაციების მიხედვით, რეალურ სასწავლო გარემოში ვაპირებთ, რომ დავიწყოთ. 8 ნოემბრამდე თუ შეიცვალა რაიმე, დისტანციური სწავლების გამოცდილებაც გვაქვს.“

კოლეჯი ,,მერმისი“: ,,სწავლას ვიწყებთ ჩვეულებრივად. ვაპირებთ, დასწრებულ ფორმატში, თუკი იქნება ამის შესაძლებლობა. თუ არადა, ონლაინზე გადავალთ.“

სამშენებლო კოლეჯი ,,კონსტრუქტ2“: ,,ჩვეულებრივად, ოფლაინ ვიწყებთ სწავლას. მოკლევადიან პროგრამებზე უკვე დაწყებულია. გრძელვადიან პროგრამებზე 8 ნოემბერს დაიწყება. მოკლევადიანებზე სხვადასხვა დროს დაიწყო – 4 ოქტომბერს და 8 ოქტომბერს – და დასწრებულად მიმდინარეობს სწავლის პროცესი.“

კოლეჯი ,,ახალი ტალღა“: ,,ამ ეტაპზე ჩვეულებრივად, სასწავლო გარემოში განახლდება სწავლება, დასწრებული ფორმატით. თუ რაიმე შეიცვალა პანდემიასთან დაკავშირებით, შესაძლებელია თეორიული მოდულები დისტანციურად განხორციელდეს. ამას წინასწარ ვერ გეტყვით. იმიტომ, რომ ჯერ არ დაწყებულა სწავლება ახალ ჯგუფებთან.“

ცნობისთვის, პროფესიულ კოლეჯებს სასწავლო პროცესის დასწრებულ ფორმატში განახლების უფლება 4 ოქტომბრიდან აქვთ. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ 28 სექტემბერს მიიღო.

,,რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებს და უნივერსიტეტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე 4 ოქტომბერს, მათ უფლება ეძლევათ, რომ სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებულ ფორმატში, ანუ აუდიტორიებში. გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები იღებენ თვითონ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რასაკვირველია, ჩვენს სამინისტროსთან შეთანხმებით“, – განაცხადა მაშინ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

პროფესიული განათლების ამბები

მოამზადა ეთო მიდელაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური