GE

პროფესიულ პროგრამებზე 3000 ვაკანტური ადგილია – საგაზაფხულო რეგისტრაციის ვადები და პროცედურა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ირინა წეროძის განცხადებით,  პროფესიულ სასწავლებლებში საგაზაფხულო მიღებაზე 3 000-მდე თავისუფალი ადგილია. ხოლო საშემოდგომო მიღებისთვის ადგილების რაოდენობა დაახლოებით, 8 000-მდე გაიზრდება.

რაც შეეხება დაფინანსებას, წეროძის ინფორმაციით, პროფესიული პროგრამების ვაუჩერული დაფინანსებისთვის, რაც მათ შორის იმ უმაღლესების ადმინისტრაციულ ხარჯებსაც მოიცავს რომლებიც პროფესიულ სწავლებასაც ახორციელებენ, ჯამში 16 მილიონი ლარია გამოყოფილი.

რაც შეეხება რეგისტრაციას, პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე 8 აპრილს დაიწყება და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. აპლიკანტები პირადობის მოწმობით რეგისტრაციას გაივლიან საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. მათ ასევე საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით.

პროფესიული განათლების მიღებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის.

რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე. რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ.

საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიებს: ტურიზმის,  მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, ჟურნალისტიკის, დიზაინისა და ა.შ. მიმართულებებით.

სოფლის მეურნეობის, მშენებლობის ტურიზმისა და  ტრანსპორტის მიმართულებებით მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ  დუალური, ანუ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამები.

პროფესიული ტესტირების ჩატარების შესახებ ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

ვის შეუძლია რეგისტრაცის გავლა/პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელება:

მინიმუმ 9 კლასის განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ყველა რეგიონში, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ხელოვნების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით.

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, ტესტირებას რუსულ, სომხურ  ან  აზერბაიჯანულ ენებზე გაივლიან. ჩარიცხვის შემდეგ  კი მათ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.

ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ იხელმძღვანელონ საგამოცდო პროგრამით.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ  ბმულზე.

იხილეთ: 

საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო პროგრამები

პროფესიული ტესტირების ნიმუშები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური