GE

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის საგამოცდო რეგისტრაცია დაიწყო – პროცედურები საშემოდგომო მიღებისთვის

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე დღეს, 2 ოქტომბერს დაიწყო და 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

აპლიკანტები პირადობის მოწმობით რეგისტრაციას გაივლიან საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. მათ ასევე საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით.

რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე. რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ.

როგორც დღეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძემ განაცხადა, იზრდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროგრამების რაოდენობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სარკინიგზო ტრანსპორტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი კერძო კომპანია.

გარდა მაისა, ცნობილი გახდა, რომ წელს პირველად, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით აპლიკანტებს მიეცემათ შესაძლებლობა დუალურ პროგრამებზე ჩაირიცხონ პროფესიული ტესტირების (გამოცდის) გარეშე. მხოლოდ პარტნიორ კერძო კომპანიასთან წარმატებით გავლილი გასაუბრების საფუძველზე.

იხილეთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია

ვის შეუძლია რეგისტრაცის გავლა/პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელება:

მინიმუმ 9 კლასის განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ყველა რეგიონში, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ხელოვნების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ საქართველო მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისთვის პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირებულია ქართული ენის მოდული.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ იხელმძღვანელონ საგამოცდო პროგრამით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური