GE

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის მეორე ეტაპი დაიწყო – დეტალები

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის მეორე ეტაპი დღეს, 13 ოქტომბერს დაიწყო. სასურველი პროგრამის არჩევის შესაძლებლობა აპლიკანტებს 15 ოქტომბრამდე შეეძლებათ.

შერჩევის პროცესში ჩართვა შეუძლიათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც 2021 წელს დარეგისტრირდნენ პორტალზე vet.emis.ge და სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, შერჩევის ამ ეტაპზე მონაწილეობენ:

  • აპლიკანტები, რომლებმაც გაიარეს შერჩევის პროცესი, თუმცა კონკურსის გამო ვერ ჩაირიცხნენ სასურველ პროგრამაზე;
  • აპლიკანტები, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ პორტალზე, თუმცა ვერ შეძლეს შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
  • აპლიკანტები, რომლებმაც მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება, თუმცა დადგენილ ვადაში არ მიმართეს შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს საბუთების წარსადგენად.

ზემოაღნიშნულ აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ, პორტალზე vet.emis.ge გაეცნონ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებზეც დარჩენილია თავისუფალი ადგილები და მათთვის სასურველი არაუმეტეს სამი პროგრამა აირჩიონ. შერჩევის ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი პროგრამა ჰქონდა აპლიკანტს მითითებული შერჩევის ძირითად ეტაპზე რეგისტრაციისას.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას აპლიკანტი ირჩევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შერჩევის ძირითად ეტაპზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება აქვს გავლილი და გადალახული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

საბაზო და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შემთხვევაში კი, აპლიკანტი ხელახლა გადის პროგრამისთვის განსაზღვრულ შერჩევის ეტაპს და მონაწილეობს კონკურსში. ამის გარდა:

  • აპლიკანტს შეუძლია აირჩიოს სრულიად განსხვავებული პროგრამა, რომელიც შერჩევის ძირითად ეტაპზე არ ჰქონდა მონიშნული;
  • აპლიკანტს შეუძლია აირჩიოს იგივე პროგრამა, რომელიც შერჩევის ძირითად ეტაპზე ჰქონდა მონიშნული, იმის მიუხედავად, მონაწილეობდა თუ არა ის შერჩევის პროცესში და გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ამასთან, თუ აპლიკანტმა შერჩევის ძირითად ეტაპზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა და ვერ მოიპოვა სტუდენტის სტატუსი, მას შეუძლია კონკურსში ჩაერთოს უკვე მიღებული შეფასების შედეგით ან მისი გაუმჯობესების მიზნით, შერჩევის პროცესში განმეორებით ჩართვა მოითხოვოს.

პროგრამებზე შერჩევის პროცესი 26 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო შერჩევის საბოლოო შედეგები აპლიკანტებს 29 ოქტომბერს ეცნობებათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური