GE

პროფესიულ სასწავლებლებში მეწარმეობის საპილოტე ტრენინგები წარმატებით დასრულდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა ორ პროფესიულ სასწავლებელში მეწარმეობის საპილოტე ტრენინგები დაასრულა.

პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის აღნიშნული თემატიკის ტრენინგები წელს პირველად ჩატარდა.

მეწარმეობის ტრენინგ-მოდული პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა განვითარების სახელმწიფო პროგრამის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მიუნხენის სავაჭრო და ხელოსანთა პალატის თანამშრომლობით შეიქმნა და მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, როგორც პროფესიული განათლების მასწავლებლებში, ასევე, სტუდენტებში.

პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ტრენინგის პილოტისთვის ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი, ხოლო ამის შემდეგ გადამზადნენ გლდანის პროფესიული სწავლების ცენტრისა და კოლეჯ „მერმისის“ მასწავლებლები.

საპილოტე ტრენინგზე დაკვირვებას გერმანელი ექსპერტები ახორციელებდნენ. მეწარმეობის ძირითადი საფუძვლების შესწავლის შემდეგ, ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებმა წარმოადგინეს სწავლების პროცესში შექმნილი ბიზნეს-გეგმები. აღნიშნული პროექტები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა შეაფასეს და საუკეთესო ბიზნეს იდეა გამოავლინეს.

პილოტის შედეგები უკვე შეფასებულია. ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შემდეგ კი მეწარმეობის ტრენინგები ყველა საჯარო პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური