GE

პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი და საფასური

„პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. ბრძანების დანართით განისაზღვრა საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საფასური, ასევე, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი.

საფასურის ოდენობა

ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მისი დუბლიკატის გაცემის საფასურია 50 (ორმოცდაათი) ლარი.

საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.

2. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განცხადების რეგისტრაციამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე.

3. თუ მომსახურების გაწევისას ცენტრმა დაუშვა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტი გაცემულ იქნა არასწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომსახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი უარს განაცხადებს მომსახურების ხელახლა მიღებაზე, მას უბრუნდება გადახდილი საფასური.

4. თუ საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ დანართით დადგენილ განაკვეთს შორის.

5. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

გარდა ამისა, დანართით განსაზღვრულია რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური