GE

პროფესიული განათლების ფესტივალი თუ გულგამგმირავი სანახაობა

დღეს თბილისში, საგამოფენო დარბაზში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის წინამძღოლობით მორიგი გამოფენა გაიმართა. პროფესიული განათლების ფესტივალი – ამჯერად ასე ეწოდებოდა ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას სულ 15-მდე სახელმწიფო და რამოდენიმე კერძო კოლეჯი იღებდა.

არ ვიცი, ამ ფესტივალს შთაბეჭდილება ვისზე უნდა მოეხდინა? მონაწილე კოლეჯების მოქმედ  სტუდენტებზე თუ საკუთრივ სამინისტროს თანამშრომლებზე? მთავარი სამიზნე აუდიტორია –  პროფესიული განათლებით დაინტერესებული ახალგაზრდობა ფესტივალს თითქმის არ ჰყავდა.

ან საერთოდაც რა ინტერესის გამომწვევი შეიძლება ყოფილიყო ეს ,,ივენთი“?

გულგამგმირავი სანახაობა – ხელნაკეთები, აღჭურვილობის დასამაგრებელი კარაბინების მთა, რამდენიმე ქილა წარწერით NaCL, თმის განუწყვეტელი ვარცხნა, IT- ბუკლეტების დასტით, კოქტეილები ზღვაზე მდებარე უზარმაზარი კოლეჯისაგან, კონდენსატორის განმუხტვა…

ყველაფერი ეს, ქარიზმას მოკლებული მინისტრის ჩვეული არაგულწრფელი ღიმილის თანხლებით, მოხელეების გაუთავებელი, უკვე მრავალგზის განმეორებული სიტყვებით – მოდით, ჩვენ თითქმის ყველას დავასაქმებთ, ოღონდ მოდით.

ისინი არ მოვიდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს არც ისე დიდი პრობლემაა, მთავარი ამოცანა – მეტი გრანტის მიღება – პრინციპში შესრულებულია, ვარსკვლავებსა და დროშებს ბევრ სტენდზე ვხედავდით.

ავტორი – დავით ჯაფარიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური