GE

პროფესიული განათლებით დაინტერესებულთათვის თბილისსა და რეგიონებში ღია კარის დღეები იმართება

ათასწლეულის ფონდმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია – „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ დაიწყო, რომლის ფარგლებში პირველი ღონისძიება, ღია კარის დღე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის გენერალური დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები და კოლეჯის ადმინისტრაცია.

მაგდა მაღრაძემ პროფესიული განათლებით დაინტერესებულთათვის ღია კარის დღეების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჩვენი მიზანია საზოგადოებამ, სტუდენტებმა, აბიტურიენტებმა და მშობლებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ იმ მნიშვნელოვანი ახალი პროფესიული განათლების პროგრამების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს გარანტირებულ დასაქმებას და შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს. გადავწყვიტეთ ღია კარის დღეების კამპანია სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯიდან დაგვეწყო. ეს კოლეჯი არის აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტის მიმღები და კერძო-საჯარო პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითი დღეს საქართველოში, ასევე ჩვენი ფონდის მიერ განხორციელებული პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს წინა წლების გამარჯვებული“, – განაცხადა მაგდა მაღაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით კი, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საწინდარია.

„პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყნის ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. სწორედ ამას ემსახურება პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, რომელიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ამ კონკურსის ფარგლებში, ტარდება ღია კარის დღეები, რათა მოსწავლე-ახალგაზრდები გაეცნონ ქვეყნის მასშტაბით თუ რა კოლეჯები, რა პროფესიული პროგრამები და დასაქმების შესაძლებლობები არსებობს“, – განაცხადა ზურაბ კერვალიშვილმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის გენერალურმა დირექტორმა.

ღია კარის დღეების ფარგლებში, დაინტერესებულ მოსწავლეებს და აბიტურიენტებს საშუალება აქვთ გაიარონ კონსულტაცია სხვადასხვა კოლეჯში როგორც თბილისში, ასევე ფოთსა და ბათუმში. კოვიდ-რეგულაციის გათვალისწინებით, კოლეჯის დასათვალიერებლად, სასურველია ადმინისტრაციასთან ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა.

პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია 20 აგვისტომდე გრძელდება. პროფესიული განათლების მიღების მსურველს რეგისტრაციის გავლა შეუძლია კოლეჯებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ან ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე – www.vet.emis.ge.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი 62 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა შეიქმნა საინჟინრო, სამშენებლო, საზღვაო, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ავიაციისა და სოფლის მეურნეობის დარგებში. სასწავლებლები ასევე, აღიჭურვა თანამედროვე ლაბორატორიებით და სასწავლო სიმულატორებით. აღნიშნულ პროგრამებს უკვე 2,000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს.

კამპანიის ფარგლებში, „ღია კარის დღეები“ გაიმართება შემდეგ პროფესიულ სასწავლებლებში:

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი

დაინტერესებულ პირებს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში შემდეგი სპეციალობების დაუფლების შესაძლებლობა აქვთ:

რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა; რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი; რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა; რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა; ლოკომოტივის მართვა; სავაგონო მეურნეობა; რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება; სარკინიგზო გადაზიდვები; სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა; მეჩარხე.

პროგრამების დეტალური ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ კოლეჯის ვებ-გვერდზე: www.rtc.edu.ge

სსიპ კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“

დაინტერესებულ პირებს „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში“ შემდეგი სპეციალობების დაუფლების შესაძლებლობა აქვთ:

ინფორმაციის ტექნოლოგია (მოდულური და დუალური); ვებტექნოლოგიები (მოდულური და ინტეგრირებული), კომპიუტერული ქსელი და სისტემები (მოდულური და დუალური); კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება (მოდულური); JavaScript დეველოპერი; PHP დეველოპინგი; მონაცემთა მართვა და ანალიზი; სტრუქტურული და ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება (JAVA); C# პროგრამირება; ვებ გვერდის ინტერფეისის მოდელირება; Python პროგრამირება.

პროგრამების დეტალური ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ კოლეჯის ვებ-გვერდზე: www.itvet.ge

სსიპ კოლეჯი „ფაზისი“ (ფოთი)

დაინტერესებულ პირებს კოლეჯში „ფაზისი“ შემდეგი სპეციალობების დაუფლების შესაძლებლობა აქვთ:

ფერმერობა მეთევზეობა; თევზის გადამუშავება; ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში; ფერმერი მემცენარე; ელექტროობა; სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკა; შედუღება; კომპიუტერული ქსელი და სისტემები; მსუბუქი ავტომობილის ძრავის და სავალი ნაწილების შეკეთება; სამკერვალო წარმოება; სასტუმრო მომსახურება; ამწე და მსგავსი მანქანების ოპერირება; შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები.
პროგრამების დეტალური ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ კოლეჯის ვებ-გვერდზე: www.phazisi.edu.ge

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (ბათუმი)

დაინტერესებულ პირებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში შემდეგი სპეციალობების დაუფლების შესაძლებლობა აქვთ:

გემბანის რიგითი მეზღვაური; კომპიუტერული საიჟინრო გრაფიკის ოპერატორი; სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური; ამწის ოპერირება; თევზსაჭერი გემის ნავიგაცია; პორტების ლოგისტიკის მენეჯმენტი; სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის ოპერირება; შედუღება.

პროფესიული პროგრამების სრული კატალოგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური