GE

პროფესიული კოლეჯების 65 წლის დირექტორებს ასაკის გამო აღარ გაათავისუფლებენ – რა ცვლილება შედის კანონში

ცოტა ხნის წინ რამდენიმე სახელმწიფო პროფესიული კოლეჯიდან ხელმძღვანელები მათი ასაკის გამო გაათავისუფლეს. პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის თავმდომარე დენის დავითაშვილი “პროფესიული განათლების შესახებ” კანონში იმ ნორმის გაუქმების ინიციატივით გამოდის, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს 65 წლის ზემოთ ამ თანამდებობაზე მუშაობას უკრძალავს.

კანონის მოქმედი ნორმის მიხედვით, 65 წელს გადაცილებულ, ქმედუნარიან, ჯანსაღი ფსიქიკისა და გონებრივი მონაცემების მფლობელ დირექტორებს თანამდებობის დაკავება ეკრძალებათ. დავითაშვილის თქმით, ისევე, როგორც არ არსებობს ასაკობრივი ზღვარი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორებისათვის, ასევე  არ უნდა იყოს დაწესებული კოლეჯების დირექტორებისათვის თანამდებობის დასაკავებლად ზედა ასაკობრივი ბარიერი.

denis_davitashvili_16687“ჩვენ როცა გადავხედეთ პროფესიული კოლეჯების დირექტორების ასაკს და საერთოდ საკადრო მდგომარეობას, მივხვდით, რომ პედაგოგების ძირითადი ნაწილი და ასევე ადმინისტრაცია არის ასაკოვანი ხალხი. სანამ განათლების სამინისტრო ხელისუფლებასთან ერთად არ იზრუნებს ახალგაზრდა კადრების მომზადებაზე, მათი გაახალგაზრდავება ვერ იქნება მიღწეული. როგორ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით მოვაცილოთ და სამსახურიდან გავუშვათ ის კადრები, რომლის ჩამოყალიბებაშიც ათეული წელი დაიხარჯა?!“, – ამბობს EDU.ARIS.GE-ისთან დავითაშვილი, რომელმაც საკუთარი ინიციატივა საპარლამენტო კომიტეტს უკვე წარუდგინა.

მისი განმარტებით, მზადდებოდა მოცულობითი კანონპროექტი, რომელშიც სხვა საკანონმდებლო ნორმებთან ერთად, კოლეჯის დირექტორებისთვის ზედა ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებული ცვლილებაც უნდა ასახულიყო, თუმცა ცვლილების ინიცირება პარლამენტში სწორედ კოლეჯიდან ორი დირექტორის ასაკობრივი ნიშნით გათავისუფლებამ დააჩქარა.

“გასულ წელს ორ კოლეჯის დირექტორს შეუსრულდა 65 წელი. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ამას განათლების მინისტრმა არ მიაქცია ყურადღება, რადგან მასზე მყისიერი რეაქცია არ ჰქონია. გვეგონა, მოცულობითი კანონპროექტის დარეგისტრირებას და მასში ცვლილებების შეტანას დაელოდა, რომელიც საგაზაფულო თუ არა, საშემოდგომო სესიაზე აუცილებლად უნდა მიგვეღო. 28 თებერვალს მან ორი ძალიან გამოცდილი და კარგი დირექტორი გაათავისუფლა სამსახურიდან. ჩვენც, გავიგეთ თუ არა ამის შესახებ  დავაჩქარეთ ამ ცვლილების მომზადება და პარლამენტში ინიცირება, რადგან სხვა დირექტორებსაც იგივე რეგულაცია არ შეეხოთ,” – აღნიშნა დავითაშვილმა და დასძინა, რომ კანონში ცვლილებების შესვლის შემთხვევაში, განათლების მინისტრის ვალდებულება იქნება, ეს ორი დირექტორი კვლავ სამსახურში აღადგინოს.

დავითაშვილმა საკუთარი ინიციატივა, კანონიდან ამგვარი ჩანაწერის ამოღებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე უკვე წარადგინა და მას როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ინიციატივას მხარი დაუჭირა “ევროპული საქართველოსთვის” წევრმა გიგი წერეთელმაც. ის ვარაუდობს, რომ დირექტორების სამსახურებიდან გათავისუფლებამ ამ ინიციატივის შემუშავება დააჩქარა და მიაჩნია, რომ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი ასაკი არ უნდა იყოს.

როგორც EDU.ARIS.GE-ს “ქართული ოცნების” დეპუტატმა და კომიტეტის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა უთხრა, ის მხარს უჭერს წარმოდგენილ ინიციატივას, თუმცა მისი თქმით, საკითხი სამართლებრივად ისე უნდა  გაიწეროს, რომ არც ერთი ასაკის ადამიანის მიმართ დისკრიმინაციულად არ ჟღერდეს.

დენის დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას უახლოეს პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომიტეტებზე განიხილავენ, შემდეგ კი მასზე წამყვან, განათლებისა და კულტურის კომიტეტში იმსჯელებენ. დავითაშვილი ვარაუდობს, რომ კანონპროექტის დამტკიცება უახლოეს ერთ თვეში  მოხდება.

პროფსასწავლებლის სტუდენტები უმაღლესში სწავლის გაგრძელებას შეძლებენ

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური