GE

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ტესტირების ჩატარების განრიგი

2017 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების ჩატარების განრიგი დამტკიცდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექანდრე ჯეჯელავას ბრძანების მიხედვით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის საშემოდგომო მიღებისთვის ტესტირება 29 ოქტომბერს 09:00 საათიდან ჩატარდება.

ტესტირების დროს, აპლიკანტმა აუცილებელად თან უნდა იქონიოს მოსაწვევი (საგამოცდო ბარათი) და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსაწვევი ბარათის აღება შესაძლებელია ნებისმიერ სარეგისტრაციო ცენტრში – საგანმანათლებლო რესურსცენტრში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში (კოლეჯში) ან ვებგვერდზე – www.vet.emis.ge (იმ შემთხვევაში თუ, აპლიკანტმა რეგისტრაცია ელექტრონულად გაიარა). მოსაწვევის აღება შესაძლებელია 2017 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.

პრეტესტი ჩატარდება 28 ოქტომბერს და მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან შედგება. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირინა წეროძის განცხადებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროფესიულ პროგრამებზე ჯამში 9000–მდე ვაკანტური ადგილია გამოცხადებული და მსურველებს 100–ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე შეუძლიათ დარეგისტრირება.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპისთვის 9000–მდე აპლიკანტია დარეგისტრირერბული. რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ საბაზო განათლების მქონე პირებს, მათ, ვისაც 9 კლასი აქვს დამთავრებული. რაც შეეხება ასაკის ზედა ზღვარს, ამ მხრივ შეზღუდვა არ არის.

ტესტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ელექტრონული ფორმით ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 4 ოქტომბერს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდა.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის ვადები, ტესტირების ნიმუშები და პროგრამები

2017 წლის შემოდგომის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილების შესახებ მონაცემები

2016 წლის შემოდგომის მიღების ჩარიცხულ სტუდენტთა სტატისტიკური ინფორმაცია, რომელშიც ასახულია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიხედვით სტუდენტისთვის ჩასარიცხად საკმარისი მინიმალური ქულა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური