GE

პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდებიან

წვევამდელები, რომლებსაც საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოპოვებული აქვთ პროფესიული სტუდენტის სტატუსი, ვერ სარგებლობენ გაწვევის გადავადების უფლებით, რის გამოც, მათ სწავლის პერიოდში უწყდებათ ან უჩერდებათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი – ამ პრობლემის მოსაგვარებლად პარლამენტში უკვე შესულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდებიან.

განათლების კომიტეტის წევრის, დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ინიციატვით, ცვლილება უნდა შევიდეს ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლში, სადაც, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებასთან დაკავშირებული პუნქტი არ ვრცელდება პროფესიულ სტუდენტებზე.

ცვლილების ძირითად არსს წარმოადგენს ის, რომ წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ არის საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენლი წესით აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული პროფესიული სტუდენტის სტატუსი – სწავლის დამთავრებამდე, მხოლოდ ერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

კანონპროექტის ავტორის აზრით სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით, ეროვნულ გამოცდებში ჩაჭრილი პირები სასწავლებლად საზღვარგარეთ მიდიან, რაც ქვეყნიდან ფინანსური და ადამიანური რესურსების გადინებას უწყობს ხელს.

„საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ კოლეჯებს, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროფესიული სტუდენტები ვერ სარგებლობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით, რაც ხელს უშლის პროფესიული განათლების უმაღლესი განათლების სრულფასოვან ალტერნატივად განხილვის შესაძლებლობას. საქართველოს, ასევე უცხოეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები სარგებლობენ რა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების უფლებით, ეს დამატებით მოტივაციას უქმნის აბიტურიენტებს, ნაცვლად პროფესიული განათლებისა, მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარუმატებლობის შემთხვევაში, მოიპოვონ აკადემიური პროგრამის სტუდენტის სტატუსი უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. შედეგად, ვღებულობთ იმას, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად აღემატება პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობას, რაც თავის მხრივ, იწვევს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სათანადო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მქონე სამუშაო ძალის დეფიციტს. უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული აბიტურიენტების დიდი რაოდენობა ზრდის მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხოეთში გაწეული საგანმანათლებლო მომსახურეობის შესყიდვაზე, რაც იწვევს ქვეყნიდან ფინანსური რესურსების გადინებას. გასათვალისწინებელია, რომ ამ სახის სერვისებით უმეტესწილად სარგებლობენ პირები, რომლებმაც ვერ შეძლეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა, შესაბამისად, რეალურად საუბარი არაა უცხოეთში მაღალი ხარისხის სრულფასოვანი აკადემიური განათლების მიღებაზე“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემთხვევაში პროფესიული განათლება უმაღლესი განათლების სრულფასოვანი ალტერნატივა გახდება.

„გარდა ზემოაღნიშნულისა, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შეუძლებლობა, ხელს შეუშლის პროფესიულ განათლებაში დუალური სწავლების დანერგვას, ასევე პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხს, კონკრეტულად კი უცხოურ დაწესებულებებთან ერთად ერთობლივი ან გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, რაც პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონითაა გათვალისწინებული, რადგანაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართული ადგილობრივი ბიზნესისთვის ან უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ნაკლებად მომხიბვლელია სტუდენტის სამხედრო სამსახურში გაწვევით გამოწვეული მნიშვნელოვანი წყვეტა საგანმანათლებლო პროცესში. ვინაიდან, პროფესიული სტუდენტები ვერ სარგებლობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით, ეს ხელს უშლის პროფესიული განათლების უმაღლესი განათლების სრულფასოვან ალტერნატივად განხილვის შესაძლებლობას. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებას, მისცემს რა პროფესიულ სტუდენტს უფლებას, ერთი პროგრამის ფარგლებში ისარგებლოს სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ინიციატივას უკვე დადებითი შეფასება მისცეს პარლამენტის იურიდიულმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა. საკითხი პლენარულ სესიაზე განსახილველად ერთი თვის ვადაში გავა.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური