GE

პროფსასწავლებლებს ახალი ფუნქცია განესაზღვრებათ – მთავრობის მეთაურმა განათლების მინისტრს მიმართა

პროფესიული სასწავლებლები მთავრობის მიერ შექმნილი დასაქმების პრობლემის გადაჭრის პროგრამაში ჩაერთვებიან და ეს იქნება საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა.
ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომაზე სოციალური პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული სოციალურ პოლიტიკაში შემაშფოთებელი ტენდენციებია, რადგან ზრდასრული მოსახლეობა უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას არის შეგუებული. ამ სიტუაციის გამოსასწორებლად, პრემიერის აზრით, შრომას უნდა მიეჩვივნენ ჩვენი მოქალაქეები და ამისთვის სახელმწიფომ პირობები უნდა შეუქმნას. ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიმართა:

„ჩვენ შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ. ამ პროგრამის ფარგლებში ჩავრთავთ პროფესიულ სასწავლებლებს, ბატონო მიხეილ. მოხდება უამრავ სპეციალობაში მათი გადამზადება. რამდენიმეკვირიანი პროგრამები შეიძლება შევიმუშავოთ ერთობლივად, ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი და რეალურად შევცვლით ამ გაყინულ მდგომარეობას. ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ათასობით და ათი ათასობით“, – თქვა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით მთავრობაში შეიქმნება ვიცე პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით იმუშავებს და ევროპაში აპრობირებულ პროგრამას უკვე რამდენიმე კვირაში წარუდგენს საზოგადოებას.

ახალი პროგრამის ამოქმედება იანვრიდან არის დაგეგმილი.

ასევე იხილეთ:

პროფესიული განათლების ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური