GE

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია აპრილში დაიწყება – ასარჩევია 100-მდე პროფესია

განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინა წეროძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია აპრილის დასწყისში გამოცხადდება. მისივე თქმით, ქვეყანაში არის გარკვეულ პროფესიებზე მოთხოვნა, თუმცა  შესაბამისი კადრები არ არსებობს. ასევე არის ძალიან დიდი დისბალანსი უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობას შორის.

„უმუშევრობის და დასაქმების პრობლემატიკას რაც ეხება, არის რამდენიმე ასპექტი, ერთის  მხრივ არის დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო პირობები, რასაც სთავაზობენ დასაქმებულებს და მეორე მხრივ, ეს არის თავად დასაქმებულების კომპეტენცია და კვალიფიკაცია,  რამდენად შესაბამისობაშია მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთთან ჩვენს ქვეყანაში.  უნდა ვთქვათ, რომ საქართველო არ არის გამონაკლისი, რადგან თითქმის ყველა ქვეყანა ებრძვის იმ დისბალანსს, რომელიც მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებობს. ყოველთვის განათლების სფერო არის უფრო უკან, ვიდრე შრომის ბაზარი. შრომის ბაზარი უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე განათლების სფერო. არის რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევა, როცა განათლების სისტემა აწყობილია იმ მიმართულებით, რომ დამსაქმებელი ძალიან ინტენსიურადაა ჩართული, როგორც განათლების ფორმირების პროცესში, ასევე მისი მიწოდების პროცესში. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი იღებს და ინაწილებს იმ პასუხისმგებლობას რომელიც ეხება მოქალაქეების კომპეტენციებს.

საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რომ პროფესიული განათლება არ არის პოპულარული. აპლიკანტების განცახდებების მიხედვით, ცხადია, რომ ჩვენთან უმაღლესი განათლება უფრო მოთხოვნადია, თუმცა თუ გადავხედავთ შრომის ბაზარს,  სწორედ პროფესიული განათლებაა მოთხოვნადი. ე.წ. ლურჯსაყელოიანი სამუშაო ძალა არის მოთხოვნადი ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც სხვა ქყვეყნებში. ეს ტენდენციები არის მნიშვნელოვანი, რომ მივიტანოთ მოსახლეობამდე, იმიტომ რომ ერთი სეგმენტია ახალგაზრდები, მეორე – ზრდასრულები. ახალგაზრდები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ სტერეოტიპების მიხედვით, უმაღლეს განათლებაში ჩარიცხული 27 ათასი ადამიანი და 11 ათასი -პროფესიულ პროგრამებზე, ვხედავთ, რომ აქ უკვე არის ძალიან დიდი რაოდენობრივი დისბალანსი“, – განაცხადა ირინა წეროძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში.

მისივე თქმით, განხორციელდა ინვესტიციები სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, რის შედეგადაც, პროფესიული განათლება ქვეყნის ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი.

„პროფესიული განათლების პოპულარიზაცია არის ნომერ პირველი ამოცანა, დღეს ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ პროფესიული განათლება უფასოდ, 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით. წელს უკვე დავიწყებთ კერძო პროფესიული სასწავლებლების დაფინანსებას. არის 100-მდე პროფესია, რომელიც მსურველს შეუძლია ამოირჩიოს. ადამიანს შეუძლია თავის საცხოვრებელი ადგილის  მიტოვების გარეშეც დაეუფლოს პროფესიას, რადგან ყველა რეგიონშია სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელი. მას შეუძლია საერთო საცხოვრებლითაც ისარგებლოს. დიდი ინვესტიციები განხორციელდა, მოხდა ყველა პროფესიული სასწავლებლის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება, გადაიხედა ყველა პროგრამა, რომლის უნიკალურობაც იმაში მდგომარეობს, რომ თავად დამსაქმებელი იყო ჩართული  პროგრამის შემუშავების პროცესში. გვაქვს დუალური პროგრამები, სადაც განათლების მიწოდების პროცესში ჩართულია დამსაქმებელი. აპრილის პირველ ორ კვირას ჩვენ გამოვაცხადებთ რეგისტრაციას პროფესიულ სასწავლებლებში, მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ადგილებზე, ან ონლაინ და შემდეგ უნდა გაიარონ ძალიან მარტივი ტესტირება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულების 60 % არის დასაქმებული“, – განმარტავს ირინა წეროძე.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური