GE

ქალთა უფლებების დაცვის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, კსუ-ში შეხვედრა გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარისა და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარის (თემქა) – თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, ქალთა უფლებების დაცვის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაში დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ, თამარ ტალიაშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში – სოფო ჯაფარიძე, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში – სოფო კილაძე, თბილისის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე – მარიკა დარჩია, პოეტი – ნინია სადღობელაშვილი, რეჟისორი – ნინო ლაპიაშვილი, სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი – ნინო ოძელაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს ქალების სხვადასხვა სოციალურ როლზე: ქალი როგორც დედა, ქალი როგორც მეუღლე, თანამშრომელი, პროფესიონალი, ქალი როგორც სამი მთავარი საუნჯის – ენა, მამული, სარწმუნოება – ღირსეული დამცველი და ქალებს ერთმანეთის სოლიდარობისაკენ, გაძლიერებისა და ხელშეწყობისაკენ მოუწოდეს.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, თანასწორობისა და წარმომადგენლობით ორგანოში სავალდებულო კვოტირების შემოღების საკითხებზეც.

,,სამყარო არის ქალების მხარეს! რადგან სწორედ ქალია სიცოცხლის საწყისი“ და ,,ძლიერი ქალი ბუნებრივად გულისხმობს გვერდით ძლიერ მამაკაცს და პირიქით“ – ეს ერთ-ერთი ძირითადი მესიჯები იყო, რაც შეხვედრაზე გამომსვლელებმა გააჟღერეს.

დამსწრე საზოგადოების წინაშე, კსუ-ს მხრიდან, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი – ნინო ჭალაგანიძე წარსდგა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და საინტერესო ახალი იდეა გააჟღერა. მისი თქმით, მომავალში ქალთა საკითხების შესახებ, შესაძლებელია სპეციალური საკონკურსო პროგრამის შემუშავებაც, რომელშიც ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას და ქალთა თემატიკის ირგვლივ, სხვადასხვა ტიპის ნამუშევრებს მოამზადებენ. ნინო ჭალაგანიძემ, ამ კუთხით, მულტიმედია ცენტრის გამოცდილებაზე ისაუბრა და კსუ-ის ბაზაზე მომზადებული სტუდენტური ფილმი – ,,საფრაჯისტები“ გამოყო.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა იმ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, 1991 წლიდან აღინიშნება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური