GE

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების შედეგები აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიდება

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების შედეგები აგვისტოს პირველ რიცხვებში გამოცხადდება.

ამის შესახებ Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ყველაზე დიდი დრო სწორედ ქართული ენის გამოცდის შედეგების გასწორებას სჭირდება და ყველაზე დიდი სამუშაოს შესრულება ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო კომისიის წევრებს მოუწევთ.

“ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ხვალ დასრულდება, ზეგიდან კი საგამოცდო კომისია უკვე დაიწყებს ნამუშევრების გასწორების პროცესს. ამ ჯგუფს ყველაზე დიდი სამუშაო აქვს, ვინაიდან მათ უნდა შეასწორონ პედაგოგების ნაშრომებიც და მოგეხსენებათ, რომ ლიტერატურა არჩევითი საგანია და ისიც ამ კომისიამ უნდა შეასწოროს. ამის გათვალისწინებით, პირველი შედეგები აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიდება. რის შემდეგაც აპელაციის პროცესი დაიწყება”,-განუცხადა Aris.ge-განათლებას მაია მიმინოშვილმა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სპეციალურ სარეზერვო ჯგუფებზეც ისაუბრა, რომელიც საგამოცდო ცენტრებშია გახსნილი და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მქონე აბიტურიენტებისთვის არის გათვალისწინებული.

“მართალია, მცირედი, მაგრამ აბიტურიენტების ისეთი ჯგუფი, რომლებსაც სპეციალური გარემოს შექმნა სჭირდება ნამდვილად გვყავს. ესენი არიან, მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვები, რომლებსაც გამოცდის ჩაბარება ბრაილის შრიფტით ან სპეციალური კომპიუტერული პროგრამით შეუძლიათ. გვყავს ასევე სმენადაქვეითებული, დიაბეტით დაავადებული და სხვადასხვა მოტეხილობების მქონე აბიტურიენტები. საბედნიეროდ, ჯერ არ არიან ინფექციური დაავადებების მატარებელი აბიტურიენტები, თუმცა მათთვის სარეზერვო სექტორები ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილია”,- განუცხადა Aris.ge-განათლებას მაია მიმინოშვილმა.

რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის დღის შეჯამებას, როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დღეს გამოცდაზე 16573 აბიტურიენტი გავიდა. არგამოცხადებულთა პროცენტული მაჩვენებელი კი 3%-ს არ აღემატება. დაგვიანებით კი მხოლოდ სამმა აბიტურიენტმა დაიგვიანა.

შეგახსენებთ, 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად სულ 36 ათასამდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული, მათ შორის 13 მსჯავრდებული და 130 უცხო ქვეყნის მოქალაქე.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური